Political Problems and Preconditions for Ethnopolitical Conflicts in Post-Soviet Georgia / პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური პრობლემები და წინაპირობები ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების გაღვივებისთვის.
Ekaterine Lomia / ეკატერინე ლომია
Ph.D. Candidate in Political Science / პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი/ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
Abstract
The multinational state of the Soviet Union, which covered large areas of Eastern Europe, South Caucasus, and Central Asia, was dissolved on December 26, 1991, by a decision of the Supreme Soviet of the Union of Soviet Socialist Republics. The “perestroika” (policy of transformation), initiated by Mikheil Gorbachev in the late 1980s, aimed at resolving the systemic state crisis in the Soviet Union through rapid and effective economic reforms. However, it appeared to be unsuccessful, and at the same time, fatal. The collapse of the Soviet Union, in turn, was followed by a number of crises in the post-Soviet nations, which faced serious challenges due to the new reality created after the disintegration of the Soviet Republic. Georgia was no exception.
Introduction
ანოტაცია
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მრავალეროვანი სახელმწიფო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ვრცელ ტერიტორიებს მოიცავდა, 1991 წლის 26 დეკემბერს, უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიშალა. 1985 წლიდან მიხეილ გორბაჩოვის მიერ ინიცირებული ე.წ. „პერესტროიკა“ (გარდაქმნის პოლიტიკა), რომელიც საბჭოთა კავშირში სისტემური სახელმწიფო კრიზისის მოგვარებას სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური რეფორმებით ითვალისწინებდა, რეალურად, უშედეგო და ამავდროულად, საბედისწერო აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის დაშლას არაერთი კრიზისი მოჰყვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც ახალი რეალობიდან გამომდინარე, ურთულესი გამოწვევების წინაშე აღმოჩდნენ. გამონაკლისი არც საქართველო იყო.
შესავალი
1986 წელს 26 პარილს ჩერნობილის (უკრაინა) ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული კატასტროფა მოხდა. მოგვინებით, ამას თან დაერთო 1989 წლის ციმბირის მეშახტეების მასობრივი გაფიცვები. ჩერნობილის კატასტროფა მოძველებული ტიპის რეაქტორების გადახურებამ გამოიწვია და პირველივე წუთებში ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რადიოაქტიური ნივთიერებები ევრაზიის კონტინენტის ფართო რადიუსზე გაიშალა და მოედო რუსეთს, თურქეთს, ბელარუსს, სკანდინავიის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთსაც კი მოედო. საბჭოთა ხელისუფლება რამდენიმე დღის განმავლობაში ავარიის გასაიდუმლოებას ცდილობდა, რამაც კატასტროფით გამოწვეული მსხვერპლთა მასშტაბები მნიშვნელოვანად გაზარდა [16, გვ.32-34].
1989 წლიდან ციმბირის მეშახტეების გაფიცვებმა პოლიტიკურ და სამეცნიერო ელიტებს კიდევ ერთხელ დაანახა საბჭოთა სოციალიზმის კრახი, როდესაც პრივილეგირებულმა პოლიტიკურმა კლასმა უგულებელყო და ზურგი აქცია მუშათა კლასის სამართლიან მოთხოვნებს. 1989 წლიდან საბჭოთა ეკონომიკა ურთულესი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რომლის ერთგვარ აპოგეად შეიძლება დასახელდეს სურსათის მასობრივი დეფიციტი და მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. „ტალონური სისტემის“ შემოღება.
1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვის ცენტრში, წითელ მოედანზე, ბორის ელცინის მეთაურობით, ოპოზიციონერთა ჯგუფი სამხედრო ძალის გამოყენებით ხელისუფლების შეცვლას შეეცადა. მართალია, პუტჩი დამარცხდა, მაგრამ აღნიშნულმა მოვლენამ, ისედაც მძიმე ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოგრაფიული კრიზისის ფონზე, სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება გამოიწვია და ნიადაგი ჩაუყარა სოციალისტურ-ცენტრალიზებულად მართული მრავალეროვნული გაერთიანების 70-წლიანი ისტორიის დასასრულსა და მის საბოლოო დაშლას [34]. 1991 წლის 8 დეკემბერს, საბჭოთა კავშირიც, მისი წინამორბედის, რუსეთის იმპერიის მსგავსად, დაიშალა. მისი სამართალ-მემკვიდრე რუსეთის ფედერაცია კი, უდიდესი იმპერიის ნანგრევებზე, ურთულესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. როგორც გამოჩენილა ფრანგმა ისტორიკოსმა და პოლიტიკოსმა ალექსის დე ტოკვილმა მოსწრებულად აღნიშნა, „ყველაზე სახიფათო მომენტი ბოროტი ხელისუფლებისთვის მაშინ დგება, როდესაც ის საკუთარი თავის გარდაქმნას ცდილობს“.
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დაშლის შედეგად წარმოიქმნა 15 დამოუკიდებელი (სუვერენული) სახელმწიფო. თითქმის სამოცდაათი წლის შემდეგ კომუნიზმისგან გათავისუფლებულ აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ხელახლა მიეცათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად ეშენებინათ „ახალი სახელმწიფო“ და დადგომოდნენ დემოკრატიული განვითარებისა და პროგრესის გზას [29]. ჯერ კიდევ 1989 წლიდან, საბჭოთა კავშირმა თითქმის დაკარგა კონტროლი აღმოსავლეთ ევროპაზე. პოლონეთის ხელისუფლების სათავეში, პოლიტიკური მოღვაწე, ადამიანთა უფლებების დამცველი და აქტივისტი ლეხ ვალენდა მოდის, ჩეხოსლოვაკიაში კი- ცნობილი ანტიკომუნისტი და დისიდენტი ვაცლავ ჰაველი, რომელმაც მოგვიანებით, ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად, ქვეყანა მრავალპარტიულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ აქცია.
