Future Economy and Georgia / მომავლის ეკონომიკა და საქართველო
Lasha Mgeladze
PhD in economics, Assistant-Professor Technical University of Georgia ORCID iD: https://orcid.org/0000-0003-4608-7255
Abstract
The study outlines the future of economy, presents ideas about the impact COVID 19 will have on the future of economy and whether the incentives and conjuncture of economic development will substantially change in the future. It includes opinions about Georgian Economy, what direction the country should take in order to adequately respond to the challenges of the future and create a sustainable basis for the further development.
As a conclusion, the Author offers solutions for further economic development of Georgia, as well as the solutions for challenges faced by the country. The mentioned solutions require large-scale, effective measures and reforms in the various fields.
It can be said, that the future of economy will be the same, as the perspective we create. According to the conclusion, we should not to think about how we adapt to the challenges, but we should create a perspective so that the system can deal with challenges with little help (in most cases without any help) and introduced incentives should efficiently/effectively adapt any person / system to new challenges – furthermore, in most cases, persons employed in the system could create new opportunities / perspectives, such as: Skype, Google, Samsung, etc. Such innovative or successful companies / technologies are not established by scientific, research-based development plans, but by individuals operating in the right environment (under the right conditions) - by its automatic mode (progress is made by free / attractive competition in a competitive environment and not by targeted programs – by the content of this phrase we do not mean complete deregulation and chaos. Although, over deregulation is always better than over regulation).
Purpose/point of view is simple - „Let`s simply create a perspective“.
Introduction
ანოტაცია
სტატიაში საუბარია მომავლის ეკონომიკაზე, წარმოდგენილია მოსაზრებები, რა გავლენას მოახდენს COVID 19 მომავლის ეკონომიკაზე და შეიცვლება თუ არა, არსობრივად, ეკონომიკური განვითარების სტიმულები და კონიუქტურა მომავლის ეკონომიკაში. ასახულია შეხედულებები საქართველოსთან მიმართებაში, რა მიმართულება უნდ აიღოს ქვეყანამ, რომ ადეკვატურად უპასუხოს მომავლის გამოწვევებს და შექმნას განვითარების მდგრადი საფუძველი.
ბოლოს დასკვნის სახით ავტორი გვთავაზობს გამოსავალს საქართველოსთვის, მომავლის ეკონომიკასა და გამოწვევებთან მიმართებაში. გამოსავალს, რომელიც თავის თავში სხვადსხვა მიმართულებით მასშტაბური და ეფექტიანი ღონისძიებებისა და რეფორმების განხორცილებას მოითხოვს.
შეიძლება ითქვას, რომ მომავლის ეკონომიკა იქნება ისეთი, როგორ პერსპექტივასაც შევქმნით. იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ როგორ მოვერგოთ წამოჭრილ გამოწვევებს, არამედ უნდა ვიფიქროთ, როგორი პერსპექტივა შევქმნათ, რომ სისტემამ მცირე დახმარების (უმეტეს შემთხვევაში დაუხმარებლად) შედეგად აუღოს ალღო წარმოქმნილ გამოწვევებს და დანერგილმა სტიმულებმა ეფექტურად/ეფექტიანად მოახდინოს ამა თუ იმ პირის/სისტემის ადაპტირება ახალ გამოწვევებზე - უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში, სისტემაში მოქმედმა პირებმა თვითონ შექმნან ახალი გამოწვევები/პერსპექტივები მაგ. როგორიც იყო Skype, Google, Samsung და ა.შ. მსგავს ინოვაციურ თუ წარმატებულ კომპანიებს/ტექნოლოგიებს ქმნის არა მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული განვითარების გეგმები, არამედ სწორ გარემოში (სწორ პირობებში) მოქმედი პირები - თავისით ავტომატურ რეჟიმში (პროგრესს თავისუფალ და მიმზიდველ გარემოში არსებული/მოქმედი კონკურენცია ქმნის და არა მიზნობრივი პროგრამები. - ამ ფრაზის არსში ჩვენ სრულ დერეგულაციასა და ქაოსს არ ვგულისხმობთ. თუმცა ზედმეტ რეგულაციას ზედმეტი დერეგულაცია ჯობია ყოველთვის). - აღნიშნულია დასკვნაში;
მიზანი/ორიენტირი მარტივია - „უბრალოდ შევქმნათ პერსპექტივა“
საკვანძო სიტყვები - მომავლის ეკონომიკა, ეკონომიკა, კოვიდ-19, პანდემია, საქართველო.
