Logo

Historical narratives of the “New World Order” / „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ისტორიული ნარატივები

eka-11.jpg
Ekaterine Lomia / ეკატერინე ლომია

Ph.D. Candidate in Political Science / პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი/ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

Abstract

The conception of the "new world order", that has gained special attention in political science since the collapse of the Soviet Union, is not a new paradigm. As world-historical processes show, it has developed in parallel with important global events and created a big picture of world politics. Clear illustrations of the mentioned are the Treaty of Vestphalia signed in 1648, the Declaration of Independence of the United States of America signed in 1776, the French Revolution in 1789, the Russian Revolution in 1917, creation of the League of Nations in 1919, United Nations and the North Atlantic Treaty Organization etc.

The aim of the article is to discuss the "new world order" from historical perspectives. The work focuses on the world order of the XX century, which divided the world into the opposing sides and has significantly defined the "new world order" of the XXI century as well.

Keywords: “New world order”, Global Politics, Conflicts, War, Peace. /„ახალი მსოფლიო წესრიგი“, გლობალური პოლიტიკა, კონფლიქტები, ომი, მშვიდობა.

Introduction

ანოტაცია

ცნება-„ახალი მსოფლიო წესრიგი“, რომელმაც პოლიტიკის მეცნიერებაში განსაკუთრებული აქტუალობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდიდან შეიძინა, არცთუ ისე ახალია. როგორც მსოფლიო ისტორიული პროცესები ცხადყოფს, აღნიშნული პარადიგმა მნიშვნელოვანი გლობალური მოვლენების პარალელურად ვითარდება და მსოფლიო პოლიტიკის დიდ სურათს ქმნის. ზემოაღნიშნულის თვალსაჩინო ილუსტრაციაა 1648 წლის ვესტფალიის ზავი, 1776 წლის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია, 1789 წლის საფრანგეთის რევოლუცია, 1917 წლის რუსეთის რევოლუცია, 1919 წელს „ერთა ლიგის“ დაარსება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნა, „ცივი ომი“ და სხვა.

სტატიის მიზანია განიხილოს „ახალი მსოფლიო წესრიგი“ ისტორიულ ჭრილში. ნაშრომში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია XX საუკუნეში დამყარებულ წესრიგზე, რომელმაც მსოფლიო გავლენის სფეროებად გაყო და მნიშვნელოვნად განსაზღვრა XXI საუკუნეში გლობალიზაციის კვალდაკვალ ჩამოყალიბებული „ახალი მსოფლიო წესრიგიც“.

შესავალი

მსოფლიოში მშვიდობის დამყარება და ომის დამანგრეველი ფენომენის თავიდან აცილება მუდამ იყო და რჩება კაცობრიობის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად, რომლის მოლოდინში სამყარომ ათასწლეულები გალია. მშვიდობიანი მსოფლიოს აუცილებლობა ალბათ დასაბამითვე იდგა, მაგრამ XX საუკუნე გასულ საუკუნეებზე გაცილებით უფრო მკაცრი და საშინელი აღმოჩნდა, რომელსაც წითელ ზოლად სდევდა ყველაზე მასშტაბური, სისხლისმღვრელი და დამანგრეველი ომები კაცობრიობის ისტორიაში. პოლიტიკური, კულტურული და ტექნოლოგიური რევოლუციების კვალდაკვალ, მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობდა სხვადასხვა მასშტაბის საომარი ოპერაციები და კონფლიქტები. სწორედ XX საუკუნის პროდუქტებია ატომური იარაღის შექმნა, ქიმიური, ბიოლოგიური თუ სხვა სახის მასობრივი განადგურების საშუალებები. აღნიშნულმა მოვლენებმა ორჯერ უფრო მეტად აქტუალური გახადა მშვიდობაზე საუბარი და სამეცნიერო წრეებში მოამწიფა შეხედულება, რომ საყოველთაო კეთილდღეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევა ჯერ კიდევ შორეული ხედვის მირაჟია და კაცობრიობის წინაშე ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ცივილიზაციათა გადარჩენის საკითხი, რომელიც მეორე მხრივ, სწორედ პოლიტიკის ამოუხსნელი ბუნებითაც არის განპირობებული.