საბჭოთა იმპერიის, რომელსაც 1983 წელს ევანგელისტების ნაციონალური ასოციაციის შეკრებაზე აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა „ბოროტების იმპერია“ უწოდა, დაშლიდან ოცდაათი წლის შემდეგაც კი არ წყდება დავა იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია რეალურად მისი ნგრევა. ლევან ბერძენიშვილის მიხედვით, „ტყუილსა და ძალადობაზე“ დაფუძნებული კავშირი ჯერ მოძრაობა „სოლიდარობამ“, შემდეგ კი რონალდ რეიგანმა და მარგარეტ ტეტჩერმა დაშალეს. ცხადია, რომ სსრკ-ის დაშლა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს კატასტროფად მიაჩნია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. „უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა, რუსეთის ხალხისთვის კი იგი იქცა ნამდვილ დრამად, ათეულობით მილიონი ჩვენი თანამოქალაქე აღმოჩნდა რუსეთის ტერიტორიის მიღმა“- სევდიანად აღნიშნავდა რუსეთის პრეზიდენტი [35].
პარადოქსია, მაგრამ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მიხეილ გორბაჩოვი ტელევიზიის საშუალებით მილიონობით ადამიანს საბჭოთა კავშირის დაშლას აუწყებდა, საქართველოს დედაქალაქ- თბილისის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქციები და დემონტრაციები იმართებოდა. მაშინ, როდესაც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები დამოუკიდებლობას ზეიმობდნენ, საქართველოს დამოუკიდებლობა კი მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოს უკვე ჰქონდა აღიარებული ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და ირგვლივ სრული ქაოსი სუფევდა.
პოსტსაბჭოთა მკვლევარის, გიორგი ბადრიძის თვალთახედვით, პოლიტიკური პროცესების ამგვარ განვითარებაში გადამწყვეტ როლს სწორედ რუსეთი თამაშობდა, რომელიც არ აპირებდა საქართველოს „რეალური დამოუკიდებლობის“ აღიარებას და ყველანაირი საშუალებით ცდილობდა, დესტაბილიზაციისა და დესტრუქციის გზით, ქვეყანაში შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური კონფლიქტების გაღვივებას. მკვლევარის მიხედვით, სწორედ ამით იყო და არის განპირობებული ის, რომ დღემდე საქართველოს რუსულ ორბიტას ვერ გასცდა, მათ შორის, ვერც 1998 წელს, როდესაც ის (რუსეთი) ყველაზე მეტად იყო დასუსტებული [2].
საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლა ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ჯერ კიდევ 1950-იან წლებში დაისახეს მიზნად, როდესაც უნგრეთში საბჭოთა სისხლიანი ინტერვენციების საპასუხოდ მათ თბილისის ქუჩებში საპროტესტო პროკლამაციები გამოაკრეს და ხმა აიმაღლეს საბჭოთა ოკუპაციის, ანექსიისა და უსამართლობის წინააღმეგ. 1976 წელს, მათივე თაოსნობით თბილისში დაარსდა „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი“, რომელიც აქტიურად გამოდიოდა ქართველთა უფლებების, ქართული კულტურისა და მართლმადიდიდებლური ეკლესიის დასაცავად. მეცნიერი, მწერალი და დისიდენტი ზვიად გამსახურდია არაერთხელ დააპიტიმრა საბჭოთა ხელისუფლებამ 1950-1970-იან წლებში ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის. პატიმრობიდან გათავისუფების შემდეგ გამსახურდია, თავის თანამოაზრე მერაბ კოსტავასთან ერთად, აქტიურად იღებს მონაწილეობას საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციებსა და დემონსტრაციებში 1987-1990 წლებში.
1989 წლის 9 აპრილს ერთ-ერთი ასეთი საპროტესტო აქცია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით იყო გამართული, საბჭოთა სპეცდანიშნულების რაზმის მიერ მშვიდობიანი დემონტრაციის დარბევასა და სისხლიან შეტაკებაში გადაიზარდა. 9 აპრილს, 11 საათზე თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა, თუმცა აღნიშნულის თაობაზე ადგილობრივ მოსახლეობას ტელევიზიის საშუალებით ინფორმაცია გვიან მიეწოდა. აქციის დარბევისას გამოიყენეს სხვადასხვა მომაკვდინებელი იარაღი, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღი, მომწამვლელი აირი, ტანკები და სხვა. შედეგად, დაიღუპა 21 (უმეტესად ახალგაზრდები), ხოლო დაიჭრა ათასობით ადამიანი [4]
- დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დღეები და ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მოძრაობა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი წლები ქვეყნის ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდს დაემთხვა. მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მემკვიდეობა ერგო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. ქვეყანა ფაქტობრივად ორ ნაწილად, გამსახურდიას მომხრეებად (ე.წ. „ზვიადისტებად“) და მის მოწინააღმდეგებად გაიყო. საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მიზნით, ოპოციონერთა დიდი ნაწილი უწყვეტ ანტისამთავრობო მიტინგებს მართავდა, რომლებიც საქართველოს პირველ პრეზიდენტს დემაგოგს, დიქტატორსა და ტოტალიტარს უწოდებდნენ და მკაცრად აკრიტიკებდნენ მის პოლიტიკურ კურსს.
