Logo

Social capital in the South Caucasus States: the context of Global Competitiveness Index / სოციალური კაპიტალი სამხრეთ კავკასიაში გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის კონტექსტში

giorgi Kepuladze
Giorgi Kepuladze / გიორგი კეპულაძე

Associated Professor of Caucasus International University / კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

Tamila Arnania-Kepul;adze.jpg
Tamila Arnania-Kepuladze / თამილა არნანია-კეპულაძე

Professor of Akaki Tsereteli State University / აკაკი წერეთელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

Abstract

Among the many factors of economic development economists in recent decades consider its specific elements, like the social relations established in society, the nature of relations between economic entities, and the level of trust in society or everything that is combined in the concept of social capital. Today social capital is recognized as one of the most effective factors of economic development and socio-political consolidation of society. The growth in the role and importance of social capital has been reaffirmed by the fact that in 2018, social capital became an integral part of one of the key indicators of the Global Competitiveness Index–institutions.
The aim of this paper is to investigate the level of social capital in South Caucasus Countries based on four indicators of the Global Competitiveness Index. To achieve this goal, the social capital of the South Caucasus countries is compared on the basis of the relevant key indicators and individual indicators of the Global Competitiveness Report.

Keywords: Social capital, Global competitiveness index / სოციალური კაპიტალი, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი

Introduction

ანოტაცია

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკის განვითარების მრავალ ფაქტორს შორის ეკონომისტები განიხილავენ ისეთ თავისებურ შემადგენლებს, როგორიცაა საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სოციალური ურთიერთობები, ეკონომიკურ სუბიექტებს შორის ურთიერთობის ხასიათი და საზოგადოებაში არსებული ნდობის დონე, ანუ ყველაფერი, რაც გაერთიანებულია სოციალური კაპიტალის ცნებაში. სწორედ სოციალური კაპიტალი აღიარებულია დღეს, როგორც ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური კონსოლიდაციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება.

სოციალური კაპიტალის როლისა და მნიშვნელობის ზრდა კიდევ ერთხელ დადასტურდა იმ გარემოებით, რონ 2018 წელს სოციალური კაპიტალი შევიდა გლობალური კონკურენტუნარიანობის იდექსის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებლის - ინსტიტუტების - შემადგენელ ელემენტად.

მოცემული ნაშრომი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში სოციალური კაპიტალის არსებული დონის მიზეზების გამოკვლევას გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის ოთხი მაჩვენებლის საფუძველზე. ამ მიზნის მისაღწევად გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის შესაბამისი ძირითადი მაჩვენებლებისა და ინდივიდუალური ინდიკატორის საფუძველზე შედარებულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალური კაპიტალი.

საკვანძო სიტყვები: სოციალური კაპიტალი, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი

შესავალი

თანამეროვე საზოგადოება გადავიდა განვითარების ფუნდამენტურად ახალ ეტაპზე და მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში ქვეყნის კეთილდღეობა მნიშვნელოვნადაა განპირობებული ამ ქვეყნის უნარით კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნების ეკონომიკას.

ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და სოციალურ-ეკონომიკური ზრდის ფაქტორთა შორის დღეს განიხილება სოციალური კაპიტალი.

სოციალური კაპიტალი თანამედროვე ეკონომიკური და სოციალური მეცნიერების ერთ-ერთი ახალი კატეგორიაა, რომლის წარმოშობა უკავშირდება ფრანგი სოციოლოგის პიერ ბურდიეს (Pierre Bourdieu) სახელს. სოციალური კაპიტალი - ეს არის ნდობაზე და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული მყარი ურთიერთობათა სისტემა, რომელიც ყალიბდება ადამიანთა ჯგუფების (კავშირების, ქსელების) ფარგლებში გარკვეული მიზნის მისაღწევად და საკუთარი მატერიალური თუ არამატერიალური სარგებლის მისაღებად.

სოციალური კაპიტალის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სოციალური კავშირები და სოციალური კონტაქტები დადებით გავლენას ახდენენ ინდივიდებისა და ჯგუფების პროდუქტიულობაზე [9; 10]. სოციალური კაპიტალი ამცირებს ტრანზაქციულ დანახარჯებს და ზრდის მართველობის ეფექტიანობას. ძლიერი სოციალური კაპიტალის წყალობით შესაძლებელი ხდება დასახული მიზნების უფრო სწრაფად მიღწევა [8] და ქვეყანაში მშვიდი, სტაბილური და უსაფრთხო სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შექმნა.