1990 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ის (ამერიკის შეერთებული შტატები) კონგრესზე, „ახალი მსოფლიო წესრიგისადმი“ მიმართულ გამოსვლაში, ჯორჯ ბუშმა (უფროსი), რომლის თვალწინ ის-ის იყო ბერლინის კედელი დაინგრა და საბჭოთა კავშირმა დაშლა დაიწყო, საზოგადოებას საკუთარი მიზნები გააცნო „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის შესახებ: „დღემდე, მსოფლიო, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით, შეიცვალა-გაიყო ეკლიანი მავთულებითა და ბეტონის კედლებით, კონფლიქტებითა და „ცივი ომით“. ახლა, ჩვენ უკვე შეგვიძლია დავინახოთ მომავალი ახალი მსოფლიო, რომელშიც არსებობს „ახალი მსოფლიო წესრიგის“ სავსებით რეალური პერსპექტივა. უინსტონ ჩერჩილმა სიტყვებში „მსოფლიო წესრიგი“, იგულისხმა „სამართლიანობის პრინციპები და პატიოსანი თამაში... სუსტის დაცვა ძლიერისგან...“, მსოფლიო, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია თავისუფალია „ცივი ომის“ ჩიხისგან და მზად არის მშვიდად განახორციელოს დამფუძნებელთა ისტორიული ხედვები. მსოფლიო, სადაც თავისუფლებასა და ადამიანთა უფლებების პატივისცემას ყოველი ერი იგრძნობს“.[7]

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ ჩამოყალიბებული საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა, „ცივი ომის“ დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმის ხელახლა ამოქმედებას ითვალისწინებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ახალი მსოფლიო წესრიგი“ ტერორის საფრთხისგან თავისუფალ სამყაროს, სამართლიანობისა და მშვიდობისკენ სწრაფვას, აღმოსავლეთ–დასავლეთისა და ჩრდილოეთ–სამხრეთის ჰარმონიულ თანაარსებობას მოასწავებდა. ამრიგად, ეს ბუნდოვანი ფრაზები სინამდვილეში დიდ სახელმწიფოთა მეტ თანამშრომლობას, გაეროს (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) გაზრდილ როლსა და საერთაშორისო სამართლის მეტ მნიშვნელობას გულისხმობდა.

  1. „ახალი მსოფლიო წესრიგი“ ისტორიულ ჭრილში

ვინაიდან, მსოფლიო პოლიტიკაში „ახალი მსოფლიო წესრიგის“ პარადიგმის ძირითადი პრინციპები და ამოცანები მსოფლიო ჰეგემონობისკენ სწრაფვაა, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ იგი ჯერ კიდევ უძველესი ცივილიზაციებიდან იღებს სათავეს. მაგალითად, ანტიკურ ეგვიპტეში „ახალი მსოფლიო წესრიგი“ გარკვეულ რწმენა-წარმოდგენებს მოიცავდა.[9] ცალკეული მცდელობები კი, რომლებიც მიმართული იყო მსოფლიო ან რეგიონური დომინირების მიღწევისკენ, ალექსანდრე მაკედონელის, ჩინგიზ ხანის, ნაპოლეონისა და ჰიტლერის ეპოქებს უკავშირდება.

1648 წლის ვესტფალიის ზავი, რომელმაც ევროპის კონტინენტზე ოცდააწლიანი ომი და საომარი მოქმედებები დაასრულა, „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ერთ-ერთ საწყის ეტაპად შეიძლება მივიჩნიოთ. ვესტფალიის ზავის შედეგად გაქარწყლდა რომის კათოლიკური ეკლესიის გავლენა მაშინდელი ევროპის სამხედრო და პოლიტიკურ სისტემაზე, აიძულა ქვეყნები არ ჩარეულიყვნენ ერთმანეთის საშინაო საქმეებში და პატივი ეცათ მხარეთა ტერიტორიული უფლებებისა თუ დამოუკიდებლობისთვის. მეორე მხრივ, ვესტფალიის ზავმა განამტკიცა რელიგიური შემწყნარებლობის პრინციპი (cuius religio, eius religio - ვინც მართავს, რწმენასაც განაგებს) და საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი სახელმწიფოებისგან შემდგარი ევროპის „ახალი მსოფლიო წესრიგის“ შექმნას. ცხადია, მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე არაერთი ომი გაჩაღდა, როგორც ევროპის საზღვრებს შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვესტფალიის ომისშემდგომი საომარი მოქმედებები უფრო იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ხასიათს ატარებს და არ განიხილება უშუალოდ რელიგიური დაპირისპირების ჭრილში.[16]

უფრო მოგვიანებით, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, „ახალი მსოფლიო წესრიგი“ მყარდება ამერიკის კონტინენტზე. კაცობრიობის ისტორიაში დგება გარდამტეხი ეტაპი, როდესაც მონობის უღელს დაქვემდებარებული ადამიანები ერთხმად ილაშქრებენ დამოუკიდებლობისა და თანასწორობისთვის, იბრძვიან რა, დაიცვან ღვთის მიერ ბოძებული სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების ხელშეუვალი უფლებები და „დაშალონ ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მათ სხვა ხალხებს უქვემდებარებს“. შედეგად, 1776 წლის 4 ივლისს ჩრდილოეთ ამერიკის ცამეტი კოლონია დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.[2] დეკლარაციის ტექსტის ავტორი თომას ჯეფერსონი წერდა: „ჩვენთვის თავისთავად ცხადია ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანები შექმნილნი არიან როგორც თანასწორი არსებანი, მათ ღვთის მიერ მინიჭებული აქვთ გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა“.[3]

