Interview with the Director of the Rural Development Agency under the Ministry of Environment Protection and Agricultute of Georgia Mr. Ilia Tamarashvili
Ilia Tamarashvili / ილია თამარაშვილი
Director of the Rural Development Agency under the Ministry of Environment Protection and Agricultute of Georgia / საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი
Abstract
ინტერვიუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ბატონ ილია თამარაშვილთან
ყველასთვის ცნობილია, რომ სოფლის განვითარების სააგენტო ბევრ საინტერესო და საჭირო პროექტებს ახორციელებს. ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია დევს სააგენტოს ვებგვერდზე, ბევრიც შუქდება პრესის საშუალებით, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს (მ.შ. მეც) დეტალებში მიადევნოს თვალ-ყური სააგენტოს საქმიანობას, არადა ეს საჭიროა და ხშირად, უმეტესწილად, სოფლის განვითარებისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა. ვფიქრობთ, სასურველია, რომ მსგავსი ინფორმაცია უფრო მეტად იყოს ცნობილი სზოგადოების ფართო მასებისთვის, მ. შ. აკადემიური წრისათვის. თემის აქტუალურობიდან და პრაქტიკული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ბატონ ილია თამარაშვილთან.
Introduction
- ბატონო ილია, გთხოვთ, მოკლედ წარმოგვიდგინოთ თქვენი სააგენტო. როდის შეიქმნა და რა იყო მისი შექმნის მიზანი?
სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებაა, რომელიც ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დარგის ხელშეწყობისთვის, არამედ გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების მიმართულებით. სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელების მიზნით სააგენტო 2012 წლიდან საქმიანობს, თუმცა ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდას და მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით მუდმივად მიმდინარეობს განახლება. სწორედ ამიტომ გასულ წელს განხორციელებული რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა სოფლის განვითარების სააგენტო. ჩვენი მისიაა, საჭირო რესურსების ყველაზე ეფექტურად და სწორად მიწოდებით, ფერმერთა და სოფლად მაცხოვრებელთა კეთილდღეობის ზრდის ხელშეწყობა. ფერმერებისათვის ჩვენ ვართ გზამკვლევი წარმატებული სოფლისკენ.
- როგორია თქვენი სააგენტოს სტატისტიკა მისი არსებობის მანძილზე? კერძოდ, რამდენი პროექტია განხორციელებული, რამდენია ინვესტიციების მთლიანი მოცულობა, რამდენი ადამიანი დასაქმდა, თუ გაქვთ დაახლოებითი მონაცემები მაინც?
სოფლის განვითარების სააგენტო, აგრარული დარგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ახორციელებს მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტის მხარდასაჭერად. ეს გულისხმობს, როგორც ფერმერთა და აგრობიზნესით დაინტერესებულ პირთა პირდაპირ, საგრანტო დახმარებას, ასევე, ხელს უწყობს სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერას სისტემური პროგრამების განხორციელების გზით.
2013 წლიდან, ახალი მიდგომების შედეგად, სოფლის მეურნეობაში ჩართულ მეწარმეებსა თუ ფერმერებს გაეზარდათ იაფ ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობა, რამაც უფრო მიმზიდველი გახადა დარგში ინვესტირება.
სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით მიმდინარე საკრედიტო პორტფელი 1,3 მლრდ ლარს აღემატება, 2013 წლიდან დღემდე გაცემულია 3 მლრდ ლარზე მეტი აგროსესხი, რაც 22-ჯერ აღემატება 2012 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ საკრედიტო პორტფელს (57 მილიონ ლარს). სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, შექმნილია/გადაიარაღებულია და ფუნქციონირებს 1000-ზე მეტი საწარმო.
ჩვენს მიერ სასოფლო-სამეურნეო დარგის სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერით, დღეისათვის:
- მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაშენებულია 13,604 ჰექტარი ბაღი, მათ შორის, ვაშლის, ნუშის, კაკლის, ლურჯი მოცვის, თხილის, ზეთის ხილის და ა.შ.
- მეცხოველეობის განვითარებისთვის თანადაფინანსებულია 13,298 ბენეფიციარი.