შესავალი
აგერ უკვე 30 წელია გამალებულები ვსაუბრობთ - რა გვეშველება? რითი დავიწყოთ, რას უდა მივხედოთ პირველ რიგში, განვითარების რა გეზი უნდა ავიღოთ, როგორი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ა.შ. საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა ე.წ. კორონა ვირუსის გავრცელებისა და მსოფლიოს, შეიძლება ითქვას, დაპაუზების გამო.
ერთნი ფიქრობენ რომ პოსტ კორონასეული მსოფლიო სულ სხვაგვარი იქნება, უფრო კარჩაკეტილ მართვას დავუბრუნდებით და გლობალიზაციის პროცესი შენელდება (ან დროში გადაიდება); მეორენი, პირიქით, ფიქრობენ, რომ ეს მოვლენა გლობალიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს და პროცესებს შეუქცევად ხასიათს მისცემს; ნაწილი მიიჩნევს რომ მსოფლიოში ახალი ტიპის ეკონომიკური სისტემები წარმოიქმნება - მსოფლიო აღარ იქნება „ძველებური“ და ა.შ.
და მაინც, რა მოხდება მომავალში? როგორი იქნება მომავლის ეკონომიკა და რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ქვეყანამ იმისთვის, რომ ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიოს ძლიერ ქვეყნებს შორის (იმისთვის, რომ არ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ჯერ სწრაფი და შეუქცევადი ჩამორჩენა მსოფლიო განვითარების ფერხულისგან და შემდგომ არ დავდგეთ არსებობა-არარსებობის ზღვარზე).
როგორი იქნება მომავლის ეკონომიკა
პირველ რიგში გვინდა ვთქვათ, რომ, ჩვენი აზრით, მსოფლიოს მომავალი განვითარების კუთხით არსობრივად არაფერი არ შეიცვლება - იგი განვითარდება დაახლოებით იმ სისწრაფით და იმ მიმართულებით როგორ ფერხულშიც იყო ჩაბმული (როგორც აქამდე ვითარდებოდა). ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოსტინდუსტრიული ერაც უკვე დასასრულს უახლოვდება და გადავდივართ მაღალტექნოლოგიური განვითარების ერაში (დაშვება ჩვენია - მაღალტექნოლოგიურ ერაში). ერაში, სადაც ხელოვნური ინტელექტი იკავებს წამყვან პოზიციებს (სადაც მაღალტექნოლოგიურ გამოწვევებზე იქნება აგებული სოციალურ-ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური პოლიტიკა).
აქვე ისმის კითხვა რა იცვლება ამით ეკონომიკის საფუძვლებისთვის, ეკონომიკური პოლიტიკისთვის? რა პრინციპებზე უნდა იქნეს აგებული მომავლის ეკონომიკა? პასუხი მარტივია - ბუნებრივი ეკონომიკური კანონები/პრინციპები არასდროს შეცვლილა და არ შეიცვლება (ეკონომიკა მუშაობდა და იმუშავებს იგივე ბუნებრივი პრინციპებით როგორც აქამდე მუშაობდა, რადგან ეს ბუნებრივი ეკონომიკური კანონები უნივერსალურია. სწორედ ამ კანონების ზემოქმედების შედეგად მოვიდა მსოფლიო განვითარების დღევანდელ ეტაპამდე და ეს ბუნებრივი კანონები გახდება მომავალი განვითარების საფუძველი).
