Logo

The importance of food safety on Georgia's European integration path / სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

3x4.1.jpg
Mariam Chachua / მარიამ ჩაჩუა

PhD student in the Faculty of Law and International Relations Georgian Technical University / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დოქტორანტი

Abstract

It is important for the development of the country's foreign relations to be involved in global processes. This is largely done in cooperation with international organizations, fulfilling the recommendations received from them and the commitments made. It is important for the progress of Georgia's European integration to establish itself on the world stage and achieve success in all fields. Food safety is particularly important, as it is directly related to the export of the product and, in general, trade relations with European countries, as well as the fulfillment of international obligations, which must be done at the level of all links involved in the food safety process. The responsibility of the governing bodies alone is not enough, it is important to understand the responsibilities of the business sector and effective communication between it and the agency, also customer awareness. In 2014 after Georgia signed the Association Agreement with the European Union, it became necessary to identify and eliminate problems in a number of areas. The fourth chapter of the agreement, "Trade and Trade Issues", aims to establish a Deep and Comprehensive Free Trade Area (DCFTA), which provides for the smooth exchange of goods and services between countries. Therefore, since 2014, special attention has been paid to food safety and its control. In order for Georgia to achieve legislative rapprochement with the EU and to implement the above-mentioned agreement, the shortcomings in this system must be corrected at all stages. Although the plan will be completed in full compliance with the deadlines, there are some impediments, the elimination of which will lead to delays in this process, endangering the country's external reputation.

Keywords: Georgia’s European integration, Food Safety, Food Control, Internationally Accepted Commitment. / საქართველოს ევროინტეგრაცია, სურსათის უვნებლობა, სურსათის კონტროლი, საერთაშორისოდ აღებული ვალდებულება.

Introduction

ანოტაცია

ქვეყნის საგარეო ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია იგი ჩართული იყოს გლობალურ პროცესებში. ეს, მეტწილად, ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მათგან მიღებული რეკომენდაციების და აღებული ვალდებულებების შესრულებით. საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესისთვის მნიშვნელოვანია მსოფლიო ასპარეზზე თავის დამკვიდრება და წარმატების მიღწევა ყველა სფეროში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სურსათის უვნებლობა, რადგან მასთან პირდაპირაა დაკავშირებული პროდუქტის ექსპორტი და, ზოგადად, სავაჭრო ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან, აგრეთვე, საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულება, სადაც მონაწილეობს სურსათის უვნებლობის პროცესში ჩართული ყველა რგოლი. ამ ამოცანის შესასრულებლად მხოლოდ მმართველი ორგანოების პასუხისმგებლობა არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორის ვალდებულებების გააზრება და მასსა და სააგენტოს შორის ეფექტური კომუნიკაცია, მომხმარებელთა ინფორმირებულობა. 2014 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, აუცილებელი გახდა რიგ სფეროებში პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა. აღნიშნული შეთანხმების მეოთხე კარი „ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები" მიზნად ისახავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) დაარსებას და იგი ქვეყნებს შორის საქონლისა და მომსახურეობის დაუბრკოლებელ მიმოცვლას გულისხმობს. ამიტომაც, 2014 წლიდან, განსაკუთრებული ყურადღება სურსათის უვნებლობას და მის კონტროლს მიექცა. იმისათვის, რომ საქართველომ მოახერხოს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოება და ზემოთაღნიშნული შეთანხმების შესრულება, ამ სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორება უნდა მოხდეს მის ყველა საფეხურზე. იმის მიუხედავად, რომ გეგმა ვადების სრული დაცვით სრულება, არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორებიც, რომლის აღმოუფხვრელობაც გამოიწვევს ამ პროცესის შეფერხებას, რაც ქვეყნის საგარეო რეპუტაციას უქმნის საფრთხეს.