- სამაცივრე და შემნახველი მეურნეობის განვითარებისთვის თანადაფინანსებულია 1,705 ბენეფიციარი.
- გადამამუშავებელი საწარმოების მიმართულებით თანადაფინანსებულია 1,100 ბენეფიციარი.
- პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში რეაბილიტირებული ფართობი შეადგენს 1,600 ჰექტარზე მეტს.
- პანდემიამდე როგორი იყო საშუალო წლიური სტატისტიკა იგივე მიმართულებით და როგორია გასული - 2020 წლის სტატისტიკა?
2020 წელს პანდემიასთან და მის გავლენებთან ბრძოლის პარალელურად, ფერმერების მხარდასაჭერად გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, შემუშავდა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“. ანტიკრიზისული გეგმა მოიცავდა როგორც ფერმერების პირდაპირ დახმარებას, ასევე ხელს უწყობდა სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერას. პირდაპირი დახმარების პროგრამებმა ფერმერებს პირველადი პროდუქციის წარმოების ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირა. გაგრძელდა ყველა იმ პროგრამისა, თუ პროექტის განხორციელება, რომელიც სახელმწიფომ აგრარული დარგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითრების ხელშეწყობისთვის შეიმუშავა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, რამდენიმე მიმდინარე პროექტში ცვლილებები შევიდა, რამაც ისინი უფრო მოქნილი გახადა.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროექტების/პროგრამების განხორციელებით შედეგად:
- იმ ბენეფიციარების რაოდენობამ, ვინც ანტიკრიზისული პროექტებით/პროგრამებით ისარგებლა, შეადგინა 432 ათასზე მეტი ბენეფიციარი, მათ ჯამურად 76.1 მლნ ლარის მოცულობის სარგებელი მიიღეს;
- სოფლის მეურნეობაში განხორციელდება 152.9 მლნ ლარის ინვესტიცია;
- ფერმერებმა/სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეებმა, მიიღეს 32.5 ათას ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები;
- 18,000 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა 161 მლნ ლარზე მეტი მოსავლის დაზღვევა.
- როგორია მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემები და პროგნოზი წლის ბოლოსთვის?
პირველადი პროდუქციის მხარდაჭერის მიმართულებით გრძელდება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, აღსანიშნავია, რომ „დანერგე მომავლის“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მიღებული მოსავლის რეალიზაციით ფერმერებმა შემოსავალი უკვე მიიღეს. გაჩნდა საექსპორტო შესაძლებლობები, რაც განპირობებულია პროგრამის ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მიღებული მოსავლის მზარდი რაოდენობით. ასევე, აღსანიშნავია, რომ ეტაპობრივად იქმნება კარგი სანედლეულო ბაზა ადგილობრივი გადამამუშავებელი მრეწველობისათვის. თუმცა, კვლავ აქტიურად გრძელდება პროგრამა, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით უპრეცენდენტოდ მაღალია მოთხოვნა, წლის მეორე ნახევარში განაცხადების მიღება განახლდება და ამ რაოდენობის ზრდა კვლავ არის მოსალოდნელი.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, მხოლოდ ჩვენი საგრანტოს მეშვეობით, უკვე ასზე მეტი შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოა შექმნილი. ამ მიმართულებით წელს თანადაფინანსების 50-ზე მეტი ხელშეკრულება გაფორმდა.
კვლავ აქტიურად გრძელდება არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების მხარდაჭერა. ამ კუთხით აღსანიშნავია, „სოფლის განვითარების პროგრამა“, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” ფარგლებში ახორციელებს. პროგრამა, რომლის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. მიმდინარე წელს აღნიშნულ პროგრამას ახალი მიზნობრივი კომპონენტი - მწვანე გრანტები დაემატა.
მიმდინარე წლის შემოდგომისათვის დაგეგმილია განხორციელდეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 50 მლნ ლარი იქნება.
- ახლა ცოტა დეტალებში შევიდეთ და დავაკონკრეტოთ, რა სახის დახმარებებია სოფლის მეურნეობისთვის თქვენი სააგენტოს მეშვეობით?