სოციალური კაპიტალი დღეს განიხილება, როგორც საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური კეთილდღეობის, პოლიტიკური კონსოლიდაციისა და ინდივიდუალური წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი [9]. სოციალური კაპიტალის მნიშვნელობის აღიარება გამოვლინდა იმაშიც, რომ 2018 წელს ის შეყვანილ იქნა გლობალურ კონკურენტუნარიანობის ანგარიშში.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში (Global Competitiveness Report, GCR)- ესაა დოკუმენტი, რომელიც 1979 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება დავოსის (შვეიცარია) მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში და რომელიც აფასებს ქვეყნების შესაძლებლობას უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობა. გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში (GCR) აფასებს ქვეყნების კეთილდღეობის დონეს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის (GCI) მიხედვით. აღნიშნული შეფასება უპირველესად უკავშირდება ქვეყანაში არსებული სხვადასხვა რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

2018 წელს გლობალურმა კონკურენტუნარიანობის ინდექსის გაანგარიშების მეთოდოლოგიამ (GCI 4.0) მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რაც გამოიხატა ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლების რაოდენობის ზრდაში, მათ სტრუქტურის მოდიფიცირებაში, ინდექსის გაანგარიშების მეთოდებისა და შეფასების კრიტერიუმების ცვლილებაში, რაც გამოვლინდა შეფასების 7 ბალიანი სკალიდან 100 ბალიან სკალაზე გადასვლაში, და რაც მნიშვნელოვანია, თვით GCI 4.0 ფუძემდებლურ ელემენტების (pillar) ცვლილებაშიც. ამ ცვლილებების შედეგად 2019 წელს გამოქვეყნებული გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (Global Competitiveness Index, GCI 4.0) უკვე მოიცავდა 141 ქვეყანას, ხოლო მის შეფასების სისტემაში შევიდა 103 ინდივიდუალური ინდიკატორი, რომლებიც გაერთიანებულია 12 ფუძემდებლურ ელემენტში (pillar) შემდეგი თანმიმდევობით: (1) ინსტიტუტები, (2) ინფრასტრუქტურა, (3) ინფორმაციული ტექნოლოგიების ათვისება, (4) მაკროეკონომიკური სტაბილურობა, (5) ჯანდაცვა, (6) უნარები, (7) სამომხმარებლო ბაზარი, (8) შრომის ბაზარი, (9) ფინანსური სისტემები, (10) ბაზრის მოცულობა, (11) ბიზნესის დინამიზმი, (12) ინოვაციურობა.

ჩვენი კვლევის მიზნიდან გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებთ GCI 4.0 პირველ ძირითად მაჩვენებელზე - ინსტიტუტებზე.

  1. GCI 4.0 პირველი ძირითადი მაჩვენებლი: მოკლე მიმოხილვა

GCI 4.0 პირველი ძირითადი მაჩვენებელი არის ინსტიტუტები. როგორც გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში არის აღნიშნული, ძლიერი ინსტიტუტები წარმოადგენენ მწარმოებლურობის და გრძელვადიანი ზრდის ფუნდამენტურ მამოძრავებელ ძალას [გვ.26, GCI 2018]. გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში განასხვავებს, როგორც ფორმალურ ინსტიტუტებს, რომლებშიც შეყვანილია წესები, კანონები, კონსტიტუცია და მასთან დაკავშირებული სააღსრულებლო მექანიზმები, ასევე არაფორმალურ ინსტიტუტებს, რომლებშიც GCR აერთიანებს ქცევის ნორმებს, ბიზნესის ეთიკას და კორპორატიულ კულტურას. ქვეყნისთვის ძლიერი ინსტიტუტების არსებობა გადამწყვეტ როლს თამაშობს ინვესტორებისა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მოზიდვაში. ინვესტორებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ნდობის მაღალი დონის არსებობა, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების დონე, საზოგადოებრივი ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება, საკუთრების უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა, კორპორაციული კულტურის სტანდარტების სიძლიერე და ბიზნესის ეთიკის პატივისცემა. ინსტიტუტები, რომელთა მიზანია საზოგადოებაში გაურკვევლობის დონის შემცირება [4], უნდა აყალიბებდნენ ხელსაყრელ პირობებს ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობისთვის. სწორედ ამიტომ არის, რომ ინსტიტუტები წარმოადგენენ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინექსის (GCI) ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძირითად მაჩვენებელს (pillar).

გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის (GCR) თანამხმად, ინსტიტუტები მოიცავს ისეთ ინდიკატორებს, როგორიცაა: უსაფრთხოება (Security), კონტროლი და ბალანსი (checks and balances), საჯარო სექტორის ფუნქციონირება (Public-sector Performance), გამჭვირვალობა (Transparency), საკუთრების უფლება (Property Rights), კორპორატიული მმართველობა (Corporate Governance) და მთავრობის მომავალზე ორიენტაცია (Future Orientation of Government). 2018 წელს შეტანილი ცვლილებების შედეგად პირველ ძირითად მაჩვენებელს (pillar) სხვა ახალ ინდივიდუალურ ინდიკატორებთან ერთად მას დაემატა ისეთი ინდიკატორი, როგორიცაა სოციალური კაპიტალი (Social Capital).

  1. სოციალური კაპიტალის ადგილი გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში

GCI 4.0 მეთოდოლოგია ეყრდნობა სოციალური კაპიტალის პ. ბურდიეს მიერ მოცემულ განმარტებას, რომლის თანახმად, სოციალურ კაპიტალი - ესაა მეტ-ნაკლებად ინსტიტუციონალიზებული ურთიერთობათა ქსელის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული რესურსების ერთობლიობა, რომელიც უგროვდება ადამიანს ან და ადამიანთა ჯგუფს გარკვეულ გაერთიანებებში, ასოციაციებში და ა.შ. წევრობის საფუძველსე [6].

ისევე, როგორც სხვა ინდიკატორები, რომლებიც გაერთიანებულია GCI 4.0 პირველ ძირითად მაჩვენებელში, სოციალური კაპიტალის ინდიკატორიც ასახავს ქვეყანაში არსებული ინსტიტუციურ მდგომარეობას და სხვა ინდიკატორებთან ერთად ქმნის ქვეყნის კონკურენტუნარიანობის საბოლოო ინდექსს.

GCI 4.0 სოციალური კაპიტალის გაანგარიშება ხდება შემდეგი ოთხი მაჩვენებლის საფუძველზე:

  1. ოჯახისა და საზოგადოების ქსელები (networks)
  2. სოციალური ერთობლიობა და ჩართულობა
  3. პოლიტიკური მონაწილეობა
  4. ინსტიტუციური ნდობა

სხვა ინდიკატორების მსგავსად, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში სოციალური კაპიტალის ინდიკატორი იზომება 0-დან (ყველაზე დაბალი) 100-მდე (ყველაზე მაღალი) სკალის მეშვეობით [7] და მისი გაანგარიშება ხდება ცალ-ცალკე 141 ქვეყნისთვის, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებისათვის.

  1. სამხრეთ კავკასიის რეგიონის სოციალური კაპიტალის ინდივიდუალური ინდიკატორები

სამხრეთ კავკასიის ქვეყნები - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი - რეგიონში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებენ. მიუხედავად მნიშვნელოვანი სტრატეგიული გეოპოლიტიკური განლაგებისა, ამ ქვეყნების წილი მსოფლიო ეკონომიკაში ძალიან მცირეა და 0.18 %-ს შეადგენს. საბჭოთა წყობის ნგრევამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა აღნიშნულ ქვეყნის ეკონომიკას. მხოლოდ ახალი ასწლეულის დაწყებიდან შეინიშნება არსებითი წინსვლა ამ ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის (GCI 4.0) 2019 წლის რეიტინგის მიხედვით, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნები მოხვდნენ პირველი ასეულის მეორე ნახევარში, კერძოდ, საქართველო იკავებს 74 პოზიციას, სომხეთი განლაგებულია 69 პოზიციაზე, ხოლო აზერბაიჯანი - 58 პოზიციაზე.