შესავალი

სურსათის უვნებლობის საკითხი მნიშვნელოვნად დგას მსოფლიოს დღის წესრიგში. გლობალურად ადამიანის ჯანმრთელობა პრიორიტეტია ყველა სფეროს შორის, უსაფრთხო საკვები კი ჯაჭვის მთავარი რგოლია. სურსათის უვნებლობაში იგულისხმება როგორც ადამიანის, ასევე ცხოველისა და გარემოს უსაფრთხოება. „One Health“ – „ერთიანი ჯანმრთელობა“ მსოფლიო ორგანიზაციების კოლაბორაციული მიდგომაა, რომელიც აერთიანებს გარემოს, ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობას, ანუ მთლიან პროცესს - „მინდვრიდან სუფრამდე“ (“from farm to table”). იმისათვის , რომ სუფრაზე უსაფრთხო საკვები მოხვდეს, აუცილებელია გარემო იყოს ჯანმრთელი და ვარგისი ცხოველის გამოსაკვებად. სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპს ადგენს საქართველოს სურსათისა და ცხოველის საკვების კანონმდებლობა, რომელთა მოთხოვნების შესაბამისობას, ჰიგიენური და სანიტარული წესების დაცვაზე ზედამხედველობას და სახელმწიფო კონტროლს, წლიური პროგრამის შესაბამისად, ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“. აღნიშნული დაწესებულება ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, რომლის მიზანია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, რაც რისკის საფუძველზე შემდეგი მექანიზმებით ხორციელდება: ინსპექტირება, ზედამხედველობა, მონიტორინგი, ნიმუშის აღება, დოკუმენტური შემოწმება.

არსებული მექანიზმების და გაწეული სამუშაოების მიუხედავად, არსებობს რიგი ხარვეზები, რომელთა გამოც ფიქსირდება მოსახლეობაში კვებითი მოშხამვების, სურსათის/ცხოველის საკვებით განპირობებული ნაწლავთა ინფექციების, ეპიდემიების, სხვა საკვებისმიერი მასობრივი დაავადებების გაჩენის შემთხვევები. ეს მაჩვენებელი კი უარყოფითად მოქმედებს საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულების დინამიკაზე. გარდა ამისა, ვლინდება შემთხვევები, სადაც მძიმეა კვებით ობიექტებსა თუ საწარმოებში დაფიქსირებული ჰიგიენურ და სანიტარულ ნორმათა დარღვევები, რომელთა კრიტიკულობის შემთხვევაშიც ადამიანის სიცოცხლე და ჯანრმრთელობა მაღალი რისკის ქვეშ დგება.

იმისათვის, რომ განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლი, საჭიროა ბიზნესოპერატორი იყოს ოფიციალურად დარეგისტრირებული და ბაზა იყოს სრულყოფილი, რომელსაც უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“. „სურსათის უვნებლობა გულისხმობს სურსათით გამოწვეული რისკებისგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. ეს არის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც კონკრეტული სასურსათო პროდუქტი მისი მიზნობრივად მომზადების ან/და მოხმარების შემთხვევაში ზიანს არ აყენებს მომხმარებელს“ (კოდექსი, 2012). ბაზარზე განთავსებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია მავნე სურსათის ბაზარზე განთავსება - „სურსათი მავნედ მიიჩნევა, თუ: იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება“. სურსათის უვნებლობის კონტროლი ნიშნავს ქმედებას, რომელიც ხორციელდება: „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად“. მნიშვნელოვანია, რომ ეს განსაზღვრება, ასევე ინფორმაცია ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ ყველა ბიზნესოპერატორმა და მომხმარებელმა იცოდეს.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ყურადღება სურსათის უვნებლობას და მის კონტროლს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მიექცა, რადგან, შეთანხმების შინაარსის მიხედვით, საქართველოში აუცილებელი გახდა ამ სფეროშიც პრობლემების და ხარვეზების გამოვლენა/გამოსწორება.

„შეთანხმება ითვალისწინებს შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივ დებულებებს და გაძლიერებულ თანამშრომლობას, რომელიც სცდება ტრადიციულ შეთანხმებათა მასშტაბებს და ვრცელდება ინტერესთა ყველა სფეროზე“ ( 2017-2020წწ. დღის წესრიგი). ყველა სფეროში რასაკვირველია იგულისხმება სურსათის უვნებლობაც, რომელიც კონკრეტულად ნახსენები და განსაზღვრულია „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მე-4 კარში - „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (DCFTA)“, რაც ქვეყნებს შორის საქონლისა და მომსახურეობის დაუბრკოლებელ მიმოცვლას აღნიშნავს. ამ კომპონენტში ხაზგასმულია სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა და მისი კონტროლის გაუმჯობესების მოთხოვნები. აქედან გამომდინარე, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს რეკომენდაციები და გამოასწოროს არსებული ხარვეზები. დოკუმენტში აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად შექმნილია „საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა სურსათის უვნებლობაში“. ევროკავშირთან, საქართველოს მთავრობამ უნდა მოახდინოს 271 საკანონმდებლო ინსტრუმენტის მიახლოება და განხორციელება სურსათის უვნებლობის სტანდარტების სფეროში, ეს არის ამჟამად მიმდინარე პროცესი. პროგრამაში გაწერილია ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოების ვადებიც.