როგორც ავღნიშნე, პირდაპირი, საგრანტო დახმარების პარალელურად, ხელს ვუწყობთ მნიშვნელოვან მიმართულებებს სისტემური პროგრამების განხორციელების გზით. აღსანიშნავია, რომ საგრანტო მხარდაჭერის პროგრამებმა ფერმერებს პირველადი პროდუქციის წარმოების ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირა. სისტემატიურად მიმდინარეობს აუთვისებელ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე სხვადასხვა კულტურის გაშენება, გავერანებული პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩნდება შესაძლებლობა, მოხდეს გარკვეულ კულტურებში იმპორტის ჩანაცვლება და ჩნდება ახალი საექსპორტო შესაძლებლობები.
ჩვენი სააგენტოს პროგრამების მეშვეობით შესაძლებელია შეიქმნას თანამედროვე მეურნეობები თუ საწარმოები, რომელთა წარმოებული პროდუქციაც კუნკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ბაზარზე.
კოოპერაციული საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა წარმოადგენს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას. მათი მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები.
სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტის მხარდაჭერის ფარგლებში, როგორც პირველადი პროდუქციის, ასევე გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის შექმნის პარალელურად, სოფლის განვითარების სააგენტო ტექნიკურ დახმარებას უწევს ქართული აგრარული პროდუქციის მწარმოებლებს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების მიმართულებით.
- კერძოდ, რას გულისხმობს თითოეული დახმარება ფერმერისთვის, სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის შემქმნელებზე? უფრო გასაგები რომ იყოს, უფრო ჩავუღრმავდეთ თითოეულ მიმართულებას. ანუ, ინფორმაციულთან ერთად პრაქტიკულიც გავხადოთ ჩვენი საუბარი.
სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებს ბიზნესის წამოწყებასა და მის განვითარებაში ეხმარება, შეღავათიანი აგროკრედიტისა და საგრანტო კომპონენტის კომბინაცია, ქმნის რეალურ შესაძლებლობას, როგორც პირველადი, ასევე გადამამუშავებელი მიმართულებით წარმოების განვითარებისათვის. მაგალითად, ფერმერს აქვს შესაძლებლობა თანხის ნაწილი მიიღოს გრანტის სახით, ხოლო დანარჩენი ნაწილი შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით. საგრანტო თანადაფინანსების მისაღებად პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მოგვმართავს სააგენტოს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის მისაღებად კი მისთვის სასურველ საფინანსო ინსტიტუტს.
- რა მოეთხოვება დახმარების მისაღებად ბენეფიციარს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში?
სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტებსა და პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეს და იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროექტითა თუ პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. იურიდიული პირის დამფუძნებელი ასევე შესაძლოა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეც, რაც ქმნის დარგში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას.
რაც შეეხება „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“, სესხების გაცემას ახორციელებენ პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტები, დადგენილი პირობების შესაბამისად.ხოლო პროგრამების ვადები და პირობები დადგენილია თითოეული პროგრამისათვის ცალ-ცალკე, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსებულია სააგენტოს ვებ-გვერდზე - rda.gov.ge.
- როგორი სახის დახმარებას მიიღებს გადამამუშავებელი წარმოების მსურველი პირი (ალბათ იურიდიული)? მაგალითად, სახელმწიფო აფინანსებს საპროცენტო განაკვეთის დიდ ნაწილს 1,5 მლნ ლარამდე კრედიტის შემთხვევაში. უფრო ზუსტად რომ გვითხრათ რა მიზნობრიობის უნდა იყოს კრედიტი, და რამდენ %-ს რამდენი წლის განმავლობაში დაფარავს სახელმწიფო?
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით სარგებლობა შეუძლია როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირს. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ არა უმეტეს 48 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება ხდება მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-მდე ოდენობით, რაც შეეხება სესხის მიზნობრიობას პროექტის ფარგლებში ძირითადი საშუალებებისთვის, კაპიტალური ხარჯებისათვის, სესხი გაიცემა ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნის, არსებული საწარმოების გაფართოების, მოდერნიზაციის და არსებულ საწარმოებში სარემონტო სამუშაოების დასაფინანსებლად. როგორც გადამამუშავებელი, ასევე პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების და ინფრასტრუქტურული საწარმოების მიმართულებით.