აღსანიშნავია, რომ სოციალური კაპიტალის საუკეთესო მაჩვენებელი 2018 წელს ავსტრალიას ქონდა და მისი ქულა 100 ბალიანი სკალის მიხედვით 66.2 შეადგენდა, ხოლო 2019 წელს პირველობა ზელანდიამ დაიკავა და მისი ქულა 66.8 შეადგენს. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 2018 და 2019 წელს ბურუნდის ეკავა, რომელიც 35.2 ქულით GCI 4.0 რეიტინგში შეყვანილი 141 ქვეყნიდან ბოლო ადგილზე იმყოფებოდა.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს, სოციალური კაპიტალის მაჩვენებლის მიხედვით ისინი საკმაოდ დაბალ პოზიციებზე დგანან და, როგორც ეს GCR-ში არის ასახული, 2019 წლის მონაცემებით 141 ქვეყანას შორის საქართველო 122 პოზიციაზე იმყოფება, სომხეთი - 129-ზე და აზერბაიჯანი - 133-ზე (ცხრილი 1).

იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რატომ არის სოციალური კაპიტალის ასეთი დაბალი დონე სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში, მნიშვნელოვანია შევისწავლოთ GCI 4.0 სოციალური კაპიტალის გაანგარიშების ოთხი მთავარი მაჩვენებელი ცალ ცალკე.

3.1. ოჯახი და საზოგადოების ქსელები. აღნიშნული მაჩვენებელი შედგება ორ შემადგენელი ელემენტისაგან: ოჯახი და საზოგადოებრივი ქსელები. ამასთან, ოჯახის ინსტიტუტი ანუ ოჯახი ეს არის „ქორწინებისა და სისხლის ნათესაობის ნიადაგზე შექმნილი სოციალური სისტემა - მცირე ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ყოფა-ცხოვრების ერთიანობით, მორალური ურთიერთპასუხისმგებლობით და ურთიერთდახმარებით“ [1], ხოლო საზოგადოებრივი ქსელები წარმოადგენენ ისეთ ურთიერთკავშირს სოციუმთან, რომელიც ქმნის მეზობლურ, მეგობრულ და ა.შ. ურთიერთობებს.

ოჯახის ინსტიტუტის სიძლიერის ილუსტრირების ერთ-ერთი შესაძლებლობაა ქორწინებებისა და განქორწინებების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, რაც განხორციელდება საქართველოსა და აზერბაიჯანის[1] მაგალითზე.

სქემა 1: GCI 4.0 სოციალური კაპიტალის მაჩვენებლი: ოჯახი (საქართველო)

წყარო: შედგენილია ავტორების მიერ [geostat.ge] საფუძველზე

როგორც საქართველოს მაგალითზე ნათლად ჩანს, 2007 წლიდან 2019 წლამდე განქორწინებების რაოდენობამ 447% მოიმატა, მაშინ როდესაც ქორწინების მაჩვენებელი 2010 და 2013 წლების პიკის შემდეგ სისტემატურად იკლებს და 2019 წელს ის 2007 წლის მაჩვენებლის გაუთანაბრდა.

აზერბაიჯანში ქორწინებების რაოდენობა აგრეთვე იკლებს 2013 წლის შემდეგ, ხოლო განქორწინებების რაოდენობამ 207% მოიმატა 2010 წლიდან 2018 წლამდე.

სქემა 2: GCI 4.0 სოციალური კაპიტალის მაჩვენებლი: ოჯახი (აზერბაიჯანი)

წყარო: შედგენილია ავტორების მიერ [https://www.stat.gov.az] საფუძველზე

განქორწინებების რაოდენობა საქართველოში 2008 წლის შემდეგ ყოველწლიურად იზრდება და დღეს საქართველოში შექმნილი ოჯახების 44.6% განქორწინდება, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანში განქორწინებების რაოდენობა 23%-ს შეადგენს.

სქემა 3: GCI 4.0 სოციალური კაპიტალის მაჩვენებლი: ოჯახი (საქართველო და აზერბაიჯანი)

წყარო: შედგენილია ავტორების მიერ [geostat.ge და stat.gov.az] საფუძველზე

ქორწინებასა და განქორწინებას შორის სხვაობაში მნიშვნელოვანია განხილული იქნას განქორწინებამდე ქორწინებაში ყოფნის საშუალო ხანგრძლივობა. საქართველოში წლიდან წლამდე აღნიშნული მაჩვენებელი ასევე კლებულობს, თუ პიკზე 2004 წელს ის შეადგენდა 12.2 წელს, უკვე 2019 წელს ის 2 წლით შემცირდა დაშეადგინა 10.2 წელი.