1789-1794 წლების საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია გარდამტეხი ეტაპია კაცობრიობის ისტორიაში. მან საფუძველი ჩაუყარა „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარებას არა მარტო ევროპის კონტინენტზე, არამედ დიდწილად განსაზღვრა მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე უბრალო ადამიანების უფლებები და თავისუფლებები. საფრანგეთის რევოლუციამ დაამხო აბსოლუტური მონარქია და ნიადაგი მოუმზადა კაპიტალიზმის დამყარებას. რეცოლუციის შედეგად, ქვეყანაში დასრულდა მონარქთა შეუზღუდავი მმართველობის ძველი რეჟიმი და „თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა გამოცხადდა“. აღნიშნულ მოვლენებს წინ უძღოდა დიდი იდეოლოგიური რევოლუცია, ფრანგი განმანათლებლების თაოსნობით (დენი დიდრო, ფრანსუა მარი არუე ვოლტერი, ჟან-ჟაკ რუსო, შარლ ლუი დე მონტესკიე და სხვა), რომელთა ნაშრომებმა და პოლიტიკურმა შეხედულებებმა დიდი წვლილი შეიტანა საფრანგეთის რევოლუციაში.[13]

ისტორიის პროცესების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ მხოლოდ 13 ასწლეულში ჯვაროსნული ლაშქრობებისა და ბიზანტიის იმპერიის გაძლიერების შედეგად მოხერხდა დასავლეთში საფინანსო-ეკონომიკური რესურსების აკუმულირება, რამაც იმავდროულად ანგლო-საქსონური ცივილიზაციის ლიდერობა განსაზღვრა. მოგვიანებით, XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი გავლენიანი სუბიექტი-„ანგლო-ამერიკული ისტებლიშმენტი“.[2] რიჩარდ ჰოლის მიხედვით, სწორედ ანგლო-ამერიკული ისტებლიშმენტი, ტრანსნაციონალური ოლიგარქიის მხარდაჭერით, ხელს უწყობდა „ახალი მსოფლიო წესრიგის“ პარადიგმის განვითარებას.[10]

  1. XX საუკუნის მსოფლიო წესრიგი: ამერიკის შეერთებული შატატები, საბჭოთა კავშირი და „ცივი ომის “ პერიოდის მსოფლიო გადანაწილება

XX საუკუნის დამდეგს, რუსეთის რევოლუციების ქარცეცხლიანმა ეპოქამ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გაერთიანების, სსრკ-ის (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი) შექმნას ჩაუყარა საფუძველი, რომელმაც ბოლო მოუღო ცარისტული მმართველობის მრავალსაუკუნოვან ეპოქას რუსეთის იმპერიაში. პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაიშალა არ მარტო რუსეთის, არამედ ოსმალეთის, ავტრია-უნგრეთისა და გერმანიის იმპერიები. როგორც სამუელ ჰანტინგტონი აღნიშნავდა: „დასავლეთმა დაიპყრო სამყარო არა საკუთარი იდეებით, ფასეულობებითა და რელიგიური უპირატესობებით, არამედ ორგანიზებული ძალადობით. დასავლეთის მცხოვრებნი ხშირად ივიწყებენ ამ ფაქტს, არადასავლელები ამას არ დაივიწყებენ არასდროს“.[14,გვ.269]

ვუდრო უილსონის მიერ „ერთა ლიგის“ შექმნა „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ერთგვარ პოლიტიკურ-სამართლებრივ კონსტრუქციად მიიჩნევა და ფაქტობრივად, XX საუკუნის მსოფლიო წესრიგის ქვაკუთხედადაც მოიაზრება. უილსონის დებულების მიხედვით, აშშ-ის მსოფლიოში იმ ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვაზე უნდა ეზრუნა, რომელზეც დაფუძნებულია თვით აშშ-ის 1774 წლის კონსტიტუცია. მისი შეხედულების თანახმად, ამერიკის მთავარი დანიშნულება ამ კუთხით, დემოკრატიული პრინციპებისა და ლიბერალური ღირებულებების დაცვა იყო. შესაბამისად, უილსონი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ამერიკული იზოლაციონიზმის პოლიტიკას. მან ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნა 14 პუნქტისგან შემდგარი „ერთა ლიგის“ გაერთიანება, რომლის უმთავრესი მიზანი მსოფლიო პოლიტიკურ აქტორებს შორის ძალთა გადანაწილება, კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საყოველთაო მშვიდობის დამყარება იყო.[12]

უილსონი ასევე მკაცრად ეწინააღმდეგებოდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ზედმეტი დასჯის იდეას და მიიჩნევდა, რომ შურისძიების სურვილით შეპყობილი ქვეყანა გაცილებით უფრო სახიფათო იქნებოდა მსოფლიოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვერსალის ზავმა მაინც მკაცრად დასაჯა გერმანია, დაათმობინა უდიდესი ტერიტორიები, ხოლო რურის ინდუსტრიული ოლქი დემილიტარიზებულად გამოცხადდა.

