Logo

The Role of Women’s Organizations in the Regulation of the Georgian-Abkhazian Conflict/ქალთა ორგანიზაციების როლი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის დარეგულირებაში

Photo
Ketevan Jojishvili / ქეთევან ჯოჯიშვილი

Doctoral student at Caucasus International University / კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი

Abstract

The dissolution of the Soviet Union led to a confrontation between society and the difficult reality. On the one hand, they tried to reconcile post-Soviet deep-seated transformations and on the other hand, aimed to consider the ethnic conflicts and geopolitical games. Most of the conflicts in the post-Soviet space are related to the revision of territorial boundaries and self-determination. Georgian – Abkhazian confrontation is one of the unresolved conflicts in the post – Soviet space, which is by its very nature the most difficult problem and also a reflection of the current events and geopolitical controversies in the world.

Approaches and ways of the resolving the conflict by the state and other institution have been transformed according to the situation, but have not been consistent. Thus, we are discussing efforts by women’s organization to resolve the conflict, which makes it possible to limit the escalation of the conflict, since there are different visions and skills.

ანოტაცია

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილმა სიტუაციამ, საზოგადოება რთულ რეალობას დააპირისპირა. ადამიანები, ლიდერები ცდილობდნენ როგორც პოსტსაბჭოთა სიღრმისეულ ტრანსფორმაციასთან შეთვისებას, ასევე თვალის გასწორებას ეთნიკური კონფლიქტებისა და გეოპოლიტიკური თამაშებისათვის. პოსტსაბჭოთა სივრცეში განვითარებული კონფლიქტების უმრავლესობა ტერიტორიული საზღვრების გადახედვასა და თვითგამორკვევასთან არის დაკავშირებული. პოსტსაბჭოთა პერიოდის გადაუჭრელ კონფლიქტებს მიეკუთვნება ქართულ-აფხაზური დაპირისპირება, რომელიც თავისი არსით ურთულეს პრობლემას წარმოადგენს და ერთდროულად, მსოფლიოში განვითარებული მოვლენებისა და გეოპოლიტიკური დაპირისპირების ანარეკლია.

სახელმწიფოსა და სხვა ინსტიტუტების მიერ კონფლიქტის დარეგულირების მიდგომები და გზები სიტუაციის შესაბამისად ტრანსფორმირდებოდა, მაგრამ თანმიმდევრულ ხასიათს არ ატარებდა. ამრიგად, კონფლიქტის მოგვარების მცდელობას განვიხილავთ ქალთა ორგანიზაციების პრიზმიდან, რაც კონფლიქტის ესკალაციის შეზღუდვის მეტ შესაძლებლობას იძლევა, რადგან მათ განსხვავებული და ერთობ სახასიათო უნარები გამოარჩევთ.

Keywords: woman, conflict, Abkhazia, organization/ქალი, კონფლიქტი, აფხაზეთი, ორგანიზაცია

Introduction

შესავალი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველო ვერ ასცდა კონფლიქტურ მოვლენებს, რომელთა ინსპირატორი ყოველთვის რუსეთი იყო [12, გვ.67]. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებები არ იყვნენ თანმიმდევრული კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში. დამოუკიდებელი საქართველოსა და მისი ხელისუფლებისათვის ერთ-ერთ ურთულეს გამოწვევად და გადაუჭრელ პრობლემად რჩება ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. მის დარეგულირებას პოლიტიკური ნება და არსებულ პრობლემათა მოგვარების განსხვავებული მიდგომები, ახალი ვექტორების დასახვა სჭირდება, რომელიც ერთდროულად აქცენტირებული იქნება ქართულ და აფხაზურ საზოგადოებაზე [12, გვ.5].

რეალობაა, რომ აქტიური პოლიტიკური პროცესები და კონფლიქტის გადაჭრის გზა ახლო პერსპექტივა არაა. თუმცა, ყოველთვის არსებობდა და არსებობს სახალხო დიპლომატიის შესაძლებლობა, რომელიც კონფლიქტამდე არსებული ნათესაური და პიროვნული ურთიერთობების შენარჩუნების, ერთიანი სოციალური ხედვების შემუშავებისა და ამ გზით ორივე საზოგადოებისთვის უწყვეტი ურთიერთობის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა. ქართულ-აფხაზურმა კონფლიქტმა ქართულ-აფხაზურ ომამდე მიგვიყვანა და დღემდე ურთიერთობის ერთ-ერთი შესაძლებლობა არის ქალთა ორგანიზაციების საქმიანობა და აქტივობა [11, გვ.28].

