Logo

The Problem of the Effectiveness of Measures Implemented in the Present-Day Georgia to Preserve the Forest Diversity as an Element of Global Ecological Importance for the Environment

Temur Moniava / თემურ მონიავა

Doctoral Student of Georgian Technical University, Faculty of Transportation and Mechanical Engineering / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დოქტორანტი

Abstract

In the work shows that it took humanity a considerable time to realize that the predatory exploitation of forest vegetation is beyond the scope of its interests, since it found it hard to admit the fact that throughmerciless exploitation ofthe forest resources it borrowed the ‘environmental capital’ from the future generation.

The author explains the society’s indifference by a number of subjective and objective factors, highlighting the most important one among them, namely that defining the criteria for accurate estimation of the ecological damage caused to the environment, as well as selecting an effective legal form of compensation therefor, has always been a hard task, especially if the matter concerns the damage incurred in the cases of forest exploitation permitted by law.

Keywords: Ecology and threats of damage, legal forms of damage assessment. / ეკოლოგია და ზიანის საფრთხეები, ზიანის შეფასების სამართლებრივი ფორმები.

Introduction

ტყის, როგორც გარემოს გლობალური ეკოლოგიური მნიშვნელობის ელემენტის მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად განხორციელებული ღონისძიებების ეფექტურობის პრობლემა თანამედროვე საქართველოში

ანოტაცია

ნაშრომში, ნაჩვენებია, რომ კაცობრიობას დიდი დრო დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ტყის მცენარეული საფარის მტაცებლური ექსპლუატაცია მის ინტერესებში არ შედიოდა, რადგან გაუჭირდა იმის აღიარება, რომ ტყის დაუნდობელი ექსპლუატაციით იგი მომავალ თაობას დაესესხა ,,ეკოლოგიურ კაპიტალს“. საზოგადოების ამგვარი იდენფერენტულობა კი ავტორმა ახსნა არაერთი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორით, თუმცა, მათ შორის გამოყო უმთავრესი, კერძოდ ის, რომ როგორც წესი, ძალიან ჭირდა და დღემდე ასეა, გარემოსათვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანის ოდენობის ზუსტი შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა ასევე, მისი ანაზღაურების ეფექტური სამართლებრივი ფორმის შერჩევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზიანის მიყენებას აქვს ადგილი ტყის ექსპლუატაციის კანონით ნებადართულ შემთხვევებში.

შესავალი

ტყის მცენარეული მრავალფეროვნების გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის არსებობა. თუმცა, მცენარეული საფარის დაცვაზე ზრუნვა, სხვადასხვა ეპოქის თუ მთელი რიგი სხვა გარემოებების გათვალისწინებით არასოდეს ყოფილა მისი ექსპლუატაციის მასშტაბების ექვივალენტური.

თანამედროვე პირობებში მსოფლიო თანამეგობრობამ გარკვეულწილად თავი დააღწია ამ მდგომარეობას და ცალკეულ ქვეყნებში გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები მდგომარეობის გამოსასწორებლად. მეტიც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო ძალისხმევით შეიქმნა არაერთი ორგანიზაცია და მიღებულ იქნა მთელი რიგი სამართლებრივი აქტები გარემოს და შესაბამისად ტყის დაცვის მიმართულებით. თუმცა, ისინი დიდ არეალს უტოვებენ ეროვნულ სახელმწიფოებს, რომ საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღონ მათთვის სასურველი კანონები.

აღნიშნული გარემოებით ისარგებლა არაერთმა ქვეყანამ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ გვერდზე უნდა გადადონ გარემოსდაცვითი მცდელობები და უპირატესობა მიანიჭონ ეკონომიკურ განვითარებას. მათ შორის გარკვეულწილად მოიაზრება საქართველოც, რადგან ტყის, როგორც გარემოს გლობალური ეკოლოგიური მნიშვნელობის მრავალფრეროვნების შესანარჩუნებლად განხორციელებული ღონისძიებები, ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს.

შესაბამისად, ნაშრომში წარმოდგენილია იმ პრობლემათა ანალიზი, რაც ხელს უშლის ტყის მცენარეული მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად განხორციელებული ღონისძიებების ეფექტურობას თანამედროვე საქართველოში.

