How we started, how far we have come and where we want to go... / როგორ დავიწყეთ, სადამდე მოვედით და სად გვინდა გავიდეთ...
Loid Karchava / ლოიდ ქარჩავა
Doctor of Business Administration, Professor of Georgian Technical University / ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი
Abstract
How we started, how far we have come and where we want to go... / როგორ დავიწყეთ, სადამდე მოვედით და სად გვინდა გავიდეთ...
Introduction
ჩვენი ჟურნალის პირველი ნომერი 2006 წლის 16 ნოემბერს გამოვიდა, რომელიც ძირითადად სარეკლამო ხასიათს ატარებდა, ამიტომაც ის უფასოდ დარიგდა მიზნობრივ აუდიტორიებში. მაშინ ჟურნალი B5 ფორმატისა გახლდათ. მისი გამოცემა თავიდან ახალგაზრდების ინიციატივა იყო და რედაქტორობა მე შემომთავაზეს გარკვეული ანაზღაურებით. მათი გათვლა უფრო პრაქტიკული მასალების განხილვაზე, ნორმატიული აქტების განმარტებებსა და საკონსულტაციო მომსახურებაზე იყო აქცენტირებული. მეც ავყევი, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ დადგა.
მთავრი მიზეზი მაინც პოტენციური აუდტორიის სიმცირე გახლდათ. მოგეხსენებათ, რომ საქართველო დიდი ქვეყნებს რომ არ შევადაროთ, მეგაპოლისებზეც კი 7-8-ჯერ ნაკლებია. რამდენიმე ნომრის გამოცემის შემდეგ ინიციატორებმა შემომთავაზეს, წამომეღო ჟურნალი და ჩემს თავზე ამეღო მთელი პასუხისმგებლობა: სარედაქციოსთან ერთად ფინანსური და მატერიალურიც. მე დავთანხმდი, გავხდი რედაქტორიც, კორექტორიც, დამკაბადონებელიც პოლიგრაფიც (რიზოგრაფი ვიყიდე ამისთვის და თვითონ ვბეჭდავდი ჩემი ხელით. სხვას მხოლოდ გარეკანის ჩასმას ვაკეთებინებდი) და რეალიზატორიც. მიუხედავად ამისა, მაინც რთული აღმოჩნდა მისი ფეხზე დაყენება. 2008 წელს დადგა საკითხი მისი გაუქმება-არგაუქმების შესახებ. თუმცა მაინც გავაგრძელეთ და, ეკონომიის თვალსაზრისით, B5 ფორმატი A5-ით შევცვალეთ. სულ 2 ნომერი გამოვიდა ამ ფორმატით 2008 წელს.
2009 წელს საკითხი ასე იდგა: ან შეიცვალოს მიდგომა და მაღალი სტანდარტით გამოვიდეს ჟურნალი, ან გაუქმდეს. საბოლოოდ მაინც გაგრძელება გადავწყვიტეთ და გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემმა დამოკიდებულებამ მეცნიერებისადმი - არ მინდოდა ამ სფეროს ჩამოვშორებოდი.
ამისთვის გადავდგით შემდეგი ნაბიჯები:
- გადავწყვიტეთ მიმემართა ყველა წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობისთვის, რათა ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრები გამხდარიყვნენ და გამოქვეყნებული სტატიები ჩაეთვალათ სამეცნიერო სტატიად მათი პროფესორებისა და ყველა დონის სტუდენტისათვის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). თანხმობის ყველა წერილი გამოვაქვეყნე ბეჭდურად და დავდე ჟურნალის ვებგვერდზეც, ხოლო ამ უმაღლესი სასწავლებლების სია დღემდე მოთავსებულია ჟურნალის მე-2 გვერდზე. რედკოლეგიაში შემოვიყვანეთ უცხოელი პროფესორები გერმანიიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან, მოგვიანებით კი - დიდი ბრიტანეთიდან (ოქსფორდის უნივერსიტეტი). შედეგად 2009 წლის პირველი ნომერი განახლებული სარედაქციო კოლეგიითა და A4 ფორმატით გამოვიდა.