კვლევის მეთოდოლოგია

წარმოდგენილი კვლევის მიზანია, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ქალთა ორგანიზაციების მიერ შეტანილი წვლილის დადგენა, ხოლო კვლევის ამოცანაა გავაანალიზოთ კონფლიქტსა და ქალთა ორგანიზაციებს შორის არსებული კავშირი და ის მიდგომები, რომელთა საშუალებითაც ხდება კონფლიქტის დარეგულირება და სოციალურ-ეკონომიური თანადგომა. ამასთან, შევისწავლით ქალთა ორგანიზაციების ხედვებს, მთავარ სტრატეგიასა და არსებულ მიდგომებს კონფლიქტებთან მიმართებაში. კვლევის განხორციელებისთვის გამოვიყენებთ თვისებრივ მეთოდს. კერძოდ, დოკუმენტების ანალიზს. დოკუმენტების ანალიზის ფარგლებში შევისწავლით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ არსებულ საარქივო მასალებს, ნაშრომებსა და დოკუმენტებს.

ქალთა ორგანიზაციების თვალით დანახული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაჭრის გზები

ქართულ-აფხაზურმა კონფლიქტმა თავისი არსებობის მანძილზე სხვადასხვა ეტაპი გაიარა. არსებული კონფლიქტის დაწყებიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე სამოქალაქო და სოციალურ საკითხებზე უფრო მეტად იყო შესაძლებელი ურთიერთობების დამყარება[7, გვ.6]. აქედან გამომდინარე, ქალთა ორგანიზაციები ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ მშვიდობის დამყარებისთვის და სახალხო დიპლომატიის გზით მოეხერხებინათ ნდობისა და ძველი ურთიერთობების აღდგენა-განმტკიცება.

ქალთა ორგანიზაციებმა გარკვეული როლი შეასრულეს პოსტკონფლიქტური სიტუაციის ნეგატიური პროცესების დაძლევასა და ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის მხარდაჭერაში [6, გვ.2]. გარდა ამისა, ისინი მეტ-ნაკლებად ორიენტირებულნი არიან შემდეგ კონცეფციებზე:

  • ქართულ-აფხაზური კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და ლეგიტიმაციის ხელშეწყობა, რაც განაპირობებს სახელისუფლებო სტრუქტურებისა და დაპირისპირებული მხარეების მიერ პრობლემის აღიარებასა და მისი მოგვარების აუცილებლობის შეცნობას [5, გვ.138].
  • კონფლიქტის ინსტიტუციონალიზაციის პროცესის განხორციელება ანუ გარკვეული ნორმებისა და რეგლამენტის შემუშავება, რაც უზრუნველყოფს მხარეთა ცივილიზებულ ქცევას [4, გვ.17].
  • სახალხო დიპლომატიით კონფლიქტამდე არსებული ურთიერთობების შენარჩუნება.
  • საქართველოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე სოციალური პრობლემების მოგვარება.
  • არსებული ურთიერთობების ფარგლებში აფხაზეთში მცხოვრებთა ჯანდაცვის პროგრამებში ჩართულობა და ხელშეწყობა.
  • მედია საშუალებებით ობიექტური ინფორმირებულობა ყოფით და სოციალურ საკითხებზე.
  • დღევანდელ ვითარებაში ონ-ლაინ კავშირების დამყარება, რომელიც უწყვეტ ურთიერთობებს განავითარებს. იმ ვითარებაში, რომელშიც მსოფლიო Covid19-ის გამო აღმოჩნდა, აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის კუთხით პრობლემების იდენტიფიცირება და გაუარესებული სოციალური მდგომარეობის პირობებში სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობა.
  • სამომავლოდ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატში ქალთა რაოდენობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის დარეგულირებასა და გადაწყვეტილების მიღებას ნაკლებად ემოციურ ფონზე.
  • სამომავლო ურთიერთობებში ქალი ლიდერების (რეგიონის კულტურული თავისებურებებიდან და სოციალური როლიდან გამომდინარე) მომზადება დიალოგის პროცესის წარმართვისათვის, რაც მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობის დასაბამი გახდება.
  • საზოგადოების არსებული დემოკრატიული ღირებულებების ქმედებაში მოყვანა, რაც პოლიტიკური კულტურის ამაღლებით არის შესაძლებელი და განაპირობებს სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნას [8, გვ.142]. დემოკრატიული ღირებულებების მქონე სახელმწიფოს კი შეუძლია პრიორიტეტების გადაადგილება და გარკვეულ დათმობაზე წასვლა მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის. დემოკრატიული ხარისხის საზომად მოგვევლინება აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის კონფლიქტების მოგვარების მაჩვენებელი.