საქართველოს ტყეები მიეკუთვნება რთულ ბუნებრივ ბიოლოგიურ ობიექტთა რიცხვს, რომელთა ჯამური ფართობი მსოფლიო მასშტაბით შეადგენს დედამიწაზე ხმელეთის ხვედრითი წილის 28%-ს, ანუ დაახლოებით 4 მილიარდ ჰექტარს და მასზე განლაგებულია დაახლოებით 336 მილიარდი კუბური მეტრი ხე-ტყის ნედლეულის მარაგი.

საქართველოში არსებული ტყეები თავის მხრივ გაერთიანებულია საქართველოს ერთიან ტყის ფონდში, მასში შემავალი ტყეების მესაკუთრე კი შეიძლება იყოს სახელმწიფო, საპატრიარქო, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი (იხ. საქართველოს ტყის კოდექსის 9.1 მუხლი).

თუმცა, ის გარემოება, რომ კანონით დაშვებულია ტყეზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების არსებობა სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მათი უფლებები ამ მიმართებით საკუთრებაზე შეუზღუდავია, რადგან საქართველოს ტყის კოდექსის 10.1 მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად მესაკუთრეებს ევალებათ, რომ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მათ საკუთრებაში არსებული ტყით. ასევე, მათვე ევალებათ, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთონ მათ საკუთრებაში არსებული ტყის ან მისი ნაწილის უკანონო მფლობელობა ან გამოყენება, ხოლო ზიანის მიყენების შემთხვევაში მოითხოვონ მისი ანაზღაურება (იხ. საქართველოს ტყის კოდექსის 10.1 მუხლის ბ) ქვეპუნქტი).

ზემოთქმული ადასტურებს, რომ სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში ტყის განსაკუთრებული დანიშნულებიდან გამომდინარე (იხ. საქართველოს ტყის კოდექსის პრეამბულა) საქართველომ თავის თავზე აიღო საკუთრების ფორმის მიუხედავად, საქართველოს ტყის ფონდის და მისი რესურსების მოვლასთან, დაცვასთან, აღდგენასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთოების მოწესრიგება (იხ. საქართველოს ტყის კოდექსის 1-ლი მუხლი).

ქართული სახელმწიფოს მიზანი მოცემულ შემთხვევაში ,,მდგრადი განვითარების სატყეო პრინციპების შესახებ’’ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის დეკლარაციიისა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების რეალიზაციის სურვილითაა ნაკარნახები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტყის რესურსების მეცნიერულად დასაბუთებული შესაძლებლობების საფუძველზე მათი მიზნობრივი, კომპლექსური და რაციონალური გამოყენებით საქართველოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და კილტურული მოთხოვნების დაკმაყოფილება (იხ. საქართველოს ტყის კოდექსის მე-4 მუხლი და ამავე კოდექსის მე-3 მუხლის ე) ქვეპუნქტი).

აღნიშნული ცხადყოფს, რომ ქვეყანა ერთგვარად აგრძელებს საქართველოში ტყის ექსპლუატაციის (ანუ მისი რესურსების მიზნობრივად გამოყენების) თაობაზე უხსოვარი დროიდან არსებულ ტრადიციას, რადგან მეცნიერულად დადასტურებულია და ეჭვს არ იწვევს, რომ გარდა პირადი საჭიროებისა ჩვენი წინაპრები ტყის მცენარეულ საფარს, რომელიც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის (1918-1921 წლები) მოპოვებამდე ძირითადად კერძო პირთა საკუთრებას წარმოადგენდა, იყენებდნენ სამრეწველო მიზნებისთვის.

ამავდროულად, განსაკუთრებით ეს ითქმის საქართველოს ძლიერების პერიოდზე, ქართული სახელწიფო ცდილობდა კონტროლქვეშ მოექცია ტყის მცენარეული სიკეთის მოხმარება და არ დაეშვა მისი უყაირათოდ ექსპლუატაცია, რასაც თუნდაც დღემდე შემორჩენილი ის ლეგენდაც ადასტურებს, რომლითაც თამარ მეფეს (XII საუკუნე) უარით გაუსტუმრებია წითელი ხის მთხოვნელი უცხოელი, რის გამოც ამ ხეს დღემდე ჰქვია ,,უთხოვარი“[1]. მცენარეული საფარის (და შესაბამისად ტყის), როგორც მაღალი სოციალური დანიშნულების მქონე სიკეთის, დაცვის აუცილებლობაზე ყურადღებას ამახვილებდა საქართველოს სინამდვილეში სხვა არაერთი ხელისუფალიც.[2] ისევე, როგორც ტყის მცენარეული საფარის დაცვის საქმეში დიდია რელიგიის როლი. ამის თვალსაჩინო მაგალითს კი წარმოადგენს ის, რომ ქრისტიანობამდე საქართველოში თაყვანს სცემდნენ არა მხოლოდ ცალკეულ ღმერთებს, არამედ გამორჩეული მერქნის მქონე ხეებსაც, მაგ. მუხას, ცაცხვს, უთხოვარს და აშ., შედეგად კი გაჩნდა წმინდა ხეები და მათ ირგვლივ არსებული ხელუხლებელი ტყეები, რომელთაც არავინ ჭრიდა, მეტიც, ქარის მიერ წაქცეულსაც კი არავინ ეკარებოდა.

