INTERVIEW with the Chairman of the National Competition Agency of Georgia, Mr. Irakli Lekvinadze / ინტერვიუ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან
Irakli Lekvinadze / ირაკლი ლექვინაძე
Chairman of the National Competition Agency of Georgia, Doctor of Business Administration, Mr. Irakli Lekvinadze / საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ირაკლი ლექვინაძე
Abstract
Introduction
„ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობა და დაცვა“
- ბატონო ირაკლი მოგესალმებით, მოხარულები ვართ, რომ დღეს ჩვენი რესპოდენტი ბრძანდებით, მადლობას გიხდით ინტერვიუსათვის.
ბატონო ირაკლი, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა უწყებაა, მიუხედავად აღნიშნულისა სააგენტომ ამ მცირე პერიოდში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განახორციელა, აღსანიშნავია ასევე ბოლო პერიოდის საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელიც უკავშირდება კონკურენციის სააგენტოს მომავალ საქმიანობას, ბატონო ირაკლი, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად - რა შეიცვალა, რა მიზნით და რა შედეგებს უნდა ელოდოს საზოგადოება, ასევე მიმდინარე და დასრულებულ საქმეებზე, რომ მოგვახსენოთ უფრო ვრცლად.
- უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით ბატონო ლაშა და მივესალმები თქვენს მკითხველს.
ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობა და დაცვა. აღვნიშნავდი, რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, შეიქმნა 2014 წელს. ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში მომზადდა კონკურენციის კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის 4 ნოემბერს ძალაში შევიდა. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორი კანონპროექტი, რომლის აღსრულებაც 2021 წლიდან სააგენტოს ეკისრება.
2020 წელი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის გამორჩეულია. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში და მათი მხარდაჭერით იქნა მომზადებული. ცვლილებებზე მუშაობა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იქნა დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ. მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა პრაქტიკაში მიღებული ხარვეზებისა და ევროპელი ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე. საკითხის განხილვა მიმდინარეობდა სხვადასხვა პლატფორმაზე, სამიზნე ჯგუფების აქტიური ჩართულობით. შეხვედრებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ექსპერტები, კონკურენციის თემატიკით დაინტერესებული საკონსულტაციო კომპანიების, სამეცნიერო წრის, იურიდიული კომპანიების, ბიზნეს სექტორის, მარეგულირებელ ორგანოებისა და არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ძლიერი კონკურენციის პირობების შექმნა არის ის წინაპირობა, რომელიც უზრუნველყობს ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს და ხელს უწყობს სამართლიანი ბიზნეს გარემოს ფორმირებას. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობა, კანონპროექტის მიღების მიზანი იყო ის, რომ საქართველოს ჰქონდა ყოვლისმომცველი, DCFTA-ის მოთხოვნებთან შესაბამისი, სრულყოფილი, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებული, ეფექტიანი კონკურენციის კანონმდებლობა.
მინდა ასევე გითხრათ, რომ წინამდებარე კანონი მოიცავდა არაერთ სისტემურ ხარვეზს. კერძოდ, მარეგულირებელი ორგანოების კანონმდებლობა სრულად არ ფარავდა კონკურენციის საკითხებს. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელი ჩასწორდა იყო კონკურენციის სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნა. მიღებული ცვლილებების შედეგად, დღეს უწყებები კონკურენციის სამართლის ძირითად საკითხებზე ერთიანი პრინციპებით მოქმედებენ. მარეგულირებელ ორგანოებს დარჩათ საკუთარ სექტორებში კონკურენციის აღსრულების ვალდებულება და სწავლობენ იმ საკითხებს, რომლებიც მხოლოდ რეგულირებად სუბიექტებს ეხება. სხვა ყველა შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო არის კონკურენციის სააგენტო. ასევე, მაგალითად, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კანონი არ ითვალისწინებდა არანაირ სანქციას და სააგენტო ახორციელებდა მხოლოდ დარღვევის ფაქტის დადგენას. უწყება იყო უმოქმედო - დარღვევის აღმოუფხვრელობის ან განმეორებითობის შემთხვევაში. შესაბამისად, დაწესდა სანქცია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევებზე - ჯარიმის მოცულობა ბრუნვის 1%-მდე ოდენობით. სააგეტოს საქმიანობას მნიშვნელოვნად აფერხებდა ინფორმაციის გამოთხოვის არასავალდებულო ხასიათი. საქმის მოკვლევის, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის და მონიტორინგის პროცესში, ეკონომიკური აგენტების მხრიდან სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მოწოდება დღეს არის სავალდებულო, ხოლო წესის დარღვევის შემთხვევაში ეკონომიკური აგენტი დაჯარიმდება.