ქალთა ორგანიზაციების ციკლი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან მიმართებაში

ბოლო წლებში გაეროს მისიის ვადის გასვლამ, საერთაშორისო ოგანიზაციების მიერ აფხაზეთის ტერიტორიის დატოვებამ, სეპარატისტული ხელისუფლებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის ნეგატიურმა დამოკიდებულებამ განაპირობა არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენის სფეროების გარღვევა [3, გვ.10]. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 300-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ფიქსირდებოდა, დღეისათვის დონორისგან დაფინანსებული ორგანიზაციების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა [9, გვ.1]. თუმცა, მათ შორის არსებულმა ქალთა ორგანიზაციებმა გარკვეული როლი ითამაშეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში:

ლიდერობს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტის დარეგულირებისათვის გაწეული დახმარების მიხედვით სხვა ქალთა ორგანიზაციებს შორის გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ შემოღებული რეზოლუციები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ არ ატარებს სავალდებულო ხასიათს და არც იურიდიულ ძალას ფლობს, მაგრამ ის აქცენტირებულია კონფლიქტში და მის შემდგომ პერიოდში ქალთა უფლებების დაცვისკენ და მოლაპარაკებებში მათი აქტიური ჩართვისკენ [2, გვ.4].

გაეროს ქალთა ორგანიზაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდთან თანამშრომლობის საფუძველზე ცდილობდა ქალთა ეფექტურობის გაზრდას მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაში [10, გვ.2]. რადგან კავკასიური კონფლიქტების მოგვარება ძირითადად მამაკაცებისგანაა მონოპოლიზებული, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიზნების დღის წესრიგში იდგა ისეთი ლიდერი ქალების გადამზადება, რომლებიც მომავალში მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებდნენ.

ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია თანამშრომლობდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან, რათა ქალთა ორგანიზაციების საქმიანობა მეტად ორგანული და ნაყოფიერი გამხდარიყო. მათი ინიციატივითა და მხარდაჭერით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებსა და სამოქალაქო სექტორს შორის ინტენსიური შეხვედრები იმართებოდა. ისინი მიზანმიმართულად ცდილობდნენ ჟენევის ფორმატში მონაწილე ქართული შემადგენლობის გაზრდას ქალებით.

ასევე „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“, „ფონდი ტასოს“ და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ინიციატივით შეიქმნა პროექტი „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში“. პროექტი აქცენტირებული იყო კონფლიქტით დაზარალებული ქალების დახმარებასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრირებაზე.

„აფხაზ ქალთა ასოციაცია“ - მათი ინიციატივა იყო ჟენევის ფორმატში ქალთა გააქტიურება, რადგან ისინი სამომავლოდ უზრუნველყოფდნენ უსაფრთხო და სტაბილურ გარემოს [15, გვ.3].

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ – ალა გამახარიას ფონდმა „სოხუმმა“ კონფლიქტამდე არსებული ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით შეიმუშავა პროექტი, რომელიც კონფლიქტის მოგვარებაზე იყო მორგებული. პროექტი მიზნად ისახავდა: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოსაგვარებლად არსებული მიდგომების გააზრებას და ახალი სტრატეგიების დასახვას. პროექტის მთავარ რეკომენდაციას დროებითი შეთანხმებაზე დაზავება წარმოადგენდა. ალა გამახარიას ინიციატივა იყო პარლამენტში ქალთა რაოდენობის გაზრდაც, რაც გამოიწვევდა კონფლიქტის დესტაბილიზაციას [14, გვ.2].

კავკასიის ქალთა კვლევითი და საკონსულტაციო ქსელი - ეს ქსელი ემსახურება კონფლიქტების მოგვარებას. მისი წარმომადგენელია ნინო ციხისთავი-ხუციშვილი, რომელმაც შეადგინა დოკუმენტი „5 ნაბიჯი კონფლიქტების მოგვარებისკენ“. ამ დოკუმენტში განხილულია სახელმწიფო სამშვიდობო ფონდის შექმნის აუცილებლობა და სახელმწიფო ბიუჯეტში სპეციალური სახსრების ყოველწლიურად გამოყოფის საჭიროება სამშვიდობო პროგრამების უზრუნველსაყოფად.

დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ - იგი იცავს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირების უფლებებს შიდა და საერთაშორისო არენაზე. დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“ და გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „არბაითერ სამარიტერ ბუნდმა“ ერთობლივად შექმნეს პროექტი „დევნილი და მასპინძელი თემების გაძლიერება“.

გალის ქალთა კავშირი - წლების მანძილზე მრავალი ადგილობრივი მცხოვრები დაასაქმა და შესაბამისად, ბევრ ოჯახს გაუჩინა შემოსავლის წყარო. თუმცა, ბოლო წლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავლენა დაკარგეს, რაც მათ მიერ მხოლოდ საგანმანათლებლო ფუნქციის რეალიზაციაში გამოიხატა (უცხო ენის, ხელსაქმის, კომპიუტერის კურსები).