ქრისტიანობის შემოღების შემდეგ მართალია აიკრძალა წმინდა ხეებისადმი, როგორც კერპებისადმი თაყვანისცემა, მაგრამ მოსახლეობა მათთდამი მოწიწებას მეხსირებაში ინახავდა და თანდათანობით წმინდა ტყეები იქცა ე.წ. ,,ხატის ტყეებად,“ რომლებიც ეკლესია-მონასტრების საკუთრებას წარმოადგენდა და მათში ხის მოჭრასაც კი, ვინაიდან ტაბუ ჰქონდა დადებული ისინი იქცნენ თავისებურ პირველ მინინაკრძალებად[3].

ამდენად, თუნდაც ,,ხატის ტყის“ არსებობა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ადამიანმა ისწავლა ტყის მცენარეული საფარისგან მიღებული სიკეთეებით სარგებლობა, და, ვინაიდან იცოდა, რომ მის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებდა, ზრუნავდა კიდეც მის აღდგენა-შენარჩუნებაზე, რადგან, მოცემულ შემთხვევაში ,,ხატის ტყის“ ხელშეუხებლობა განიხილებოდა ტაბუდ[4]. რაც გულისხმობდა იმას, რომ ამ სახის ტყის დასაცავად გამოიყენებოდა არა ჩვეულებრივი სამართლის ნორმა არამედ ადამიანის შეგნებაში ღრმად ფესვგადგმული რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ეკლესიისათვის გამოყოფილი ტყე საღვთო და ხელშეუხებელია.

თუმცა, ისიც უდავოა, რომ კაცობრიობის ეკონომიკურმა განვითარებამ და თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფმა ზრდამ გააძლიერა ანტროპოგენური ზემოქმედება გარემოზე, ანუ სხვა სიკეთის მისაღებად ადამიანი ივიწყებს იმ სიკეთეს რაც მისთვის ტყის მცენარეულ საფარს მოაქვს და აღნიშნულის შედეგია ის, რომ განხორციელებულმა ინტენსიურმა და ხშირ შემთხვევაში არარაციონალურმა საქმიანობამ გაანადგურა ტყის მცენარეული საფარი დიდ ფართობებზე, ხოლო ბევრი სახეობა საერთოდაც გაქრა.

ანალოგიური ვითარება შეიქმნა საქართველოშიც, კერძოდ კოსმიურ-ეკოლოგიურ-ეკონომიკურად დაბალანსებული მდგრადი გარემოს ფორმირებისა და შენარჩუნების საქმეში ტყეების ფასდაუდებელი მნიშვნელობის მიუხედავად, არათუ შორეულ წარსულში, არამედ XXI საუკუნის პირველ ათწლეულშიც კი საქართველოში ტყეებზე ზრუნვა ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს, რადგან მერქნის საშუალო წლიური შემატება 1 ჰა ფართობზე (ანუ ტყის პროდუქტიულობა) 2 კბმ-საც ვერ აღწევს, რითაც საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს.

აღნიშნულის მიზეზი მრავალია, მაგრამ განსაკუთრებით უნდა ითქვას იმის თაობაზე, რომ არაეფექტური გამოდგა 2004 წლიდან დარგში გატარებული ე.წ. ,,რეფორმები“, რომლებმაც ნაცვლად აღორძინებისა და განვითარებისა, ტყის განადგურებას შეუწყო ხელი, რადგან ადგილებზე გაუქმდა წარმატებით ფუნქციონირებადი სატყეო მეურნეობები. დიდი შეცდომა იყო, ასევე დარგიდან პროფესიონალების (მეტყევე-სპეციალისტების) განდევნა, სამთო მეტყევეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტისა და ,,საქტყეპროექტის“ გაუქმება.