- 2010 წლიდან შემოვიღეთ „ნომრის რედაქტორის“ ფორმატი, რომელიც 10 ნომერზე გაგრძელდა. ნომრის რედაქტორები გახლდათ: ქალბატონები: ელენე ხარაბაძე, როზეტა ასათიანი, თინა გელაშვილი; ბატონები: ლეო ჩიქავა, ავთანდილ სილაგაძე, ავთანდილ ჩუთლაშვილი, სლავა ფეტელავა, აკაკი ხელაძე, შოთა ვეშაპიძე. უცხოელი კოლეგები, ბატონები: სერგეი იაკუბოვსკი (ოდესის უნივერსიტეტი, უკრაინა) და ალექსეი დანილჩენკო (ბელარუსის უნივერსიტეტი, ბელარუსი).
- ჩვენი ჟურნალის რედკოლეგიის წევრები იყვნენ და არიან მოქმედი და ყოფილი მინისტრები (ავთანდილ სილაგაძე - სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი; მიხეილ ჯიბუტი - ეკონომიკის მინისტრი; ნოდარ ხადური - ფინანსთა მინისტრი; დავით ნარმანია - ინფრასტრუქტურის მინისტრი; ნათია თურნავა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, სოლომონ პავლიაშვილი -სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი), მინისტრის მოადგილეები, თბილისის მერი - დავით ნარმანია, პარლამენტის წევრები და სხვადასხვა რანგის სახელმწიფო მოხელეები. დარგობრივი აკადემიების პრეზიდენტები: ეკონომიკურ მეცნიერება აკადემიის პრეზიდენტი - ლეო ჩიქავა, დღეისათვის - მიხეილ ჯიბუტი, ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი - ალექსანდრე კუჭუხიძე, დღეისათვის - თეიმურაზ ბაბუნაშვილი; ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი - ნუგზარ ნადარაია, დღეისათვის პრეზიდენტი არ არის არჩეული ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო; სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის რექტორები, პრორექტორები, დეკანები, კათედრის ხელმძღვანელები და სხვადასხვა რანგის პროფესორები.
- ამ ხნის მანძილზე გვქონდა ბევრი საინტერესო ინტერვიუ სახელმწიფო მოხელეებთან, მათ შორის მინისტრებთან (დავით ნარმანია, ნოდარ ხადური, ნათია თურნავა), მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, ქალაქ თბილისისა და რეგიონის ხეხლმძღვანელებთან, წარმატებულ ბიზნესმენებთან. შემოვიღეთ ბევრი საჭირო რუბრიკა და ა.შ.
- მთლიანობაში, დღემდე გამოცემულია 57 ნომერი (15 volume, 51 Issue), 51 ჟურნალი (რამდენჯერმე გაერთიანდა ორი ნომერი), დაბეჭდილია 700-ზე მეტი სტატია, ავტორთა რაოდენობა კი 500-ზე მეტია. საინტერესოა ჩვენი ავტორების გეოგრაფიაც, რომელიც მოიცავს არა მარტო საქართველოს რეგიონებს, არამედ როგორც სხვადასხვა ინგლისურენოვან ქვეყნებს, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მათ შორის: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, უკრაინა, ბელარუსი; აზიის ქვეყნებს: ყაზახეთი, მონღოლეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი; აფრიკის - მოზამბიკი.
მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ვითარდება, ჩვენც უნდა ავუბათ ფეხი თანამედროვე მოთხოვნებს, თუ არადა, ვერ გადავრჩებით.
ბოლო 2-3 წელია ისევ დადგა საკითხი ჟურნალის განვითარებისა ან გაუქმების შესახებ. ისევ მივიღეთ გადაწყვეტილება ჟურნალის გაგრძელების შესახებ. უკვე მარტო არ ვარ და გვერდით დამიდგნენ მეგობრები, ახალგაზრდა კოლეგები და გავაკეთეთ ჟურნალის ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაფერისი ვებგვერდი, ახალი დიზაინი, განვაახლეთ სტატიებისადმი წაყენებული მოთხოვნები საერთაშორისო სტანდარტებით, ინდექსირებადი გახდა ყველა აქამდე და მომავალში გამოქვეყნებული სტატია და გვაქვს დიდი იმედი, რომ ჩვენ ღირსეულ ადგილს დავიკავებთ სამეცნიერო ჟურნალებს შორის.