მოგვიანებით, „ერთა ლიგის“ უძლურებამ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ და სისხმლისმღვრელ კონფლიქტამდე მიგვიყვანა, რომელმაც სამოცი მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ დააყენა კაცობრიობის გადარჩენის საკითხი. ასევე, მომწიფდა შეხედულება, რომ გაერთიანებამ ვერ შეძლო კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მიუხედავად ამისა, XX საუკუნის პირველ ნახევარში, „ერთა ლიგა“ მაინც დაედო საფუძვლად ისეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნას როგორიცაა გაერო.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნების ლიდერებმა ე.წ. „დიდი სამეული“ შექმნეს, აშშ-ის, სსრკ-ისა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებით. სწორედ ფრანკლინ დელანო რუზველტს, იოსებ სტალინსა და უინსტონ ჩერჩილს უნდა გადაეწყვიტათ მსოფლიოს სამომავლო ბედი და ის, თუ როგორი იქნებოდა მეორე მსოფლიო ომისშემდგომი „ახალი მსოფლიო წესრიგი“. უინსტონ ჩერჩილი მიზნად ისახავდა ისეთი მსოფლიო ხელისუფლების ჩამოყალიბებას, რომელიც გლობალურ პრობლემებს მოაგვარებდა. მისი ღრმა რწმენით, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო მსოფლიოს პოლიტიკური ცვლილებებისა და ძალთა ბალანსის გამომხატველი ახალი ეპოქის დასაწყისი. სწორედ, აღნიშნული პათოსით იყო განპირობებული 1943 წლის თეირანისა და 1945 წლის იალტის კონფერენციები „დიდ სამეულს“ შორის.[4]

ამრიგად, მსოფლიო ხელისუფლების ჩამოყალიბებამ პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნისკენ უბიძგა, რომელიც მათივე რწმენით, გლობალურ პრობლემებს მოაგვარებდა, კაცობრიობას ომის დამანგრეველ ფენომენს აარიდებდა და მარადიული მშვიდობის დამყარებას შეუწყობდა ხელს. გაეროს შემქმნელებს სჯეროდათ, რომ იგი უფრო ქმედითი იქნებოდა ვიდრე „ერთა ლიგა“ და მისი ქოლგის ქვეშ ყველა, ტერიტორიულად დიდი თუ პატარა სუვერენული სახელმწიფოს ინტერესი ერთნაირად იქნებოდა დაცული.

გაერო მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, 1945 წელს, სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე შეიქმნა. დასაწყისშივე იგულისხმებოდა, რომ გაეროს „ერთა ლიგის“ მიერ დაშვებული შეცდომები უნდა „გამოესწორებინა“. იგი რეალიზმისა და იდეალიზმის ერთგვარი ნაზავია, მისი ქარტია კი ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველ ყველა სახელმწიფოს ავალდებულებს პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, უარი თქვას ძალის გამოყენებაზე, საერთაშორისო კონფლიქტები მოაგვაროს მხოლოდ მშვიდობიანი გზით და პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

მიუხედავად იმისა, რომ გაერომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და დიდ წარმატებას მიაღწია მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მიმდინარე კონფლიქტების მართვა-დარეგულირების კუთხით (როგორიცაა 1959 წელს ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, 1962 წელს დანიასა და ინდონეზიას შორის დაპირისპირების განმუხტვა და სხვა), მეოცე საუკუნის მიწურულს, ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გაეროს ქმედითუნარიანობის საკითხი. აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია ორგანიზაციის სრული უმოქმედობა საბჭოეთის ინტერვენციების წინააღმდეგ, ჯერ კიდევ 1950-1960-იან წლებში, როდესაც გაერომ ვერ შეძლო საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებული კონფლიქტების დარეგულირება უნგრეთში (1956), ჩეხოსლოვაკიასა (1968) და ავღანეთში (1979). ეს დიდწილად განპირობებული იყო გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის სტრუქტურით, რომელთა შორის აშშ-ის, დიდ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ჩინეთიც გვერდით რუსეთიც არის წარმოდგენილი (1991 წლამდე საბჭოთა კავშირი). უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა პრივილეგია- „ვეტოს“ უფლება, ლეგიტიმურ უფლებამოსილებას ანიჭებს რუსეთს დაბლოკოს ან არ გაატაროს მისი საგარეო კურსისთვის შეუთავსებადი ან მიუღებელი გადაწყვეტილება.[11,გვ. 213-215]

ფართო გაგებით, „ცივი ომიც“, როდესაც ყოფილ მოკავშირეებს შორის მწვავე იდეოლოგიური და პოლიტიკური დაპირისპირება ორმოცდაათწლიან კონფრონტაციაში გადაიზარდა და მსოფლიო ე.წ. „ზესახელმწიფოებად“ და მათზე დაქვემდებარებულ სატელიტებად დაყო, „ახალი მსოფლიო წესრიგის“ გარანტი იყო. დაპირისპირებამ კაპიტალისტურ და სოციალისტურ ბანაკებს შორის რამდენჯერმე დააყენა ბირთვული ომის საფრთხე და არაერთი კრიზისული სიტუაცია შექმნა .ე.წ. „მესამე სამყაროს“ ქვეყნებში.[1]