ისევე, როგორც არაეფექტური გამოდგა ტყის რესურსების (ტყეკაფების) არაპროფესიონალ ლიცენზიანტებზე, თანაც გრძელვადიანი გადაცემის პრაქტიკის შემოღება, რადგან მან ხელი შეუწყო მინიმალური დანახარჯებით რაც შეიძლება მეტი მაღალხარისხოვანი მერქნის ამოქაჩვას ტყეებიდან, ხოლო ამ მავნე პრაქტიკის გადაფარვის მიზნით პარლამენტის მიერ მიღებულმა არაერთმა მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაამძიმა დარგში არსებული მდგომარეობა, ვინაიდან მაგალითისთვის ლიცენზიანტს ნება დაერთო მოეჭრა ხე-ტყე სადაც უნდოდა და როგორც სურდა იმდენი ოდენობით ოღონდაც კი გადაეხადა რესურსის ღირებულება.

მოგვიანებით, მწვანეთა პარტიის ძალისხმევით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, მართალია ანტიკონსტიტუციურად ცნო ეს გადაწყვეტილებები, მაგრამ განადგურებულ ტყის მასივების ხელახლა აღდგენას დიდძალი შრომა და არაერთი წელი სჭირდება[5].

ყოველივე ამით კიდევ ერთხელ დაზარალდა საზოგადოება, რომელიც ტყის და ზოგადად მცენარეული საფარის ექსპლუატაციისადმი მტაცებლური დამოკიდებულების გამო განიცდის, როგორც ხილულ, ანუ ლეგალურ ისე ფარულ დანახარჯს/ზარალს, რადგან ჯერ ერთი ფუჭია ადამიანის ყოველგვარი კეთილდღეობა, თუ მას ჯანსაღ გარემოში ცხოვრების საშუალება არა აქვს[6] და მეორეც ეკონომიკურ საქმიანობაში (მაგ. სილიკო მანგანუმის წარმოება და ამ პროდუქციით ვაჭრობა, დარიშხანის მოპოვება და აშ), ვინაიდან საზოგადოების ცალკეული წევრები მონაწილეობდნენ და არა მთელი საზოგადოება, ვერ ღებულობს სათანადო სარგებელს.

აღნიშნული კი განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა მას შემდეგ რაც საზოგადოებამ დაამსხვრია მცირერიცხოვან ექსპლოატატორთა ერთპიროვნულ ბატონობაზე დაფუძნებული კერძო საკუთრების მარწუხები და საზოგადოებრივი საკუთრების ახალ მოდელს ჩაუყარა საფუძველი.

თუმცა, კაცობრიობას მაინც დიდი დრო დასჭირდა ჯერ იმის გასააზრებლად, რომ არსებული ვითარება მის ინტერესებში არ შედიოდა და შემდეგ საკუთარი თავის იმაში დასარწმუნებლადაც, რომ მეტი ძალისხმევა მიემართა შესაბამისი ეკოსისტემური სერვისების, ბიომრავალფეროვნების ღირებულების და ტყის მცენარეული საფარის ექსპლუატაციით საზოგადოებისათვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანის ეკონომიკურ-სამართლებრივი შეფასების ფორმების და მის საკომპენსაციოდ ეფექტური მექანიზმების შესაქმნელად.

ანუ, კაცობრიობას გაუჭირდა იმის აღიარება, რომ ტყის დაუნდობელი ექსპლუატაციით იგი მომავალ თაობას დაესესხა ,,ეკოლოგიურ კაპიტალს“[7]. საზოგადოების ამგვარი იდენფერენტულობა, თავის მხრივ აიხსნება არაერთი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორით, თუმცა, მათ შორის უმთავრესია ისაა, რომ როგორც წესი, ძალიან ჭირდა და დღემდე ასეა, გარემოსთვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანის ოდენობის ზუსტი შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა ასევე, მისი ანაზღაურების ეფექტური სამართლებრივი ფორმის შერჩევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზიანის მიყენებას აქვს ადგილი ტყის ექსპლუატაციის კანონით ნებადართულ შემთხვევებში.

დასკვნა.