ასოცირების ხელშეკრულებაში ნახსენები მოვალეობების და პროცესების გარდა, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც არის საქართველო და რომელთაგანაც აქვს მიღებული გარკვეული რეკომენდაციები, რაც უნდა გაითვალისწინოს.

გაეროს სტანდარტების (FAO/WHO-„Codex Alimentarius“) და „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის“ შეთანხმებების მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა ჰარმონიზაციისკენ ერთმანეთის მსგავსია. სურსათის კონტროლზე საერთაშორისო რეგულაციების შემუშავებაში განსაკუთრებით ჩართულია შემდეგი სამი ძირითადი ორგანიზაცია: სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია(WTO) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია(WHO). მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიხედვით, საერთაშორისო ჰარმონიზაცია შეიძლება მიღწეულ იქნას, თუ ყველა ქვეყანა დაიცავს ნორმებს საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით, რაც მათი სანიტარული ღონისძიებების საფუძველია, ხოლო ეროვნული სტანდარტები კოდექსის („Codex Alimentarius“) სტანდარტებზე უფრო მკაცრი უნდა იყოს.

ასევე უნდა აღვნიშნოთ უმნიშვნელოვანესი „ჰასპი“-ს (HACCP- Hazard Analyss and Critical Control Points System) - საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა, რომელიც გულისხმობს საწარმოში რისკის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე ისეთი „წერტილების“ გამოვლენას, რომელმაც შეიძლება შეცდომით, შემთხვევით და ყურადღების მიღმა დარჩენით პროდუქტის დაზიანება ან/და დაბინძურება გამოიწვიოს. HACCP-ის სტანდარტები უზრუნველყოფს წარმოების პროცესში ისეთი წერტილების აღმოჩენას, რომლებიც დაბინძურების მაღალი რისკის ქვეშ არიან და ამიტომ განსაკუთრებულად უნდა მიაქციოს ყურადღება ხელმძღვანელმა და მუდმივი მონიტორინგი უნდა აწარმოოს თანამშრომლებთან ერთად.

ქართველი ფერმერებისთვის ძალზედ განმავითარებელი აღმოჩნდა „Global G.A.P“ - აგრარული სურსათის პირველადი წარმოების საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ადგენს „კარგი სასოფლო-სამეურნეო“ პრაქტიკის (“Good agricultural practices”) სახელმძღვანელოს. მისი მიზანია ფერმერებს, საცალოდ მოვაჭრეებსა და მომხმარებელს შესთავაზოს უვნებელი და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო მიდგომები ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. G.A.P.-ის სტანდარტები საშუალებას აძლევს ფერმერებს აწარმოონ კონკურენტუნარიანი პროდუქცია და მისცეს მათ შესაძლებლობა გაიტანონ საერთაშორისო ბაზრებზე. 2019 წელს „საქართველოს კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის“ სერტიფიცირების სისტემის აღიარებისა და განვითარების მხარდაჭერის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „საქართველოს ფერმერთა ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ ინიციატივას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დაუჭირა მხარი. G.A.P. - ის სტანდარტების დაცვა ხელმისაწვდომი და საკმაოდ კომფორტულია ქართველი ფერმერებისთვის, ვინაიდან ითვალისწინებს ადგილობრივ პირობებს. აღნიშნული სერტიფიკატი ეხმარება ფერმერებს განავითარონ საკუთარი საქმიანობა და პარალელურად მიჰყვნენ მდგრადი სოფლის მეურნეობისა და სასურსათო სისტემების მოთხოვნებს, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ევროპული სტანდარტისკენ. ეს ყველაფერი ეხმარება ქართველ ფერმერს შექმნას უვნებელი სურსათი და ხელი შეუწყოს მაღალხარისხიანი პროდუქტის ექსპორტს.

ზემოთაღნიშნულ ორგანიზაციათა ხელშეწყობით, საქართველოში ხორციელდება სხვადასხვა პროექტი, რომლებიც ემსახურება DCFTA-თ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ასეთია, მაგალითად, CIB - ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამა, რომლის დახმარებითაც ხორციელდება სურსათის ეროვნული სააგენტოს კადრთა (მათ შორის ისნპექტორთა) გადამზადება. ამავდროულად იგი აფინანსებს გასვლით შეხვედრებს რეგიონებში ახალი კანონმდებლობების გაცნობის მიზნით. აგრეთვე, არსებობს ჩეხეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და კვლევითი ინსტიტუტის, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA), USAID-ის და ADA-ს (ავსტრიის განვითარების სააგენტო) პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას სურსათის უვნებლობის მიმართულებით.