„ცივი ომის“ პერიოდში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკურმა კურსმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. მისი იზოლაციონისტური პოლიტიკა უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკური კურსით შეიცვალა და ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულების გარანტორი გახდა, როგორც დასავლეთის, ანუ კაპიტალისტური სამყაროს ერთპიროვნული ლიდერი. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმის გავრცელების შესაჩერებლად, აშშ-მა ისეთი ფართომასშტაბიანი ღონისძიებები განახორციელა, როგორიცაა ნატოს (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია) სამხედრო ბლოკის შექმნა, მარშალის გეგმა, საბერძნეთისა და თურქეთისთვის სამხედრო მხარდაჭერა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნატო-ში გაწევრიანება და ა.შ.

ამრიგად, „ახალი მსოფლიო წესრიგის“ რთული და ხანგრძლივი პროცესი ფონად გაჰყვება აშშ-ის ისტორიულ და პოლიტიკურ-კულტურულ ევოლუციას, დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან XX საუკუნის მიწურულამდე, როდესაც იგი ერთადერთ ზესახელმწიფოდ გამოცხადდა და მნიშვნელოვნად განსაზღვრა არა მარტო XX საუკუნის, არამედ XXI საუკუნის ძალთა ბალანსი მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე.

აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწორედ „ახალი მსოფლიო წესრიგის“ კონტექსტში განიხილება აშშ-ის საგარეო პოლიტიკური სტრატეგია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან, განსაკუთრებით კი XX საუკუნის 80-90-იანი წლებიდან, როდესაც მახლობელი აღმოსავლეთი აშშ-სთვის „სასიცოცხლო მნიშვნელობის ზონად“ განისაზღვრა. აღნიშნულმა კონცეფციამ არაბული სამყაროს, ირანის, ისრაელისა და თურქეთის გარდა ცენტრალური აზიის დასავლეთი ნაწილი და ტრანსკავკასიური რეგიონი მოიცვა. აშშ-ის პერსპექტივიდან, კავკასიის რეგიონი განიხილებოდა როგორც „სტრატეგიული ენერგეტიკული ელიფსი“, რომლის საზღვრებში მსოფლიო რესურსების 70 %-ია თავმოყრილი.[8]

„ახალი მსოფლიო წესრიგის“ შექმნისა და მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბების ერთგვარ ფორმულირებას წარმოადგენს ცნობილი პოლონელ-ამერიკელი პოლიტოლოგისა და მეცნიერის ზბიგნევ ბჟეზინსკის ცნობილი ნაშრომი „დიდი საჭადრაკო დაფა: ამერიკული პოლიტიკა და მისი გეოსტრატეგიული იმპერატივები“. ბჟეზინსკი ამტკიცებს, რომ აშშ-ის გეოპოლიტიკური სიძლიერე და მისი ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო რესურსები აძლევს მას საშუალებას დიდ საჭადრაკო დაფაზე მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშე გახდეს. იგი მიიჩნევს, რომ აპრიორულად მნიშვნელოვანია სწორედ ამერიკული უნივერსალური სტრატეგიის გავრცელება ევრაზიის კონტინენტზე.[8]

მკვლევართა მეორე ნაწილის მოსაზრებით, „ახალი მსოფლიო წესრიგის“ სტრუქტურა, მიზანი და ამოცანები დასაწყისშივე უნდა განისაზღვროს ისე, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს არა რომელიმე ერთი სახელმწიფოს ნებით ან სახელით, არამედ მსოფლიო თანამეგობრობაში შემავალი თითოეული ქვეყნის ინტერესების დაცვითა და გათვალისწინებით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საერთო კონსენსუსის შედეგად. ამისათვის კი, უპირველეს ყოვლისა საჭიროა იმ ღირებული ფასეულობების შენარჩუნება, რომელიც ისტორიის უწყვეტი და ხანგრძლივი პროცესის მსვლელობაშია დაგროვილი.

რობერტსონი გვთავაზობს „ახალი მსოფლიო წესრიგის“ რამდენიმე ნიმუშს. მის მიერ ფორმულირებული ანტიგლობალური ტიპოლოგიის თანახმად, მსოფლიო განიხილება, როგორც ჩაკეტილი ცივილიზაციების მოზაიკა, რომელშიც “ფუნდამენტალურად ორიენტირებულ” ძალებს აქვს მკვეთრი მიდრეკილება აღადგინოს „ძველისძველი სოციალური წარმონაქმნები“.[15];[2] ამასთანავე, დანარჩენი ცივილიზაციები უნდა იყოს დახურული და არ ქმნიდეს „უკეთესი წყობილების“ საფრთხეს.