- ბატონო ირაკლი, ახალ კანონში რამდენად გათვალისწინებულია საერთაშორისო პრაქტიკა?
- საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში, სააგენტომ ძირეულად შეისწავლა საერთაშორისო პრაქტიკა და მეთოდები. შედეგად, ევროკავშირში აპრობირებული მიდგომა, რომელიც კარტელების გამოძიების მთავარი ბერკეტია დღეს უკვე ჩვენთანაც დანერგილია. კერძოდ, ეკონომიკური აგენტების ადგილზე მოულოდნელი შემოწმების შემთხვევაში სასამართლო არ მოახდენს მათ წინასწარ ინფორმირებას. ასევე, დადგინდა კონცენტრაციების კონტროლის ორფაზიანი სისტემა და შეტყობინების განხილვის საფასური. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმს - სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში - განისაზღვრა ჯარიმა, მაქსიმუმ, 5%-ის მოცულობით. ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების სრულყოფილად შესწავლის საჭიროებიდან გამომდინარე - მოკვლევის მაქსიმალური ვადა, 10 თვის ნაცვლად, განისაზღვრა 18 თვით. აქ ჩამოთვლილი საკითხების გარდა, არის კიდევ სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც ჩასწორდა. მაგალითად, დაზუსტდა - რა ქმედებები იგულისხმება კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვაში, ახლებურად განისაზღვრება რიგი ტერმინები და მიდგომები.
- ბატონო ირაკლი, როგორც უკვე აღინიშნა, 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორი კანონპროექტი, რომლის აღსრულებასაც 2021 წლიდან საააგენტო იწყებს. რა უფლებამოსილებების ფარგლებში იმოქმედებს უწყება სახელმწიფო ტენდერებში წარმოშობილი დავების გადაჭრის მიმართულებით და რა მექანიზმებით გეგმავს სააგენტო ადგილობრივი წარმოების დაცვას დემპინგური იმპორტისგან. ამ დროისათვის, რა ეტაპზეა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, რომლის აღმასრულებელ უწყებადაც ასევე კონკურენციის სააგენტოა განსაზღვრული.
- მინდა გითხრათ, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატი კონკურენციის სააგენტოს უერთდება. კანონპროექტი ორ ძირითადი მიზანს ემსახურებოდა: 1.საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და 2.სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში დავების განხილვის წესის გაუმჯობესება/დახვეწას. მიღებული ცვლილებების მიხედვით, ჩამოყალიბდა ინსტიტუციურად დამოუკიდებელი დავების განმხილველი საბჭო, რომელიც დაფინანსდება საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საბიუჯეტო ასიგნებებიდან, თუმცა, სრულიად გამიჯნული იქნება სააგენტოსგან და იფუნქციონირებს, როგორც სრულიად დამოუკიდებელი ორგანო. „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტი, რომელიც საქართველომ ამ უახლოეს წლებში მიიღო. კანონმდებლობა საქართველოს რეალობისთვის არის სიახლე და მიზნად ისახავს სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებისა და ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური იმპორტისგან დამცავი ინსტრუმენტის შემოღებას. პროექტი მომზადდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. კანონის შესაბამისად, მოკვლევის ორგანო არის საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, რომელიც საკითხის შესწავლას იწყებს ყოველი კონკრეტული პროდუქტის შესახებ ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვის საფუძველზე, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებს. ანტიდემპინგური ღონისძიების შედეგად დაწესებული ტარიფის ადმინისტრირებას განახორციელებს შემოსავლების სამსახური.