გარდა იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესშია და ამისათვის განსაზღვრულ ეტაპებს და ამოცანებს გზადაგზა ასრულებს, ასევე არსებითად მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნების მაგალითების გაზიარება - ვგულისხმობ მაკონტროლებელ ორგანოსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციის მექანიზმს. საქართველოს სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია მოსახლეობას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებლობის შესახებ. გარდა ამისა, სეს ყოველწლიურად აქვეყნებს სახელმწიფო კონტროლის შედეგებს ოფიციალურ ვებ.გვერდზე (www.nfa.gov.ge). 2016 წლიდან კი ანგარიშები ყოველი თვის ბოლოს ქვეყნდება და ასახავს რომელ შპს-ში რა ტიპის დარღვევა გამოვლინდა. ამ შედეგების ნახვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. თუმცა, საქართველოს არ გააჩნია კვების ობიექტების შეფასების სისტემა (როგორიცაა, მაგალითად, „მიშელინის ვარსკვლავი“ ევროპის ქვეყნებისათვის), რომელიც ასახავდა რამდენად შეესაბამება დაწესებულება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ზემოთაღნიშნულ საიტზე გამოქვეყნებულ ანგარიშებში მომხმარებლისთვის რთულია მოიძიოს მაგალითად რესტორანი, რომელში ვიზიტსაც გეგმავს, ვინაიდან ხშირად შპს -ს დასახელება და კვების ობიექტის ფაქტობრივი სახელწოდება ერთმანეთს არ ემთხვევა და გაუგებარია კონკრეტულად რომელ დაწესებულებაზეა საუბარი. მაგალითისთვის განვიხილოთ დანიის შემთხვევა - გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად 2001 წელს დანიის სურსათის , სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის სამინისტრომ დანერგა „ღიმილის მიდგომის“ (“Smile approach”) სისტემა, რომელიც გამოიხატება შემოწმებულ კვების ობიექტებზე ღიმილის გამოსახულების სიმბოლოს მინიჭებით. ღიმილის სიმბოლოები განსხვავებულია კვების ობიექტის სახელმწიფო კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიხედვით. რაც უფრო მეტი დარღვევაა აღმოჩენილი დაწესებულებაში, მით ნაკლებად იღიმის გამოსახულება. იმ შემთხვევაში, თუ უკანასკნელი 4 ინსპექტირების დროს არ გამოვლენილა შეუსაბამობა ობიექტზე, იგი იმსახურებს „ელიტ“ სიმბოლოს, რაც კანონმდებლობასთან სრულ და გრძელვადიან შესაბამისობას აღნიშნავს. შემოწმებული კვების ობიექტები ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოიძიოს კონკრეტულ ვებ.გვერდზე (findsmiley.dk), სადაც გამოქვეყნებულია ინსპექტირების ოქმები და მინიჭებული სიმბოლოები. ამ სისტემის ეფექტურობა გამოიხატება იმაში, რომ უამრავი მომხმარებელი აუქმებს ჯავშანს რესტორანში მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საიტზე გადაამოწმებს მას და აღმოაჩენს მინიჭებულ „მოწყენილ ღიმილს“, რაც შეუსაბამობას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, უამრავი კომპანია ცდილობს არ დაიმსახუროს ცუდი შეფასება , გააუმჯობესოს სტანდარტები და, შესაბამისად, მოიპოვოს „კარგი ღიმილი“. ვფიქრობ კარგ შედეგს გამოიღებდა მსგავსი შეფასების სისტემის დანერგვა საქართველოში. ჩემი აზრით, ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგების ამსახველი გამოსახულებითი შეფასება გამოიწვევს ბიზნესსექტორის მოტივაციის ზრდას და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მკაფიო მიწოდებას კონკრეტული კვების ობიექტის შესახებ. თუმცა, ამისთვის მზად უნდა იყოს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობაც და დარეგისტრირებული ბიზნესოპერატორებიც. მზაობა შეიძლება გამოიხატებოდეს საკვებ ობიექტებზე დარღვევათა მინიმუმამდე დაყვანით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეფასების სისტემის გაჩენამ შეიძლება გამოიწვიოს მონოპოლი რესტორნების წარმოქმნა, რაც კრიზისის საფუძველი გახდება დანარჩენი ბიზნესოპერატორებისთვის. გარდა ამისა, უნდა შეიქმნას კონკრეტული ვებ. გვერდი (კვების ობიექტთა ბაზა), სადაც ყოველი ინსპექტირების შემდეგ, უფლებამოსილი პირი ატვირთავს და განაახლებს ინფორმაციას კვების ობიექტზე ჩატარებული კონტროლის შედეგების შესახებ, იგივე ოქმებს. შედეგად მომხმარებელს შეეძლება მოიძიოს სასურველი კვების ობიექტის შესახებ ინფორმაცია. ეს ასევე წარმოადგენს ბიზნესსექტორის მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს.