9 აპრილის ტრაგედიამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ქვეყანაში შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე. ხალხში გააღვიძა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მრავალსაუკუნოვანი სულისკვეთება და ნათელი მოჰფინა საბჭოთა კავშირის მიერ დამყარებული რეჟიმის სისასტიკეს. ტრაგედიას გამოხმაურება მოჰყვა სსრკ-ის სხვა მოძმე რესპუბლიკებშიც, რომლებშიც ამ დროისთვის უკვე არაერთგზის შეინიშნებოდა ანტისაბჭოური ტენდენციები. ამასთანავე, ცხადი გახდა გორბაჩოვის ე.წ. „პერესტროიკის“ მანკიერი მხარეები და საბჭოთა მრავალეროვნული გაერთიანების გარდაუვალი კრახი [15].
1990 წლის მარტში თბილისში გამართულ კონფერენციაზე გადაწყდა ეროვნული ფორუმის შექმნა, რომელიც ქვეყანაში საყოველთაო მოძრაობას უხელმძღვანელებდა. ფორუმს მალევე გამოეყო ზვიად გამსახურდიას ორგანიზაცია „ჰელსინკის კავშირი“, დარჩენილმა ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა გაერთიანებებმა კი რამდენიმე თვის შემდეგ „ეროვნული კონგრესი“ დაარსეს, რომელსაც ირაკლი წერეთელი და გიორგი ჭანტურია ჩაუდგნენ სათავეში. იმავე წლის ეროვნული კონგრესის ყრილობაზე ორგანიზაციის წევრებმა საქართველოს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა, ქვეყნის რუსეთისგან გამოყოფა და საბჭოთა ინსტიტუტების გაუქმება მოითხოვეს.
1990 წლის 20 ივნისს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ მიღებული ყველა აქტი ბათილად გამოცხადდა. ასევე, გაუქმნა, საბჭოები და კომიტეტები, ვინაიდან ისინი „არ გამოხატავდნენ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ, თავისუფალ ნება-სურვილს“ [10]. გადაწყდა მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რომელშიც გამარჯვებული პარტია იდგებოდა საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის სადარაჯოზე. იმავე წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევენების შედეგად გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურმა ორგანიზაციამ „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, რამაც ბოლო მოუღო კომუნისტური პარტიის მრავალწლოვან დომინანტობას საქართველოში.
გამსახურდიას ორგანიზაციის უპორველეს მიზანს საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება წარმოდგენდა, რომელშიც ქართველ ხალხს მხოლოდ ერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“? 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ზემოაღნიშნულ კითხვაზე საქართველოს მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. შედეგად კი, საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაცია [5]. იგი ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი ნაწილი მოკლედ და ლაკონურად მოგვითხრობდა საქართველოს უახლეს ისტორიას, კერძოდ კი, XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებასა და ანექსიას; 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნას; საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მიერ საქართველოში განხორციელებულ ტერორსა და რეპრესიებს და 1989 წლის 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებს.
დეკლარაციის მეორე თავი შინაარსობრივად აქტით მიერ აღიარებულ ნორმებსა და დებულებებს ეხებოდა. „საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია. მის ტერიტორიაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და აგრესიად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად“-ვკითხულობთ საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაში [10].
რეფერენდუმის ჩატარებიდან რამდენიმე თვეში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა 8 სახელმწიფომ. რუმინეთმა და მოლდოვამ (1991 წ. 27 აგვისტო); აზერბაიჯანმა (1991 წ. 30 აგვისტო); სომხეთმა (1991 წ. 13 სექტემბერი); უკრაინამ (1991 წ. 12 დეკემბერი); თურქეთმა (1991 წ. 16 დეკემბერი); მონღოლეთმა და ლიტვამ (1991 წ. 20 დეკემბერი). ხოლო მომდევნო ორი კვირის მანძილზე საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა კიდევ 25-მდე ქვეყანამ, მათ შორის, აშშ-მა, კანადამ და ირანმა (1991 . 25 დეკემბერი); ინდოეთმა, ტაილანდმა, ბრაზილიამ და კუბამ (1991 წ. 26 დეკემბერი); ბელარუსმა, სლოვენიამ, ვიეტნამმა, ჩინეთმა, ეგვიპტემ , ალჟირმა (1991 წ. 27 დეკემბერი) და სხვებმა [5]. 1991 წლის 26 მაისს ჩატარებული არჩევნების საფუძველზე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გახდა.
სიტუაციას განსაკუთრებით ამწვავებდა ეთნიკური უმცირესობების საკითხი (რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის 30%-ს შეადგენდნენ). მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ზვიად გამსახუდიამ წაახალისა და ხელი შეუწყო ნაციონალიზმის გაღვივებას, ვინაიდან მისი მომხრეთა ერთი ნაწილის უმნიშვნელოვანეს ლოზუნგად იქცა „საქართველო ქართველებისთვის“. ამასთანავე, ცალსახად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უთნიკურ უმცირესობასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებამდეც არსებობდა, თუმცა, 1990 წლიდან განვითარებული მოვლენების ფონზე სეპარატისტულმა მოძრაობებმა სისტემური ხასიათი მიიღო და მკვეთრ შიდა დაპირისპირებაში გადაიზარდა [6].
პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ გატარებული პოლიტიკური კურსი კრიტიკის საბაბად იქცა აშშ-თვისაც. გამსახურდიას საჯარო განაცხადს, რომლის მიხედვით, მოსკოვში მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ გამართული პუტჩი თავად გორბაჩოვის მიერ წინასწარ გათვლილი და მოფიქრებული გეგმის ნაწილი იყო, რათა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში პოპულარობა გაეზარდა, გამოხმარურება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მხრიდან. მან გამსახურდიას რეპლიკას „სასაცილო“ უწოდა. აშშ-ის კონგრესმენთა განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია პრეზიდენტის განკარგულებით ოპოზიციური გაზეთის „მოლოდიოშ გრუზიი“ და საქართველოს ტელევიზიის „მეორე არხის“ დახურვამ. ასევე, ანტისახელისუფლებო გაერთიანება „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის, გიორგი ჭანტურიას დაკავებამ.
სამართლიანობისთვის, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაზეთი „მოლოდიოშ გრუზიი“, ფართო საზოგადოებაში ანტისახელისუფლებო ნარატივს ავრცელებდა და მოსახლეობას ეროვნული წინააღმდეგებოსა და შიდა არეულობისკენ მოუწოდებდა; ტელევიზიის „მეორე არხი“ დაიხურა, პრეზიდენტ გამსახურდიას ბრძანებით, ვიანიდან სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომები ანტისახელისუფლებო სახალხო აქციებსა და მიტინგებში იღებდნენ მონაწილეობას და ქვეყანაში დესტაბილიზაციას თესავდნენ; ოპოზიციონერი გიორგი ჭანტურია კი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც იგი რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებებში ამხილეს, რომელიც მოსკოვისგან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ფინანსურ დახმარებას ელოდა.
- ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები
ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან დაიძაბა, როდესაც საბჭოური რეჟიმით უკმაყოფილო პოლიტიკური ელიტის ნაწილმა საქართველოს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოითხოვა. 1980-იანი წლების მიწურულს, აფხაზმა სეპარატისტებმა ხელი მოაწერეს ე.წ. „ლიხნის დეკლარაციას“, რომლის თანახმად, მათ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსი მიანიჭეს და თბილისისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. „ლიხნის დეკლარაციას“ ხელი სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერა, რომელსაც უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ეთნიკურად ქართველი სამეცნიერო და პოლიტიკური ელიტების მხრიდან და დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუღლის გაღვივებასა და დაპირისპირებაში გადაიზარდა. სწორედ აღნიშნული მოტივით იყო განპირობებული 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიც, როდესაც მშვიდობიანი მომიტინგეების ძალსიმიერი მეთოდებით დარბევის შედეგად, თბილისში მთავრობის სასახლის წინ საპროტესტო აქციები სისხხლისღვრაში გადაიზარდა.
1989 წლის 16-17 ივლისს აფხაზეთში ქართულ და აფხაზურ მოსახლეობას შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია. დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 14, ხოლო დაიჭრა 140-მდე მოქალაქე. დაზარალებულთა შორის უმეტესობა ეთნიკური ქართველები იყვნენ. აღნიშნული მოვლენა მხარეებს შორის პირველ შეიარაღებულ დაპირისპირებად მიიჩნევა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ვითარების შემდგომ ესკალაციაში და მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მომავალი [8].
1992 წლის 23 ივლისს სოხუმის პოლიტიკურმა ელიტამ აფხაზეთის საქართველოსგან დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ განაცხადს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შესაბამისი გამოხმაურება არ მოჰყოლია, მან კიდევ უფრო დაამძიმა ურთიერთობა ეთნიკურ ქართველ და ეთნიკურ აფხაზ მოსახლეობას შორის. რამდენიმე დღის შემდეგ კი, შეიარაღებული დაპირისპირება ომში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ თავის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა; გაჩნდა ეროვნული სიმბოლიკა: დროშა და გერბი.
ამავე პერიოდში დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით გახშირდა სარკინიგზო ხიდებისა და გზების აფეთქება, აფხაზეთის მონაკვეთზე სატვირთო მატარებლების ძარცვა-ყაჩაღობა, მაღალი თანანმდებობის პირთა გატაცებებმა და გამოსასყიდის აღების მიზნით ადამიანების გადამავალვამ მასიური ხასიათი მიიღო. პარადოქსულია, მაგრამ მაშინ როდესაც 1992 წლის 23 ივლისს მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ და მათ შორის რუსეთმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, რამდენიმე თვის შემდეგ იგივე რუსეთი აქტიურად ამარაგებდა აფხაზ სეპარატისტებს სამხედრო შეიარაღებით და ქართველების წინააღმდეგ ბრძოლისთვის აგულიანებდა [1]. ცნობილია, რომ რუსეთის საზენიტო პოლკიდან აფხაზ სეპარატისტებს ათასობით ავტომატი, ასობით ტყვიამრფრქვევი, უამრავი ხელყუმბარა, სასიგნალო რაკეტა და საავტომობილო ტექნიკა გადაეცათ.
სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავდა: „მე მიმაჩნია, რომ საქართველო ჩათრეულ იქნა ომში, ამას ჩვენც შევუწყეთ ხელი. აღნიშნული აზრის დაფიქსირების საფუძველს მაძლევს ის გვერდითი მოვლენები, რომელიც ემთხვევა ამ პერიოდს. მე იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვხედავდი, თუ როგორ ცდილობდა რუსეთი მიზნის მიღწევას. მათ იარაღი მოგვცეს, თუმცა იქიდან ათასამდე ტყვიამფრქვევი, ავტომატი აფხაზებს ეკუთვნოდათ და როდესაც 1992 წლის 14 აგვისტოს ჩვენები აფხაზეთში შევიდნენ გუდაუთის სამხედრო ნაწილიდან აფხაზების მიერ მოხდა თავდასხმა. ეს ყველაფერი გაკეთდა იმიტომ, რომ კონფლიქტი დაწყებულიყო“ [1, გვ.19].
საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ ბოევიკიდები ჩრდილოეთ კავკასიიდან: ჩეჩნები, ადიღები, ყარაჩაი-ჩერქეზები, ყაბარდო-ბალყარები; ასევე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ ბოევიკები სირიიდან, ყარაბაღიდან, დნესტრისპირეთიდან და თურქეთიდან. ქართველთა წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ჩეჩენი ბოევიკი შამილ ბასაევი. აფხაზი სეპარატისტები უმოწყალოდ ხოცავდნენ ქართველ მშვიდობიან მოსახლეობას. თვითმხილველთა მიხედვით, დაფიქსირებულია აფხაზების მიერ ეთნიკური ქართველების წამების სადისტური მეთოდები. ჯერ კიდევ დაუზუსტებელი ინფორმაციით, აფხაზეთის ტერიტორიზე (სოხუმში, გაგრაში, ოჩამჩირეში, გალში და ა.შ.) მოკლეს 6000-მდე ქართველი, მათ შორის, 50%-ზე მეტი იყვნენ ქალები, ბავშვები, მოხუცები, ინვალიდები. აფხაზეთში მიზანმიმართულად განადგურდა ქართული კულტურული და ისტორიული ძეგლები [8].
სიტუაციას მკვეთრად გაუარესებისა და მსხვერპლთა დიდი რაოდენობის შედეგად ქართველებს, აფხაზებსა და რუსებს შორის მოლაპარაკების გარდაუვალი საჭიროება შეიქმნა. 1993 წლის 14 მაისს მოსკოვში მხარეებს შორის ცეცეხლის შეწვეტის შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომელსაც ხელი ედუარდ შევარდნაძემ და ბორის ელცინმა მოაწერეს. ვინაიდან, რუსებმა არ უზრუნველყვეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება და კვლავ გაგრძელდა „ცრუ დაპირებების სერია“, იმავე წლის 27 ივლისს, სოჭში კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი „აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მასზე კონტროლის მექანიზმის შესახებ“. იგი დაპირისპირებულ მხარეთა სრულ განიარაღებას ითვალისწინებდა [1].
მიუხედავად სოჭის ხელშეკრულებისა, აფხაზმა სეპარატისტებმა განიარაღებული სოხუმის დაბომბვა განაგრძეს, რომლის შედეგად განსაკუთრებული სისატიკით იხოცებოდნენ ადამიანები. ედუარდ შევარდნაძე, ფაქტობრივად მოტყუებული დარჩა. იგი სიტუაციას ვერ აკოტროლებდა. ამასთანავე, კონტრშეტევებით აქტიუროდნენ ზვიად გამსახურდიას მომხრეები, რომელიც კიდევ უფრო რთულსა და გამოუვალ სიტუაციას ქმნიდა.
1993 წლის 27 სექტემბერს, 13-თვიანი ბრძოლის შემდეგ დაეცა სოხუმი. 28 სექტემბერს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზე ვკითხულობთ ეუდარდ შევარდნაძის მიმართვას: „ფაქტობრივად, საქართველომ დაიჩოქა. ესეც საკმარისი არ აღმოჩნდა. სამწუხაროა, მაგრამ გულახდილად უნდა ვთქვა, რომ გარეშე ძალთა ინტერესები ვერაფერს დაგვაკლებდა, რომ არა შინააშლილობა და თანამოქალაქეთა ღალატი. მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად შეძრწუნებული ვარ მომხდარით. იცის ღმერთმა, ყველაფერს ვაკეთებდი ამ საშინელი დღის თავიდან ასაცილებლად. ვერ შევძელი. დაე, მაპატიონ თანამედროვეებმა და შთამომავლობამაც“.
სოხუმის დაცემის დღეს, რომელსაც სრულიად აფხაზეთის დაცემა მოჰყვა შედეგად, აფხაზმა სეპარატისტებმა შეიპყრეს და დახვრიტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, რომელმაც საქართველოს გადარჩენასა და ქართულ იდეას გმირულად შესწირა თავი აფხაზეთის ომში. მასთან ერთად სასტიკად გაუსწორდენენ ქალაქ სოხუმის მერს-გურამ გაბესკირიას, ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს წევრ-ვახტანგ გეგელაშვილს, მამია ალასანიას, ალექსანდრე ბერულავას და სხვებს.
დღემდე ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია აფხაზეთის ომში ქართველების მარცხი. მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღინიშოს, რომ ერთ-ერთი მიზეზი უდავოდ იყო ორ ნაწილად გახლეჩილი საქართველო, დაპირისპირებული ბანაკები და პრორუსულად განწყობილი ოპოზიციის ფართო სპექტრი, რომლებიც კიდევ უფრო ართულებდნენ ქვეყანაში ისედაც მრავალმხრივ დაძაბულ ვითარებას. ასევე ერთ-ერთ მიზეზად სახელდება გაუმართავი სადაზვერვო სამსახურები, ქართული ტელეარხების არაპროფესიონალიზმი, რომლებიც ხშირად აშუქებდნენ საიდუმლო ინფორმაციას ქართველთა შეიარაღებული ძალების დისლოკაციისა თუ გადაადგილების შესახებ. სამარცხვინო ფაქტია ქართველთა მაროდიორობა საკუთარ მოსახლეობაში და ა.შ. [1].
ცალკე აღნიშვნის ღირსია, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის ინდეფერენტული დამოკიდებულება აფხაზეთის კონფლიქტისა და ზოგადად აფხაზური ეთნოსის მიმართ. როგორც აკაკი ბაქრაძე წერდა “მთელ საქართველოში ისეთი ატმოსფერო სუფევდა, თითქოს აფხაზეთი აფრიკაში იყო და არა ჩვენში” [3].