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქალები პოლიტიკაში“ შეიქმნა აფხაზეთში. მათი საქმიანობა მიზანმიმართულად ცდილობდა ქალების პოლიტიკაში ჩართვის გააქტიურებას, რაც მათი აზრით გარკვეულწილად ხელს შეუწყობდა აფხაზური პოლიტიკის დამოუკიდებლობას.

დასკვნა

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კავკასიაში გააქტიურდა ეთნიკური და პოლიტიკური დაპირისპირების კერები. მათ რიცხვს განეკუთვნება ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რომელიც დღემდე მოუგვარებელ და „გაყინულ“ დაპირისპირებად მოიაზრება. საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებულმა კონფლიქტებმა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა გამოიწვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ამან განსაზღვრა ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხი, გახანგრძლივა ადამიანების დევნილობაში ყოფნა,შექმნა უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პრობლემები. აქედან გამომდინარე, წლების მანძილზე არაერთი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობდა კონფლიქტის დარეგულირების ხელშეწყობას და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუმცა, მათი ქმედება არ იყო სრულყოფილად დამყარებული დემოკრატიულ ღირებულებებსა და ტოლერანტულ ცნობიერებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა ორგანიზაციებს კონფლიქტის მოგვარების განსხვავებული ხედვა გააჩნიათ, მათი მცდელობა ძირითადად, იდეების და პროექტების დონეზე რჩება და მხოლოდ მინიმალურ სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვის პროგრამებში ჩართვაზე ფოკუსირდება. თუმცა, ქალთა ორგანიზაციები აქცენტირებულნი არიან ქალთა გადასამზადებელ ღონისძიებებზე, რაც სამომავლოდ ემოციური ფონის გარდასახვას და მშვიდობიანი ურთიერთობების განახლებას გვპირდება.

References

  1. arti r., jervisi r., saerTaSoriso politika, ilias saxelmwifo universitetis gamomcemloba, Tb., 2011, gv.448
  2. bastiki m., toresi d., saxelmZRvanelo qalebis, mSvidobisa da usafrTxoebis Sesaxeb rezoluciebis ganxorcieleba usafrTxoebis seqtoris reformis procesSi, Geneva centre for the democratic control of armed forces, Tb., 2010, gv.4
  3. izoria l., afxazuri separatistuli moZraoba (1945-1993ww.), Tb., 2015, gv.10
  4. kiknaZe T., eTnopolitikuri konfliqtebi da maTi gadaWris perspeqtivebi, Jur. “politologosi”, Tb., 2019, gv. 17.
  5. malaSxia S., konfliqtebis anatomia, gamomcemloba stamba “forma”, Tb., 2011, gv.138
  6. saxalxo samSvidobo procesis perspeqtivebi: qarTul-afxazuri konfliqti, safeworld, Tb., 2012, gv.2
  7. surgulaZe b., saqarTvelos teritoriuli mTlianobis aRdgenis sakiTxi 2008, 2012-2016 wlebis partiaTa programebSi, universitetis aklia teqsti, weli, gamomcemloba, gverdi
  8. xundaZe c., qarTuli politikuri kulturis ZiriTadi maxasiaTeblebi, universitetis gamomcemloba, Tb., 2016, gv.142
  9. http://abkhazia.gov.ge/uploads/analytic/15543620961220308777.pdf - ukanasknelad gadamowmda06.30.2020
  10. https://georgia.unwomen.org/ka/digital-library/publications/2020/12/women-peace-and-security -ukanasknelad gadamowmda - 05.10.2020
  11. Lapidus, Gail. Women in Soviet Society Equality, Development, and Social Change. University of California Press, Berkeley, 1978, p.28
  12. Lee, Stephen. Stalin and the Soviet Union. Routledge, London, 1999, p.67.
  13. Findings of Sociological Surveys, Prospects of Conflict Resolution in the South Caucasus, Friedrich Ebert Foundation, Tbilisi, 2002, p.5
  14. Гамахария А., “Грузия: Выборы без женского выбора,” Тб. , 2012. стр.2. http://www.equalpowerlastingpeace.org/ru/gruziya-vyiboryi-bez-zhenskogo-vyibora/ - ukanasknelad gadamowm - 25.09.2020
  15. Кварчелия Л., «Женевский процесс и роль женщин в политике,» Тбю, 2016. стр.3. http://abkhazinform.com/tochka-zreniya/item/2698-zhenevskij-protsess-i-rol-zhenshchin-v-politike - ukanasknelad gadamowmda - 29.03.2019.

References

The New Economist N1, (2021), Vol 16, Issue 1

1-2021-01.jpg
Published Date:

11/04/2021