ამ ეტაპზე, კანონპროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, რომელიც ევროდირექტივების სრული გათვალისწინებით არის მომზადებული და ემსახურება მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას. მიღებული ცვლილებების მიხედვით, მოვაჭრეს ეკისრება ვალდებულება მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. მიღებული კანონი დაიცავს მომხმარებელს უსამართლო კომერციული შეთავაზებისგან, აგრესიული მარკეტინგისგან, შეცდომაში შემყვანი რეკლამისგან. კანონი ვრცელდება, როგორც ქუჩაში, ასევე ონლაინ და დისტანციურად დადებულ გარიგებებზე. მომართვის საფუძველზე კონკურენციის სააგენტო შეისწავლის განაცხადს, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოვაჭრეს მისცემს გაფრთხილებას და კონკრეტულ ვადას გამოსასწორებლად, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში გამოიყენებს სანქციას.
- ბატონო ირაკლი, მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებისა და სხვა მნიშნელოვანი აქტივობების პარალელურად, უწყების მიერ გავრცელებული მასალების თანახმად, 2020 წელს სააგენტომ დაასრულა 5 მონიტორინგი და 3 მოკვლევა. ასევე, მომზადდა კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი და ნავთობის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში გამოიცა პირველი შუალედური მიმოხილვა. რა მონაცემებია დღეისათვის აღნიშნულ ბაზარზე და როდისთვის უნდა ელოდოს საზოგადოება ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შესახებ დასმულ შეკითხვებზე პასუხებს.
- დიახ, მიმდინარე წელი, პანდემიის მიუხედავად, ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებით უწყებისათვის საკმაოდ დატვირთული იყო. სააგენტომ 8 მონიტორინგიდან 5 ბაზრის შესწავლა დასრულდა - ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგი; ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი; ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზრის მონიტორინგი; ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგები; საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგი, სადაც სააგენტოს მხრიდან გაიცა რეკომენდაცია - საცალო ბაზრის სუსტი მოთამაშეების ინტერსების დამცავი საკანონმდებლო ნორმის შემოღების მიზნით საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაზე. ფარმაციის ბაზრის მონიტორინგთან დაკავშირებულ შეკითხვას რაც შეეხება - შედეგები იქნება 2021 წლის პირველ ნახევარში, რაც, როგორც ყველა დანარჩენ მონიტორინგთან დაკავშირებით იყო, იქნება საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომი. ამ ეტაპისათვის ვიტყვი მხოლოდ ერთს, ძალაუფლების ცენტრი გადატანილი უნდა იყოს მომხმარებლის მხარეს, მათი ინეტრესების დაცვის შესაბამისად. კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლო არის ის, რომ საზოგადოებამ შეძლოს მიიღოს ხარისხიანი პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად და როცა მომხმარებელი არის მეტად ინფორმირებული ალტერნატივების შესახებ, რომელიც რეალურად არსებობს დღეს შესაბამის ბაზარზე, შედეგიც და კონკურენციის სიკეთეების ძალაც ხდება კიდევ უფრო ხელშესახები. საზოგადოების მაღალი ინტერესების შესაბამისად, სწორედ იმიტომ რომ უწყებამ დაიცვას გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი და დაინტერესებულ მხარეებს მუდმივ რეჟიმში მიაწოდოს ინფორმაცია, ჩვენ გადავწყვიტეთ, საწვავის ბაზარზე, მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, გარკვეული პერიოდულობით, მიღებული მონაცემები გამოვაქვეყნოთ. დღეს არსებულ შედეგებზე რომ ვისაუბროთ, ამისათვის 2013 წლიდან დღემდე სტატისტიკურად მიღებული მონაცემები უნდა ვახსენოთ, კერძოდ: 2012 წელს, ბაზრის იმპორტის დონეზე წარმოდგენილი იყო 8 ეკონომიკური აგენტი, რომელთა რაოდენობა 2019 წელს 63-მდე გაიზარდა. ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი 2019 წლის მონაცემებით შეადგენს 60%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 40%-ის ფარგლებშია. 2015 წლის დასაწყისში, ბაზარზე ფუნქციონირებდა, დაახლოებით, 960 ავტოგასამართი სადგური, 2019 წელს მათი რიცხვი 1210-ს შეადგენდა. ავტოგასამართი სადგურების, განსაკუთრებით მცირე ქსელების რაოდენობრივი ზრდის შედეგები აისახა 2018-2019 წლებში საბაზრო წილების განაწილების დინამიკაზე. კერძოდ, ხსენებული სეგმენტის წილი 2018 წელს საცალო სარეალიზაციო ბაზარზე შეადგენდა, დაახლოებით, 39.6%-ს, ხოლო 2019 წელს - 39.9 %-ს. მონაცემები ცხადყოფს, რომ როგორც ბენზინისა და დიზელის იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო რეალიზაციის ნაწილში მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა გაზრდილია. შემცირებულია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი, რაც კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მაჩვენებელია. ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლის შედეგად-მომხმარებელს ხელი მიუწვდება შედარებით/მნიშვნელოვნად დაბალი ღირებულების მქონე საწვავზე. შესაბამისად, ბაზარზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი საფასო სეგმენტი მომხმარებლისთვის დამატებითი სარგებლის მიღების პოტენციალია. გამომდინარე იქიდან, რომ საწვავის გლობალურ და ადგილობრივ ბაზარზე, როგორც რეალიზაციის, ასევე ფასების ფორმირების თვალსაზრისით COVID 19-მა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, მონიტორინგის ფარგლებში, საჭირო გახდა დამატებითი ინფორმაციის ანალიზი. შესაბამისად, უახლოეს მომავალში, სააგენტო დაინტერესებულ საზოგადოებას მეორე შუალედურ დასკვნას წარუდგენს. ხშირად ისმის შეკითხვა ფასების კონტროლთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კონკურენციის სააგენტოს მანდატი ფასების კონტროლი არ არის. ჩვენ ვუყურებთ და ვაკვირდებით - ფასების ზრდის პროცესი ხომ არ არის გამოწვეული რაიმე ისეთი ქმედებით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კონკურენციის პრინციპებთან და ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობასთან.
დაბოლოს აღვნიშნავდი, რომ 2020 წელს სააგენტომ დაასრულა 3 მოკვლევა - ჯევერს დეველოპმენტის, შპს ჯი-თი მოტორსის და სადაზღვევო კომპანია უნისონის საქმეებზე. ერთში დაფიქსირდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყების ფაქტი, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა შესაბამისი სანქცია. ორში კი დადასტურდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. მიმდინარე რეჟიმშია 3 მოკვლევის პროცესი. 2020 წელს ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ გაიცა - 1 თანხმობა. ამ დროისათვის, კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სასამართლო კონტროლის ფარგლებში, სხვადასხვა ინსტაციებში, მიმდინარეობს 11 სასამართლო დავა. გარდა ამისა, 2020 წელს დაიწყო რეგიონულ დონეზე კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერება და უწყებას, აჭარის რეგიონში, უკვე ყავს თავისი წამომადგენელი. ასევე, მომზადდა კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადაზღვევო სექტორის საქმიანობის მაჩვენებლებზე დადებითად აისახა. მომზადდა გზამკვლევი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის საკითხებს კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი.
ესაუბრა ჟურნალ „The New Economist“-ის
პასუხისმგებელი მდივანი,
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი,
ლაშა ტაბატაძე.
References
The New Economist N4, (2020), Vol 15, Issue 3
11/01/2021
Copyright (c) 2021 Irakli Lekvinadze / ირაკლი ლექვინაძე
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.