მეორე სცენარი განიხილავს დედამიწაზე ღმერთის მეუფების იდეას, რომელსაც ქადაგებს არა მარტო რომის კათოლიკური ეკლესია, არამედ სხვადასხვა ეკონომიკური თუ ეკოლოგიური მოძრაობა. აღნიშნული მოდელის მიხედვით, აუცილებელია საერთოპლანეტარული კონსენსუსის მიღწევა ისეთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებთან მიმართებით, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება და საერთაშორისო სამართალი.

რობერტსონის მიერ შემუშავებული მესამე სცენარის თანახმად, სამყარო, ეს არის სუვერენული და ურთიერთგახსნილი სახელმწიფოების ერთობლიობა, რომელთა შორის ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და კულტურული გაცვლები. მოცემულ პრიზმაში, მკვლევარი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტიკურად თანაბარი უფლებების მქონე სახელმწიფოებს წარმოადგენს, ეს იგივეა რაც „ცივილიზაციათა იერარქია“, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია თანამედროვე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფს.

მეოთხე სცენარი გულისხმობს კაცობრიობის გაერთიანებას მსოფლიო მთავრობის ეგიდით. რობერტსონის მიხედვით, აღნიშნული სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ ევროკავშირის ჭრილში, როდესაც დღევანდელ პოლიტიკურ ელიტებში სერიოზულად განიხილება ევროკავშირის თანამეგობრობის ეკონომიკური ინტეგრაციიდან უფრო პოლიტიზირებული ფორმისკენ ტრანსფორმირების საკითხი.[15];[2]

ამრიგად, მსოფლიო მმართველობის იდეა ემსახურება სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, რომელიც მიზნად ისახავს დედამიწაზე მშვიდობის დამყარებასა და კონფლიქტების თავიდან აცილებას „მსოფლიო ხელისუფლების“ მეშვეობით. XX საუკუნეში განვითარებულმა პროცესებმა, კერძოდ კი, ორი მსოფლიო ომის გამოცდილებამ, რომელსაც თან სდევდა უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ტექნოლოგიური ზრდა, საერთაშორისო თანამეგობრობა მიიყვანა იმ აზრამდე, რომ საჭირო იყო მსოფლიო მმართველობის ჩამოყალიბება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „მსოფლიო მოქალაქეობის“ ცნების დანერგვა და მსოფლიო ხალხების კულტურული, რელიგიური და ენობრივი გაერთიანება, რომელიც თავის მხრივ, მოსპობდა განსხვავებულობისა და მუდმივი მეტოქეობის სურვილს ქვეყნებსა და ცივილიზაციებს შორის და დედამიწაზე ნანატრ მშვიდობას დაამკვიდრებდა. როგორც უკვე აღინიშნა, გლობალური მართვის პირველ მცდელობად შეიძლება სწორედ „ერთა ლიგა“ ჩაითვალოს.

მეცნიერთა საკმაოდ დიდი ნაწილი სკეპტიკურად აფასებს „მსოფლიო მმართველობის“ როგორც „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარების იდეას და ამტკიცებს, რომ იგი შესაძლოა მსოფლიო ტირანიად იქცეს. მაშასადამე, მეცნიერთა ეს ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს „მსოფლიო მოქალაქეობის“ ცნების დანერგვის რეალურ შესაძლებლობას. მათ არგუმენტად მოჰყავთ ხალხებს შორის კულტურული, რელიგიური და ენობრივი განსხვავება, განსხვავებული ტრადიციები, ადათ-წესები და ისტორიული მეხსიერება, რომელიც ერი-სახელმწიფოების იდენტობის უმნიშვნელოვანესი ფასეულობებია. მაშასადამე, მათი „ერთ ხალხად“ გაერთიანება, აპრიორულად მიუღებელია, უსამართლობასთან ერთად. მესამე და ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გეოგრაფიული და ინსტიტუციური სიშორე ხელისუფლებასა და ხალხებს შორის, რომელიც ძნელად წარმოსადგენს ხდის მსოფლიო მმართველობის სისტემის წარმატებული და გამართული მექანიზმის თეორიიდან პრაქტიკაში განხორციელებას.[11,გვ. 213]