სქემა 4: ქორწინებაში ყოფნის საშუალო ხანგრძლივობა (წელი, საქართველო)

წყარო: შედგენილია ავტორების მიერ [geostat.ge] საფუძველზე

მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპისა, რომ კავკასიის ქვეყნებს ახასიათებს ძლიერი ოჯახის ინსტიტუტი, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს, რომ ოჯახის ინსტიტუტი არ გამოირჩევა სიმყარით და წარმოადგენს სოციალური კაპიტალის დაბალი დონის ერთ-ერთ მიზეზს რეგიონში.

3.2. სოციალური ერთობლიობა და ჩართულობა წარმოადგენს GCI 4.0 მეთოდოლოგიის მიხედვით სოციალური კაპიტალის განმსაზღვრელ კიდევ ერთ მაჩვენებელს. აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ცხელი წერტილები ქვეყანაში, კონფლიქტური რეგიონები, ოკუპირებული ტერიტორიები და ა.შ.

სოციალური კაპიტალის ყველაზე მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად აღიარებულია ცხელი წერტილების არსებობა რეგიონში [5; 15]. 1980 წლებიდან დაწყებული სამხრეთ კავკასიის რეგიონში გაჯერებულია პერმანენტული შეიარაღებული კონფლიქტებით, კერძოდ ყარაბაღის კონფლიქტი (1987 წლიდან დღემდე), რომელიც 2020 წლის 27 სექტემბრიდან ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა, საქართველო-აფხაზეთის ომი 1992-93წწ., ომი სამაჩაბლოში 1992 წ., აგვისტოს ომი 2008 წელს. აქვე შეიძლება მოვიყვანოთ სამხრეთ სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის ეთნიკური უთანხმოებები, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში გაუგებრობები და ა.შ. და როგორც შედეგი - ყარაბაღის დღემდე დაუდგენელი სტატუსი და უმწვავესი მდგომარეობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და ა.შ.

3.3. პოლიტიკური მონაწილეობა. აღნიშნული მაჩვენებლის გასაანგარიშებლად მიღაბულია მოსახლეობის არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელი.

საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა მხოლოდ 46.9% [2]. სომხეთის 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 48.6% [11], ხოლო აზერბაიჯანის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 74.5% [12].

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციიდან მოხსნილი პარტიების რიცხვმა 29 შეაგინა (რეგისტრირებულ პარტიათა და დამოუკიდებელ კანდიდატთა რაოდენობა სულ 200-მდე ავიდა), ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 19 პარტიამ [3], რაც ასევე მეტყველებს პოლიტიკური პარტიებისადმი უნდობლობაზე.

3.4. ინსტიტუციური ნდობა წარმოადგენს GCI 4.0 მეთოდოლოგიის მიხედვით სოციალური კაპიტალის განმსაზღვრელ მეოთხე ელემენტს. აღნიშნულ მაჩვენებელში განვიხილავთ საზოგადოების ნდობას პოლიტიკოსების მიმართ.

სქემა 5: GCI 4.0 სოციალური კაპიტალის მაჩვენებლი: ინსტიტუციური ნდობა (საქართველო,სომხეთი, აზერბაიჯანი)

წყარო: შედგენილია ავტორების მიერ [TCdata360. Public Trust] საფუძველზე

როგორც ვხედავთ, სოციალური კაპიტალის GCI 4.0 მეთოდოლოგიის ისეთი შემადგენელი ფაქტორი, როგორიცაა ნდობა, გამოირჩევა არასტაბილურობით. ამასთან, ინსტიტუციური ნდობის შედარებით მაღალი დონით გამოირჩევა აზერბაიჯანი, რომელიც 2017 წელს ამ მაჩვენებლის მიხედვით გაუთანაბრდა ისეთ ქვეყანას, რომელიც GCI4.0-ის სოციალური კაპიტალის განვითარების ინდექსის თანახმად პირველ ადგილზე იმყოფება ანუ ავსტრალიას. რაც შეეხება საქართველოს და სომხეთს, ამ ქვეყნებში ინსტიტუციური ნდობის დონე დაბალია და საქართველოში იგი დაცემის ტენდენციით ხასიათდება.