გვინდა პატარა განმარტება გავკეთოთ, თუ რას ნიშნავს ჟურნალის გარეკანი - ახალი დიზაინი? ჩვენი ჟურნალი - „ახალი ეკონომისტი“ რებრენდინგის შემდეგ გახდა ,,The New Economist“-ი. თუმცა, აუცილებლობიდან გამომდინარე ძველი სახელიც შევუნარჩუნეთ, თუნდაც ცნობადობის შენარჩუნების მიზნით. 15 წლის შემდეგ ჟურნალის რებრენდინგი გამოწვეულია დროის მოთხოვნით. თავიდან როცა სახელს ვარჩევდით, ჩემი აზრი იყო, რომ სახელი ყოფილიყო „ეკონომისტი“ და არა „ეკონომიკა“. აკადემიკოსმა ლეო ჩიქავამ მირჩია, „ახალი ეკონომიკა“ დაარქვიო, მაგრამ მე „ახალი ეკონომისტი“ დავტოვე, რადგან ეკონომისტი არის ადამიანი, რომელიც ქმნის ეკონომიკას და მის საფუძველზე იქმნება სხვა ზედნაშენები. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკა ყველაფრის საფუძველია, სხვა დანარჩენი - მისი ზედნაშენია!
მაშასადამე, ახალი ეკონომისტი ახალი ეკონომიკის შემქმნელია, უფრო სწორად, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შემქმნელი უნდა იყოს. ჩვენი ჟურნალი სწორედ ახალი ეკონომისტების ახალი იდეების აგიტატორი უნდა იყოს. სწორედ ახალი ეკონომიკური ხედვებია საჭირო ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, სწრაფვა უკეთესობისკენ, რომლის საფუძველიც სწორედ რომ ეკონომიკაა...
15 წლის შემდეგ ახალი რეალობიდან გამომინარე, ჩვენ რებრენდინგი განვიცადეთ, სახელი ინგლისურენოვანი გავხადეთ, რადგან თანამედროვე ახალი ეკონომიკა ერთი ქვეყნის ფარგლებში ვერ ჩაეტევა. ჩვენ გვჭირდება მსოფლიოსთან უფრო მჭიდრო კავშირი, როგორც არასდროს. მსოფლიო დიდი ხანია „დაპატარავდა“, გლობალიზაცია ზევიდან დაგვყურებს და ჩევენ ღირსეული ადგილი უნდა დავიმკვიდროთ ამ ახალ ეპოქაში ისე, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი წარსულის ღირსეული მემკვიდრეობა, წესი, ადათი, ტრადიციები, და მათ შორის, ტრადიცული ეკონომიკა, ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით... ყოველივე ამის მისაღწევად საქართველოში ჩაკეტვა არ გამოვა. რომ გავიდეთ საზღვრებს გარეთ საჭიროა საერთაშორისო ენა - ინგლისური, ამიტომაც დავარქვით მას ინგლისური სახელი - “The New Economist”, რათა ვიაზროვნოთ მსოფლიო ენაზე და თან შევინარჩუნოთ საკუთარი ენა - „ახალი ეკონომისტი“.