- შეღავათიანი კრედიტებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან, ხომ?
“შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით საფინანსო ინსტიტუტებისგან გაიცემა, როგორც შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის, ასევე აგროლიზინგი.
- შეღავათიან კრედიტებთან ერთად არის გარკვეული გრანტებიც, რომელიც პროექტის ღირებულების საკმაოდ სოლიდურ ნაწილს წარმოადგენს. ეს რა შემთხვევაში ხდება ზოგადად და სოფლის მეურნეობის რომელი მიმართულებები ხვდება ამ კატეგორიაში, იქნებ დაგვიკონკრეტოთ?
როგორც უკვე ავღნიშნე, საგრანტო თანადაფინანსება გაიცემა სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტში, ეს იქნება პირველადი წარმოება, ინტენსიური და ნახევრადინტენსიური ბაღების გაშენება, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება, ტექნიკური დახმარება, რაც მოიცავს უვნებლობისა და ხარისხის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვაში ხელშეწყობას. მხარს ვუჭერთ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მიმართულებით, რაც მოიცავს დარგობრივ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, და აგრარული მიმართულებით კონსულტაციებს, რაც ხორციელდება სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების მეშვეობით. აღსანიშნავია, სოფლის განვითარების პროგრამა, რომელიც 8 მიზნობრივ მუნიციპალიტეტში ხორციელდება და სოფლად არასასოფლო-სამეურნეო, სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას უჭერს მხარს.
- რომელი დარგებია აღიარებული ყველაზე პრიორიტეტულად საქართველოს სოფლის მეურნეობაში დღეისათვის? პრიორიტეტის მიხედვით რომ დაგვისახელოთ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველადი პროდუქციის წარმოების მიმართულებით რეგიონებში გავრცელებული კულტურები ნიადაგურ-კლიმატური ფაქტორების გათვალისწინებით განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ზოგადად თუ ვისაუბრებთ უნდა ავღნიშნოთ, რომ ყველაზე გავრცელებული კულტურებია კაკალი, ნუში, ვაშლი, ვაზი, ლურჯი მოცვი და სხვა.
- სად შეუძლია დაინტერესებულ პირს ამომწურავი ინფორმაციის მიღება?
სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - rda.gov.ge, აქტიურ რეჟიმში მოქმედებს საინფორმაციო სამსახური - 1501, ხელმისაწვდომია ონლაინ ჩატის მომსახურება, სიახლეები ვრცელდება სოციალური ქსელის საშუალებითაც. ამავდროულად, ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახურისა და 45 საინფორმაციო-საკონსულტაციო მუნიციპალური ცენტრის საშუალებით. დისტანციური სერვისების მიწოდების პარალელურად სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების თანამშრომლები ფერმერებს უწყვეტად უწევენ, როგორც საინფორმაციო, ასევე, დისტანციურ და საველე კონსულტაციებს.
- თქვენ თვითონ რას დაამატებდით, რა მნიშვნელოვანი მომენტი გამოვტოვეთ?
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, სოფლის მეურნეობის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა დაზღვევის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის, ხელმისაწვდომობაა. სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერები მოსავალს მოსალოდნელი სტიქიისგან, სეტყვის, წყალდიდობის, ქარიშხლისა და ციტრუსს საშემოდგომო ყინვისგან აზღვევენ. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰა; თითოეული დამზღვევი 70% -იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 50%-ს. ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს, როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად.
- დიდი მადლობა ბატონო ილია, ამდენი დრო რომ დაგვითმეთ და ამომწურავი პასუხები გაეცით ჩვენს შეკითხვებს.
- თქვენც დიდი მადლობა.
ინტერვიუ ჩაიწერა
ჟურნალის განყოფილების ხელმძღვანელმა
იური ქარჩავამ
References
The New Economist N2, (2021), Vol 16, Issue 2
11/07/2021
Copyright (c) 2021 Ilia Tamarashvili / ილია თამარაშვილი
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.