დასკვნა

გლობალური კონკურენტუნარიანობის იდექსის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებლის - ინსტიტუტების - შემადგენელი ელემენტის - სოციალური კაპიტალის, ანალიზმა გვიჩვენა, რომ აღნიშნული მაჩვენებელის სტრუქტურული ნაწილები, როგორიცაა ოჯახი და საზოგადოების ქსელები, სოციალური ერთობლიობა და ჩართულობა, პოლიტიკური მონაწილეობა და ინსტიტუციური ნდობა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ნაკლებად არის განვითარებული. აღნიშნული პირდაპირ ზეგავლენას ახდენს რეგიონში არსებულ ტურბულენტურ მდგომარეობაზე და ვითარებას უფრო მეტად არასტაბილურს ხდის, რაც გამოიხატება ცხელი წერტილების არსებობაში, ეთნიკურ კონფლიქტებში, პოლიტიკურ არასტაბილურობაში და ა.შ., რაც წარმოადგენს ამ ქვეყნების ეკონომიკის მდგრადი განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებს.

აღნიშნული პრობლემის გადასჭრელად მნიშვნელოვანია განხორციელდეს ქმედითი ნაბიჯები, რათა მოხდეს სოციალური კაპიტალის დონის ზრდა, დაქსაქსული სოციალური ჯგუფების გაერთიანება, მათი ინტერესების მაქსიმალური შეჯერების საფუძველზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის , საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 29 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, თბილისი, 2018 წლის 14 ნოემბერი.
  3. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებიsს ანგარიში, ცესკო, 2016.
  4. 4. Arnania-Kepuladze T., 2014, Institutions: Uncertainty in Definition of the Term. A Brief Look at the history: 1890-1930. Equilibrium. Quarterly Journal of Economics and Economic Policy, no. 4 (2014): 79-102. https://www.ceeol.com/search/article-detail?id=412695 - ბოლო გადამოწმება 09.09.2020
  5. 5. Black, R., & Gent, S. 2006. Sustainable Return in Post-conflict Contexts. International Migration, 44(3), 15-38.
  6. 6. Bourdieu, P., 1986,The Forms of Capital. In Handbook of theory and research for the sociology of education, edited by John G Richardson. New York: Greenwood Press. Pp. 241-58.
  7. GovData360, GCI 4.0: Social Capital. The World Bank https://govdata360.worldbank.org/indicators/ha5376100?country=BRA&indicator=41334&viz=line_chart&years=2017,2019 - ბოლო გადამოწმება 09.09.2020
  8. 8. Habyarimana, J. P. 2009. Coethnicity: Diversity and the Dilemmas of Collective Action: Russell Sage Foundation.
  9. 9. Kepuladze G., Arnania-Kepuladze T., 2017, Cooperatives and Social Capital: Innovative approach toward definition of an interconnection. https://www.researchgate.net/publication/338611800_Cooperatives_and_Social_Capital_Innovative_approach_toward_definition_of_an_interconnection
  10. Putnam R., 2000. Bowling Alone: The Collapse and Revival of the American Community. New York: Simon & Schuster Paperbacks.
  11. Statistical Data, Statistical Committee of the Republic of Armenia. https://armstat.am/en/
  12. Statistical Data, The State Statistical Committee of the Republic of Azerbaijan, https://www.stat.gov.az/ - ბოლო გადამოწმება 09.09.2020
  13. TCdata360. GCI 4.0: 1.B Social Capital. The World Bank. https://tcdata360.worldbank.org/indicators/h130a49bf?country=NZL&indicator=41497&countries=AZE&viz=line_chart&years=2017,2019&indicators=944 - ბოლო გადამოწმება 09.09.2020
  14. 14. TCdata360. Public Trust In Politicians, The World Bank. https://tcdata360.worldbank.org/indicators/hbb8873f1?country=ARM&indicator=665&countries=AZE,GEO&viz=line_chart&years=2007,2017 - ბოლო გადამოწმება 09.09.2020
  15. Varshney A., 2001. Ethnic Conflict and Civil Society: India and Beyond. World Politics, 53(3), 362-398.
  16. [1] სომხეთში ქორწინებისა და განქორწინების სტატისტუკური მონაცემები ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება

References

The New Economist N3, (2020), Vol 15, Issue 2

3-2020-11-page-1.jpg
Published Date:

01/10/2020