ამდენად, „ახალი მსოფლიო წესრიგის“ რთული და ხანგრძლივი პროცესი ფონად გაჰყვება აშშ-ის ისტორიულ და პოლიტიკურ-კულტურულ ევოლუციას, დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან XX საუკუნის მიწურულამდე, როდესაც იგი ერთადერთ ზესახელმწიფოდ გამოცხადდა და მნიშვნელოვნად განსაზღვრა არა მარტო XX საუკუნის, არამედ XXI საუკუნის ძალთა ბალანსი. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა ე.წ. „ანგლო-ამერიკული ისტებლიშმენტი“ და მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა იმდროინდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ასე მაგალითად, ცნობილი ამერიკელი მკვლევარი ქ. კუიგლი ხაზგასმით აღნიშნავდა „ანგლო-ამერიკული ისტებლიშმენტის“ ქსელურ ხასიათს საერთაშორისო მნიშვნელობით და ყურადღებას ამახვილებდა მის განსაკუთრებულ როლზე მსოფლიო ისტორიაში, როგორც „Pax-Britannica“, ასევე „Pax-Americana”, პერიოდში. ავტორის მიხედვით, აღნიშნული სუბიექტი, ტრანსნაციონალური ორგანიცაზიების მხარდაჭერით, ხელს უწყობდა და თან სდევდა „ახალი მსოფლიო წესრიგის“ პარადიგმის განვითარების ხანგრძლივ პროცესს.[10]

ამერიკელმა ჟურნალისტმა ჩიპ ბერლეტმა აღნიშნა: „როდესაც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკა ხელს შეუწყობდა „ახალი მსოფლიო წესრიგის“ შექმნას, ამ ფორმულირებამ ელექტროშოკივით დაუარა მოსახლეობას, რადგან ფრაზა მათ აღიქვეს, როგორც საზარელ ერთიან მსოფლიო მმართველობად „კოლექტივიზაცია“. ზოგიერთმა ქრისტიანმა პრეზიდენტის განცხადება მიიღო, როგორც გაფრთხილება ბოლო ჟამს მსოფლიო ლიდერთა მხრიდან ღალატის შესახებ. ანტიკომუნისტებმა კი დაინახეს აშშ-ის სუვერენიტეტის განადგურებისა და გაეროს მეშვეობით ტირანული კოლექტივიზმის თავს მოხვევის რეალური შესაძლებლობა“.[6]

გასული საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც საბჭოთა კავშირის კრიზისს მოგვიანებით მისი დაშლა მოჰყვა შედეგად, კიდევ ერთხელ შეცვალა მსოფლიო წესრიგის ვექტორები. თუ, „ცივი ომის“ დაპირისპირების მთელი ორმოცდახუთი წლის მანძილზე დასავლეთი უპირობო ლიდერად მიიჩნეოდა, ხოლო საბჭოთა კავშირი მისი ბირთვული პოტენციალის წყალობით, აშშ-ის საპირწონე ძალას ქმნიდა აღმოსავლეთში, 1980-იანი წლების ბოლოდან ნათელი ხდება ვაშინგტონის უალტერნატივო ლიდერობა და საბჭოთა კავშირის სრული მარცხი.

პოლიტიკური სურათი მკვეთრად იცვლება XX საუკუნის მიწურულსა და XXI საუკუნის დასაწყისში, როდესაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საფარქვეშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ჯერ ავღანეთში (2001 წ.), ხოლო მოგვიანებით კი ერაყში შეიჭრა (2003 წ.). მეორე მხრივ, ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრმა ზრდამ მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთის ევროპაზე გავლენა. აღნიშნულ პერიოდს დაემთხვა ვლადიმირ პუტინის კრემლში აღზევება, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მსოფლიო წესრიგის პარადიგმები.

„ახალი“ თუ „ძველი“ მსოფლიო წესრიგის ნორმებს შორის, ცალკე განხილვის საგნად რჩება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოსა და უკრაინაში; გაეროს წევრ სახელმწიფოებს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს კონსენსუსი ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნული სუვერენიტეტი და ადამიანის უფლებები, მსოფლიოს წინაშე კი ისევ სადავო საკითხია „ისეთი სამართლიანი ახალი მსოფლიო წესრიგის“ ფორმირება, რომლის ნორმებიც ერთნაირად იქნება სავალდებულო ყველა სახელმწიფოსთვის განურჩევლად მათი სიდიდისა, სიმდიდრისა თუ სიძლიერისა“.[5,გვ. 24-25]

დასკვნა

ზემოაღნიშნული პროცესების თანმიმდევრული ანალიზი ცხადყოფს, რომ „ახალი მსოფლიო წესრიგი“, რომელიც არაერთ ასწლეულს მოიცავს, საზოგადოების განვითარებასთან ერთად ყალიბდება და კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე გლობალური მასშტაბის ტრანსფორმაციას განიცდის. ასევე ეჭვგარეშეა, რომ ექსპანსიონიზმის, იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმისკენ მიდრეკილი სახელმწიფოებისთვის „ახალი მსოფლიო წესრიგი“ ერთპიროვნული მმართველობისა და მსოფლიო ბატონობის შენარჩუნებასთან ასოცირდება, რომლის არაერთი მაგალითი შემოინახა ისტორიის ფურცლებმა.

შუა საუკუნეებისგან განსხვავებით, როდესაც მსოფლიო დომინანტად ცენტრალური აზია გვევლინება, XX საუკუნემ დაგვანახა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დამაგრეველი ძალის-ნაცისტური გერმანიის აღზევების მცდელობის გამანადგურებელი შედეგები, რომელმაც სამოც მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და კიდევ ერთხელ დააფიქრა პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკური და სამეცნიერო ელიტა ცივილიზაციის გადარჩენის საკითხზე.