ტყის, როგორც გარემოს გლობალური ეკოლოგიური მნიშვნელობის ელემენტის მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად განხორციელებული ღონისძიებების არაეფერქტურობას ძირითადად განაპირობებს: ტყის მცენარეული საფარის არნახული ოდენობით ჭრა ურბანული პროექტების განსახორციელებლად; ტყის სფეროში დასაქმებულ პროფესიონალთა გაუმართლებელი სიტემატიური ცვლა, რასაც ადგილი ჰქინდა არცთუ შორეულ წარსულში; მათთვის სამოქმედო არეალის დაუსაბუთებელი გაზრდა; თანამედროვე მენეჯმენტის მიღწევების არასათანადოდ გამოყენება; ტყის დაცვის სფეროში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობაზე უარის თქმა; მსოფლიოს ყველა კუთხეში, მათ შორის საქართველოშიც, ტყის მცენარეული საფარის განადგურება მასშტაბური ხანძრების გამო და განადგურებულის არასათანადოდ აღდგენა. ასევე ის, რომ როგორც თეორიაში ისე სასამართლო პრაქტიკითაც ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი თუ რა სახის სამართლებრივი ფორმა (მატერიალური თუ ნატურალური) უნდა იყოს პრიორიტეტული ტყის მცენარეული მრავალფეროვნების შენარჩუნებლად. თუმცა, ფორმალურად მოქმედი კანონმდებლობა აღიარებს ტყის რესტიტუციას, ანუ დაზიანების მიყენებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას.

გამოყენებული ლიტერატურა

1.,,გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენცია.

2.,,მდგრადი განვითარების სატყეო პრინციპების შესახებ“ გაეროს 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის დეკლარაცია.

3.გოცირიძე ლ., ,,დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბების მსოფლიო-ისტორიული პროცესი და საქართველოს რეალობა’’ (ბორჯომ-ხარაგაულის პარკის მაგალითზე). ჟურნ. ,,სატყეო მოამბე“. დეკემბერი, 2015 წელი, #10, გვ. 29.

  1. Schroder H., ,,Tabuforschund als Aufgame interkultultureller Germanisti, Iahrbuch Deutsch als Fremdsprache, Bd.21 (1995).
  2. გვაზავა თ., ,,საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინებისა და განვითარების კომპლექსური ღონისძიებები,“საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი ,,სატყეო მოამბე“, დეკემბერი, 2015 წელი, #10. გვ. 7-8.
  3. ბითაძე მ., ,,ადამიანის ეკოლოგიური უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების გავლენა ქართულ სამართალზე“. დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომი. თბილისი. 2008 წელი.
  4. Кудриашова Л. Н., Наше Общее Будущее. 1987, 200.

[1] გოცირიძე ლ, ,,დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბების მსოფლიო-ისტორიული პროცესი და საქართველოს რეალობა’’ (ბორჯომ-ხარაგაულის პარკის მაგალითზე). ჟურნალი ,,სატყეო მოამბე“. დეკემბერი, 2015 წელი, #10, გვ. 29.

[2] მონიავა პ(თ). შესავალი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილში. თბილისი. 2013 წელი. გვ. 32.

[3] გოცირიძე ლ., ზემოთ მითითებული ნაშრომი, გვ. 28.

[4] ტერმინი ,,ტაბუ“ არქაული ენიდან მომდინარეობს და დასაბამს იღებს ჯეიმს კუკის ხელმძღვანელობით წყნარი ოკეანის ჩრდილოეთით ჩატარებული ექსპედიციის დროს მოპოვებული მასალებიდან, საიდანაც ირკვევა, რომ პოლინეზიის კუნძულ ტონგაზე არსებობს გამოთქმა ,,Ta pu,” რაც გულისხმობს ,,არაჩვეულებრივს“, ,,საღვთოს,“ ,,მკაცრად გამოყოფილს და ხელშეუხებელს.“ (მაგ. იხ. Schroder H. ,,Tabuforschund als Aufgame interkultultureller Germanisti, Iahrbuch Deutsch als Fremdsprache, Bd.21 (1995), 15.)

[5] გვაზავა თ., ,,საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინებისა და განვითარების კომპლექსური ღონისძიებები,“საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი ,,სატყეო მოამბე“, დეკემბერი, 2015 წელი, #10. გვ. 7-8.

[6] ბითაძე მ. ,,ადამიანის ეკოლოგიური უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების გავლენა ქართულ სამართალზე“. დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომი. თბილისი. 2008 წელი. გვ. 10.

[7] Кудриашова Л. Н., Наше Общее Будущее. 1987, 204.

References

The New Economist, N1-2 (2020), Vol 15, Issue 1.

axali ekonomisti kda stamba saboloo-page-0011111111111.jpg
Published Date:

02/07/2020