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მსგავსად, ქართულ-ოსური კონფლიქტიც 1980-იან წლებში მომწიფდა, რომელიც 10 წლის შემდეგ, 1991-1992 წლებში ქართულ-ოსურ კონფლიქტში გადაიზარდა.
ქართულ და ოსურ მხარეებს შორის დაძაბულობასა და ინტერესთა დაპირისპირებას ჯერ კიდევ 1918-1920 წლებიდან ეყრება საფუძველი, როდესაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ამ გზით გაემიჯნა იმპერიალისტურ რუსეთს. საქართველოს მენშევიკური მთავრობა ოსებს რუს ბოლშევიკებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რომელსაც უარყოფითი საპასუხო რეაქცია მოჰყვა ოსების მხრიდან. მათ არაერთხელ სცადეს აჯანყების მოწყობა საქართველოს შემადგენლობიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით. 1921 წელს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და მისი გასაბჭოების შემდეგ შეიქმნა სახმრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოს შემადგენლობაში.
ორმხრივი ურთიერთობები საგრძნობლად იძაბება 1985 წლიდან საბჭოთა კავშირში მიმდინარე ე.წ. „გარდაქმნის“ პროცესების პარალელურად. საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების ფონზე მწიფდებოდა ოსური სეპარატიზმიც. ქვეყნის პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაზე დაყრდნობით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი, როგორც ეთნო-ნაციონალური დაპირიპირების შემადგენელი ნაწილი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალური და კრიმინალურ მოტივებზე ყალიბდებოდა, რომელმაც ასახვა და გამოვლენა ჰპოვა: ა) ცხინვალსა და თბილისს შორის „კანონთა ომში“; ბ) ოს და ქართველ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ლიდერთა და პუბლიცისტთა დისკუსიებში; და გ) ქართული და ოსური შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებაში [9].
1989 წლის 15 აგვისტოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით განისაზღვრა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი, რომლის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სამეცნიერო-სასწავლო თუ ადმინისტრაციულ დაწესებულებაში გამოყენებული იქნებოდა მხოლოდ ქართული, როგორც სახელმწიფო ენა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პირველი მიტინგი და საპროტესტო აქცია მოჰყვა არაფორმალური ორგანიზაცია „ადამონ ნიხასის“ მხრიდან, რომლის ლიდერი ალან ჩოჩიევი არაერთგზის იყო შემჩნეული სეპარატისტულ მისწრაფებებსა და ანტიქართულ ქმედებებსა თუ ნარატივში.
ოსურმა მხარემ ქართულ მხარეს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიცირებით გამოვიდა. ისინი მოითხოვნენ საქართველოს ხელისუფლებას სახრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სახელმწიფო ენად ოსური ენა გამოეცხადებინა და პატივი ეცა ოსური იდენტობისა და თვითმყოფადობისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ ოსური მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ვიანიდან მათი მოთხოვნა „კანონის შეუსაბამოდ“ მიიჩნია და 1989 წლის 16 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გააუქმა.
სიტუაციის განმუხტვის მიზნით პერიოდულად იმართებოდა შეხვედრები ქართულ და ოსურ მხარეებს შორის. კონსტრუქციულად მოაზროვნე პოლიტიკური ელიტა მაქსიმალურად ცდილობდა სიტუაციას განმუხტვასა და მოლაპარაკებების გზით კონსენსუსის მიღწევას, ვინაიდან არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედიოდა ხელჩართული ბრძოლა და კონფლიქტის ესკალაცია, თუმცა, ერთ-ერთ ასეთ შეკრებაზე ქართველებსა და აფხაზებს შორის ინტერესთა დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. 15.000 ქართველი ცხინვალის მიმართულებით დაიძრა. ოსმა მეამბოხეებმა ცხინვალში შესასვლელი გზა გადაკეტეს და ქართველი დემონსტრანტები ქალაქში არ შეუშვეს. მათ აღნიშნული ქმედება ეთნიკური ქართველების მხრიდან „კუნთების თამაშად“ და ორი ეთნოსის განადგურების მცდელობად მიიჩნიეს. ოსებმა ქართველებს საბჭოთა არმიის ჯარისკაცები დაუპირისპირეს. შეტაკებას მოჰყვა მსხვერპლიც.
ქართულ-ოსური ურთიერთობები ჩიხში შევიდა მას შემდეგ რაც სამხრეთის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მიიღო დადგენილება „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ“ და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას პირდაპირი უნდობლობა გამოუცხადა. ვინაიდან აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას, იგი გაუქმებული იქნა საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ. საპასუხოდ, ქალაქ ცხინვალში ავტონომიური ოლქის საბჭოს მე-15 სესია მოიწვიეს და ისევ კვლავ მიიღეს დეკლარაცია „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ“, ადგილობრივი არჩევეები 1990 წლის 2 დეკემბერს დანიშნეს [11].
1990 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ აფხაზეთის ავტონომიური ოლქის მიერ ჩატარებული ე.წ. „არჩევნები“ არაკანონიერად სცნო და და იგი ბათილად გამოაცხადა. ასევე გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ზემოაღნიშნული მოვლენების შემდეგ ქარულ და ოსურ მხარეებს შორის ინტერესთა დაპირისპირება პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზარდა. ერთი წლის განმავლობაში ქარულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 1000 და დევნილად იქცა 30.000.ზე მეტი ადამიანი. განადგურდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. კონფლიქტმა ორივე მხარეს დიდი ზიანი მიაყენა [28].