გარდა გამჭვირვალობისა, მნიშვნელოვანია სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ბიზნესოპერატორთა ეფექტური კომუნიკაცია, რათა დროულად იქნეს მიწოდებული ინფორმაცია სიახლეების და გზამკვლევების შესახებ. ამისათვის კი კარგი იქნებოდა სისტემური პროგრამის დანერგვა (მოკლეტექსტური შეტყობინება ან/და ელექტრონულ მისამართზე წერილის მიწერა) და სეს სერვისების (მაგ. ფასიანი კონსულტაცია ბიზნესოპერატორებისათვის) პოპულარიზება. მეტიც, ვფიქრობ ბიზნესოპერატორების მხრიდან შეუსაბამობების და მომავალში არამიზნობრივი ხარჯვის თავიდან აცილების მიზნით, გამართლებული იქნება სავალდებულო ადგილობრივი ფასიანი კონსულტაციის დაწესება, რათა ბიზნესოპერატორს წინასწარ, წარმოების დაწყებამდე, ერთხელ მაინც ჰქონდეს გავლილი კონსულტაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოში. ეს უზრუნველყოფს წარმოდგენის შეექმნას როგორც კანონმდებლობის მოთხოვნების, ასევე ბიზნესოპერატორთა ვალდებულებების შესახებ.

დასკვნა

ევროპული გამოცდილებების გაზიარება და ევროკავშირთან საკანონმდებლო ინსტრუმენტების დაახლოება უზრუნველყოფს საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულებას. ამასთან ერთად, საქართველოს მიერ ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება გამოიწვევს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და ერთიანობის პრიციპის გაზრდას.

„ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ საქართველოსთვის შანსია, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები საერთაშორისო ასპარეზზე და დაამტკიცოს, რომ შეუძლია მოერგოს ევროპულ სტანდარტებს. „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე“ მოითხოვს სურსათის უვნებლობის კონტროლის გაუმჯობესებას, რათა ქვეყნებს შორის მოხდეს საქონლისა და მომსახურეობის დაუბრკოლებელი მიმოცვლა. ამ პუნქტების შესრულებაში კი ლომის წვლილი სწორედ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუძღვის. ამ უკანასკნელმა გრძელი და რთული გზა განვლო საქართველოს ბაზარზე კონტროლის დასამყარებლად. არსებული რესურსებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოახერხა შეესრულებინა ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოებები გეგმის მიხედვით, ამავდროულად განეხორციელებინა წლიურად 16000-მდე აქტივობა (ბოლო მონაცემები). ამის მიუხედავად, არსებობს რიგი გამოწვევები და ხარვეზები, რომელიც უნდა გამოსწორდეს - ეს არის ჯაჭვი, სადაც ჩართულია მოსახლეობის ყველა რგოლი - დაწყებული მიწაზე მომუშავე გლეხიდან, დამთავრებული მომხმარებლით. ამიტომაც საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულება, რომელიც ასე მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო ურთიერთობებისთვის, მოითხოვს სისტემურ მიდგომას „მინდვრიდან სუფრამდე“.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს პარლამენტი (2012). სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი. თბილისი: საქართველოს მთავრობის გამომცემლობა.
  2. ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი (2014). ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის. ბრიუსელი
  3. სურსათის ეროვნული სააგენტო. (2017). სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელო. თბილისი: საქართველოს მთავრობის გამომცემლობა.
  4. სურსათის ეროვნული სააგენტო. (2018). წლიური ანგარიში. თბილისი: საქართველოს მთავრობის გამომცემლობა.

ინტერნეტ წყაროები:

ყველა ინტერნეტწყარო უკანასკნელად გადამოწმდა - 26.08.2020

References

The New Economist N3, (2020), Vol 15, Issue 2

3-2020-11-page-1.jpg
Published Date:

01/10/2020