ვინაიდან ჟურნალი საერთაშორისოა, ჩვენ ძირითადი ტექსტები და მთელი სტრუქტურა ინგლისურად ავაგეთ, ამავე დროს გვერდით დაყენებულია “google translate”-ის ავტომატური თარგმანი. მსურველს შეუძლია ინგლისური ტექსტი გადაიყვანოს ქართულ ან რუსულ ენაზე (რუსული იმიტომ დავამატეთ, რომ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, რეალობაა, რომ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე რუსულენოვანია ძირითადად და ეს ასე გაგრძელდება ჯერ-ჯერობით, მერე კი ცხოვრება გვიჩვენებს). ასევე, შესაძლებელია ქართული ტექსტის ინგლისურ და რუსულ ენაზე გადათარგმნა ამავე პრინციპით. მაგალითად, თქვენი სტატია, რომელიც ქართულ ენაზეა შესრულებული, ამ თარგმანის მეშვეობით შეუძლია ინგლისურენოვან მომხმარებელს ერთი დაკლიკებით გადაიყვანოს ინგლისურ ენაზე. ან რუსულენოვან მომხმრებელს შეუძლია გადაიყვანოს რუსულ ენაზე.
მაგ.: შევიდეთ „Archives“-ში და შევარჩიოთ ჟურნალის ბოლო ნომერი. აქ, ერთის მხრივ, მთლიანად დევს ჟურნალი PDF ფაილში, რომელიც მომხმარებელს შეუძლია მთლიანად გადმოწეროს, ეს ერთი. მეორე, შეუძლია იქვე ჩამოჰყვეს და „Word“-ის ფორმატში წაიკითხოს. მაგ.: ავიღოთ ე. ლაგვილავას სტატია. დააკლიკებს და მთელ სტატიას იხილავს, რომელიც ჟურნალშია გამოქვეყნებული, ოღონდ აქ ჟურნალის გვერდები არაა მითითებული. მას შეუძლია გვერდით „Language“-ში შეარჩიოს სასურველი ენა (ინგლისური, რუსული), ორჯერ დააკლიკებს და გადაიყვანს სასურველ ენაზე.
ანალოგიურად შესაძლებელია ინგლისურენოვანი სტატიის თარგმნა ქართულ და რუსულ ენებზე.
მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ სასურველი სტატია გადმოიწეროს PDF ფაილში. ანალოგიურად მოხდება ყველა სხვა შემთხვევაში.
რაც შეეხება სურათს ჟურნალის პირველ გვერდზე. აქ გამოსახულია გლობუსი - მთელი მსოფლიო, დედამიწა, რომელიც უნდა მოვიცვათ ჩვენ, ჩვენმა გუნდმა - ახალმა ეკონომისტებმა. გლობუსის ქვეშ თქვენ ხედავთ მსოფლიო რუკას - ყველა კონტინენტზე დგანან საქმიანი ადამიანები - ახალი ეკონომისტები და არა მხოლოდ ეკონომისტები, ახალი მსოფლიო ეკონომიკის შემქმნელები. ისინი ყველანი ჩვენი პარტნიორები უნდა გახდნენ. . .
ხოლო ჟურნალის უკანა გვერდის დიზაინზე თქვენ ხედავთ ცათამბჯენებს, რომელიც თანამედროვე, ახალი ეკონომიკის შედეგია, მიღწევაა. ჩვენც, „ახალ ეკნომისტებს“ ახალი მიღწევები გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჩვენი შრომა უშედეგო იქნება...
სულ მალე ჟურნალი ინდექსირებული იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ცნობად ბაზაში. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მიმდინარეობს ახალი ვებგვერდის - www.neweconomist.com.ge დამუშავება. სულ მალე ვებგვერდს ექნება სატელეფონო აპლიკაციაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელეფონიდანაც თავისუფლად ისარგებლებს მომხმარებელი ჩვენს ვებგვერდს. დაიხვეწა ჟურნალში პუბლიცირების მოთხოვნები და შეიქმნა სტატიისადმი მოთხოვნის საერთაშორისო სტანდარტი. ყველა სტატია, რომელიც დღემდე დაიბეჭდა ჩვენს ჟურნალში, მალე აისახება Google scholar-ში და სხვა ცნობად სამეცნიერო ბაზებში.
წარმატებებს გისურვებთ ჩვენო მკითხველო!
ღმერთი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
29.09.2020
References
The New Economist N3, (2020), Vol 15, Issue 2
01/10/2020
Copyright (c) 2020 Loid Karchava / ლოიდ ქარჩავა
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.