1992 წლის 24 ივნისს სოჭში რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდო ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც ხელი საქართველოს და რუსეთის პირველმა პირებმა, ედუარდ შევარდნაძემ და ბორის ელცინმა, მოაწერეს. მოგვიანებით, ეუთო-ს (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) მიერ შეიქმნა შერეული საკონტროლო კომისია (შკს), საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებით. ოთხმხრივი კომისიის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება; მხარეებს შორის ნდობის აღდგენა; ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება; მხარეებს შორის ეკონომიკურ გამოწვევებთან დაკავშირებული ხიდის აღდგენა; მშიდობისა და წესრიგის შენარჩუნება კონფლიქტის ზონაში და ა.შ. [33].
დასკვნა
საბჭოთა კავშირის დაშლას თან დაერთო ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები პოსტსაბოთა სივრცეში, რომელიც ახალი მსოფლიო წესრიგის თანმდევი პროცესიც კი გახდა. აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები საქართველოში, რომელიც რომლებიც დღემდე მოუგვარებელია და წითელ ზოლად გასდევს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას.
1992-1993 წლებში, მხოლოდ აფხაზეთის ომში 9000-ზე მეტი ქართველი დაიღუპა, მათ შორის, როგორც ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა 250.000, ხოლოდ დაკარგულად ითვლება 1.500-ზე მეტი ადამიანი. აფხაზეთის რეგიონში დაიღუპა 4.040 ადამიანი, მათ შორის, 2.220 ჯარისკაცი და 1.820 მშვიდობიანი მოქალაქე, დაკარგულად ითვლება 122 ადამიანი. სამოქალაქო ომმა ქვეყანას უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზარალი მიაყენა, ხოლო აფხაზეთის მხარე მთლიანად გააპარტახა. მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარება შექმნა „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტმაც.
მიუხედავად არაერთი მცდელობებისა, კონფლიქტის მონაწილეებს შორის ნდობის აღდგენა ძალიან რთული აღმოჩნდა. მხარეებმა არაერთხელ დაარღვიეს მათზე ნაკისრი ვალდებულება და შეიარაღებული თავდასხმები ისევ განაახლეს. 1990-იანი წლების დასაწყისსა და შუა ხანებში სიტუაცია კონტროლს ნაკლებად ექვემდებარებოდა. ედუარდ შევარდნაძის ყოველი მცდელობა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით, უშედეგო აღმოჩნდა. სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთის ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით დასრულდა. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების უდიდესი ზეწოლისა, რომლებიც სასტიკად გმობენ რუსეთის აგრესიულ, რევიზიონისტულ პოლიტიკას მეზობელი ქვეყნის მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური პერსპექტივები, სამწუხაროდ, დღემდე არ ისახება.
ბიბლიოგრაფია:
- აფციაური, ქ., 2003. „აფხაზეთის ომი: 1992-1993“. ხელმისაწვდომია: http://old.gruni.edu.ge/uploads/content_file_1_32.pdf.
- ბადრიძე, გ., “საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტრიული პასუხისმგებლობა”. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი.
- ბაქრაძე, ა., 2002. „აფხაზეთისთვის“. თბ.
- გოცირიძე, ი., 1990. “სიმართლის კვალადაკვალ”. თბ.
- “ეროვნული ხელისუფლება: გზა დამოუკიდებლობისაკენ”. ხელმისაწვდომია: https://app.box.com/s/3acis3bk60;
- იბერი, ს., 2015. “ეროვნული ხელისუფლების დამარცხება - 1991 წლის დეკემბერი (წერილი მესამე: ზვიად გამსახურდია და ჯვარზე გაკრული საქართველო”). საქართველოს სამეფო. ხელმისაწვდომია: https://www.georoyal.ge/?MTID=5&TID=92&id=2290;
- Lomia, E., 2020. „ახალი მსოფლიო წესრიგის “ისტორიული ნარატივები. The New Economist, 15(1, 2020), pp.1-1.
- მალაშხია, შ., 2011. “კონფლიქტების ანატომია”. გამომცემლობა სტამბა, თბ.
- საქართველოს პარლამენტი. “ინფორმაციული ცნობა ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ”. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის აპარატი. ხელმისაწვდომია: http://www.parliament.ge/uploads/other/18/18511.pdf.
- საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. (1991). „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/32362?publication=0.
- სონღულაშვილი, ა., 2009. „სამხრეთ ოსეთი საქართველოში?!“ თბ.
- Karchava, L. and Kutaladze, E., 2020. ტურიზმი როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოში/Tourism as one of the priority directions in Georgia. The New Economist, 15(2, 2020), pp.1-1.
http://www.neweconomist.com.ge/journal/article/Tourism-as-one-of-the-priority-directions-in-Georgia-turizmi-rogorc-erT-erTi-prioritetuli-mimarTuleba-sakarTveloSi-1603913380
- Karchava, L., 2014. Again about the investment environment in Georgia Or what kind of investor do we need?/ისევ საინვესტიციო გარემოს შესახებ საქართველოში ანუ როგორი ინვესტორი გვჭირდება?. The New Economist, 9(3, 2014), pp.1-1.
http://neweconomist.com.ge/journal/article/Again-about-the-investment-environment-in-Georgia-Or-what-kind-of-investor-do-we-need-1597473717
- Karchava, L., 2018. Theoretical basics of business communication and Its connection with other sciences/ბიზნესკომუნიკაციების თეორიული საფუძვლები და მისი კავშირი სხვა მეცნიერებებთან. The New Economist, 13(3, 2018), pp.1-1.
http://neweconomist.com.ge/journal/article/bizneskomunikaciebis-Teoriuli-sapuZvlebi-da-misi-kavSiri-sxva-mecnierebebTan-1594468243
- ჯოჯუა, დ., 2010. „რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოში. 2008 წლის აგვისტოს ომი და მისი შედეგები“. გამომცემლობა უნივერსალი, თბ
- Legasov, V., 1987. „A Soviet expert discusses Chernobyl“. Bulletin of the Atomic Scientists, 43(6), pp.32-34.