„ცივი ომის“ პერიოდში ზესახელმწიფოებს-ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის მწვავე გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური დაპირისპირების ერთგვარი პროდუქტებია ნატოსა და ვარშავის პაქტის შექმნა, ბერლინის კრიზისი (1948-1949), გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა (1949), კრიზისი კორეაში, ვიეტნამში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში და სხვა, როდესაც ზესახელმწიფოები, მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე, მათი რეგიონული დომინანტობის შენარჩუნების მიზნით, ფართომასშტაბიან ომებს აწარმოებდნენ.

დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კონფრონტაციის დასრულებას არაერთი გარდამტეხი ცვლილება მოჰყვა შედეგად, რომელთა შორის, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია სსრკ-ის ნგრევა და მასში შემავალი 15 სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოპოვება, მზარდი ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების ფონზე, რომელიც „ცივი ომის“ შემდგომი „ახალი მსოფლიო წესრიგის“ თანმდევი პროცესი ხდება.

ისტორიკოსთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ XXI საუკუნის მსოფლიო წესრიგი ფაქტობრივად, „ცივი ომის“ ერთგვარი გაგრძელებაა, ვინაიდან ყოფილ ზესახელმწიფოებს შორის დღესაც არაერთგზის იკვეთება ინტერესთა დაპირისპირება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე მწვავე სამხედრო კონფლიქტების ჭრილში (სირია, ლიბია, იემენი სხვა). ამასთანავე, რეგიონული დომინანტობისთვის იბრძვიან ჩინეთი, თურქეთი, ირანი და ნავთობით მდიდარი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, რომელიც თავის მხრივ, კიდევ უფრო რთულსა და კომპლექსურ ხასიათს სძენს ისედაც ცვალებად საერთაშორისო სისტემას.

რუსეთის ფედერაციის მიერ ჯერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციამ, ხოლო მოგვიანებით კი-ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიამ კიდევ ერთი კონფლიქტი წარმოშვა პოსტსაბჭოთა სივრცეში და ისევ დააფიქრა მსოფლიო თანამეგობრობა იმაზე, თუ როგორია რეალურად XXI საუკუნის მსოფლიო წესრიგი, როდესაც დიდი ძალები, ისევ აქტიურად ახდენენ ძალის დემონსტრირებას მათი „იმპერიალისტური“ ამბიციების დაკმაყოფილებისა და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარების მიზნით.

გამოყენებული ლიტერატურა:

[1] აბაშიძე ზ., (2009). ცივი ომი, წარსული თუ დღევანდელობა. თბ.;

[2] გორგილაძე, ი., (2016). ახალი მსოფლიო წესრიგი ამერიკულ გეოპოლიტიკაში. სოციალური მეცნიერების საკთხები. “უნივერსალი”, თბ.;

[3] დამოუკიდებლობის დეკლარაციის პრეამბულა. კონგრესი, 1776 წლის 4 ივლისი.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო;

[4] პაპასქირი თ., (2010). დიდი სამეულის კონფერენციები. “მერიდიანი”. თბ.;

[5] ღუდუშაური ნ., (2009). ახალი მსოფლიო წესრიგი და კავკასია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. თბ.;

[6] Berlet C., (1998). Dances with devils, How apocalyptic and millennianist Themes influence wightwing scapegoating and conspiracism. political research associates, Somerville, MA 02143;

[7] Bush G. H., (1990). Address Before a Joint Session of Congress, Septeber 11. USA;

[8] Brzezinski Z., (1997). The grand chessboard. New York: Basic Books;

[9] Dobbin F., Simmons, B., and Garrett, G. (2007). The global diffusion of public policies: Social construction, coercion, competition, or learning? Annu. Rev. Sociol., 33, 449-472;

[10] Hall P. A., (1993). Policy paradigms, social learning, and the state: the case of economic policymaking in Britain. Comparative politics, 275-296;

[11] Heywood A., (2013). Politics. The Palgrave Macmillan;

[12] Kissinger H., (2014). Diplomacy. In Geopolitics (pp. 114-115). Routledge;

[13] Kropotkin P. A., (1909). The Great French Revolution, 1789-1793 (Vol. 1). W. Heinemann;

[14] Marsh D., and Sharman, J.C. (2009). Policy diffusion and policy transfer. Policy studies, 30(3), pp.269-288;

[15] Robertson R., (1992) Globality, global culture and images of Word Order. Social change and modernity, Barkeley;

[16] Wikinson P., (2010). International relations. Sterling Publishing Company.

References

The New Economist, N1-2 (2020), Vol 15, Issue 1.

axali ekonomisti kda stamba saboloo-page-0011111111111.jpg
Published Date:

02/07/2020