- Lomia, E., 2020. The Evaluation of Russia’s foreign policy towards Georgia following the ‘Rose Revolution’. Journal of Liberty and International affairs, 6(1), pp.112-128.
- Lomia, E., 2017. The United States-Russia Relations Before and After Russia’s Intervention in Georgia and Ukraine.
- Lomia, T. and Lomia, E., 2020. ECONOMIC AND POLITICAL SUPPORT OF THE EUROPEAN UNION TO GEORGIA: RETROSPECTIVE ANALYSIS OF THE EU-GEORGIA RELATIONS. International Journal Vallis Aurea, 6(1), pp.35-43.
20. Lomia, T., 2018. The issue of forming rational economic policy of environmental protection. Globalization & Business.
21. Lomia, T., 2015. The role of international environmental protection policy in Georgia. In Materials of reports made at the international scientific-practical conference held at Paata Gugushvili Institute of Economics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University in 2015 (p. 513).
22. Lordkipanidze, R., 2019. Confirmations about Need of Real World Market. International Charity Scientific-Research Partnership of Physical Persons, 16.
23. Lordkipanidze, R., 2019. Scientific Invitation for Conducting of Researches to Protect of Honest Competition. International Charity Scientific Research Partnership of Physical Persons, 13.
24. Lordkipanidze, R., 2019. For Real World Market of Well-being, which will Overcome Monopolistic Dictatorships. International Charity Scientific-Research Partnership of Physical Persons, 14.
25. Lordkipanidze, R., 2019. The Era of Google-the First Signs of a Real World Market: We Must Heed God’s Will. Tbilisi, General Coordinator of International Charity Scientific-Research Partnership, 17.
26. Lordkipanidze, R., 2019. New Formulation to Evaluating of Competition and Attractiveness for Investments. Tbilisi, General Coordinator of International Charity Scientific-Research Partnership, As E-Article, 15.
27. Lordkipanidze R. Objective Laws from Wise Competition and Marathon of Life for Strengthen INTERPOL. - By studying of scientific courses at Harvard, St. Petersburg and I. Javakhishvili Tbilisi Universities: 2021: 726.
http://dx.doi.org/10.13140/RG.2.2.13704.24320
28. Lordkipanidze R. Practical application of my 700 works at the Researchgate
http://dx.doi.org/10.13140/RG.2.2.26557.49125
29. Lordkipanidze R. For creation (with UN assistance) anti-pandemic and anti-conflict economic zones “Wealth Catalyzing”. - Theses on Law, Economic Policy and Money: Issue N3: 2021.
http://dx.doi.org/10.13140/RG.2.2.28326.96325
30. Maugeri, L., 2006. “The Age of Oil: The Mythology, History, and Future of the World`s Most Controversial Resource”. Praeger Publishers.
31. Mgeladze, L., 2020. Future Economy and Georgia/მომავლის ეკონომიკა და საქართველო. The New Economist, 15(2, 2020), pp.1-1.
32. Mgeladze, L., 2020. მკვდრადშობილი საჯარო სამსახურის მაკოორდინირებელი ინსტიტუტი. The New Economist, 15(1, 2020), pp.1-1.
33. Mgeladze, L., 2019. ეროვნული ვალუტა საქართველოში, ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი თუ ხელშემწყობი ინსტრუმენტი. The New Economist, 14(2, 2019), pp.1-1.
34. Nichol, J., 2008. „Russia-Georgia Conflict in South Ossetia: Context and Implications for US Interests“. Library of congress Washington DC Congressional Research service. http://www.dtic.mil/dtic/tr/fulltext/u2/a490073.pdf.
35. Rondeli, A., 2001. „The choice of independent Georgia“. The security of the Caspian Sea region, pp.195-211.
36. Tabatadze, L., MOTIVATION AND SOCIAL AND ECONOMIC EFFICIENCY OF AGRICULTURAL COOPERATION. In Materials of reports made at the international scientific-practical conference held at Paata Gugushvili Institute of Economics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University in 2015 (p. 524).
37. Табатадзе, Л., Перспектива развития макроэкономической теории. saredaqcio kolegia: mecnierebaTa doqtorebi, profesorebi, p.66.
38. Tabatadze, L., 2020. The New Vision of Modern Management Theory. The New Economist, 15(1, 2020), pp.1-1.
39. Tuathail, G.Ó., 2008. „Russia’s Kosovo: a critical geopolitics of the August 2008 war over South Ossetia“. Eurasian Geography and Economics, 49(6), pp.670-705. Available: https://ibs.colorado.edu/waroutcomes/docs/Toal_SOssetia_EGE_08.pdf.
40. Комсомольская правда : газета (сетевая версия). (1991). „19-е, 20-е, 21-е августа: Путч в СССР. 1991“. — 22 августа (№ 190).
41. Путин, В., 2005. “Распад СССР - крупнейшая геополитическая катастрофа века“. МОСКВА, 25 апреля. https://regnum.ru/news/444083.html.
References
The New Economist N4, (2020), Vol 15, Issue 3
11/01/2021
Copyright (c) 2021 Ekaterine Lomia / ეკატერინე ლომია
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.