აქ საკითხი სულ სხვაგვარად უნდა დადგეს - სიტუაცია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტიპის პოლიტიკას შეიმუშავებენ სახელმწიფოები. რამდენად მისცემს ესა თუ ის სახელმწიფო ეკონომიკის ბუნებრივ კანონებს თავისუფლად მუშაობის საშუალებას და მოაქცევს თუ არა რეგულირებისა და ბარიერების მარწუხებში ეკონომიკას (რა თქმა უნდა ხალხზე ზრუნვის მოტივით). ეს კი უკვე გლობალურ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და ზესახელმწიფოების გათვლებზე/სურვილებზეა დამოკიდებული - ამ მიზნების წინასწარ გათვლა და განსაზღვრა ფაქტობრივად შეუძლებელია. ერთი იმიტომ რომ ამ გეგმების დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია (არ არის მათზე თავისუფალი წვდომა). მეორე იმიტომ, რომ, რაც არ უნდა ზუსტად იყოს გათვლილი გეგმა, სამყაროს დინამიური განვითარების პროცესში, როგორი წინაღობის/გამოწვევების წინაშე დადგება ესა თუ ის ქვეყანა (თუნდაც მსოფლიო) და რა კუთხით გახდება საჭირო გრძელვადიანი გეგმის შეცვლა (რამდენად ადეკვატური იქნება ეს ცვლილება წარმოქმნილ გამოწვევებთან მიმართებაში) წინასწარ ვერ განსაზღვრავ.
მოკლედ შეჯამების სახით რომ ვთქვათ მომავლის ეკონომიკა გადაინაცვლებს მაღალტექნოლოგიურ ერაში, სადაც ბუნებრივი ეკონომიკური კანონები (რომლის ძირითადი განმსაზღვრელი და მამოძრავებელი ჩვენი აზრით მაინც თავისუფალი კონკურენციაა, რომელსაც მოჰყვება მოთხოვნა-მიწოდების, ელასტიურობისა და სხვა მსგავსი ბუნებრივი ეკონომიკური კანონები) ისევ ძველებური სახით იმოქმედებს (ისევ ფუნდამენტური იქნება ეკონომიკის განვითარებისათვის).
აქ შეიძლება ოპონენტებს წარმოეშვათ აზრი, რომ ყოველივე ზემოთ თქმული ზედაპირულია, არ არის გამყარებული ღრმა კვლევებით (შემოთავაზებული მოსაზრება არ ეფუძნება რაოდენობრივ და თვისებრივ მეცნიერულ კვლევებს). ოპონენტების საპირწონედ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ ქვემოთ. აქ კი უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ არსებობს მთელი რიგი საკითხებისა/მოვლენებისა რომელთა არსი, რაოდენ არაპროფესიონალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ყოველგვარი ღრმა და ყოვლისმომცველი კვლევების გარეშეც ნათელია (შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს). უფრო მეტიც, ყოველმა დამატებითმა სიღრმისეულმა კვლევამ შეიძლება უფრო დაგაშოროს და მოგწყვიტოს რეალობას ისე რომ ვერ ჩახვდე ბოლომდე პრობლემის/მოვლენის რეალურ არსს (პრობლემას/მოვლენას/თვისებას რომელიც თვალწინ გიდგას და შენ ღრმა კვლევებს ახორციელებ იმისთვის, რომ დაამტკიცო მისი არსებობა/თვისობრიობა).
ეხლა განვიხილოთ მეორე საკითხი - რა გვეშველება
ალბათ ბუნებრივად იბადება კითხვა მსოფლიო თუ მაღალტექნოლოგიურ ერაში შედის [ეკონომიკური ვითარებისა და გამოწვევების კონიუქტურა შეიცვლება, გაქრება/აღარ გახდება საჭირო ბევრი ძველი პროფესია (შესაძლოა ზოგი ეკონომიკის დარგიც კი გაქრეს არარელევანტური გახდეს), გაჩნდება მომავლის პროფესიები და დარგები. საჭირო გახდება ახალი ტექნოლოგიებისა და პროფესიების ათვისება], როგორ უნდა მოახერხოს ჩვენნაირმა განივთარებადმა ქვეყანამ, რომელისთვისაც მსუბუქად რომ ვთქვათ რესურსების სიმწირე და მენეჯმენტის არაეფექტიანობა თანმდევი პროცესია ფეხი აუბას მსოფლიო განვითარების ფერხულს და მოახდინოს ახალ რეალობასთან ადაპტაცია.
პასუხი მარტივია იმდენად მარტივი, რომ შეიძლება გაგიკვირდეთ (უფრო მეტიც შეიძლება აბსურდადაც კი მოგეჩვენოთ). არ არის საჭირო რაიმე სიღრმისეული გათვლების კეთება - გრძელვადიანი, მოკლევადიანი თუ საშუალოვადიანი გეგმების შედგენა, კვლევის მოდელებისა და რთულ ფორმულებზე დაყრდნობით სამოქმედო გეგმების შემუშავება.
მაინც რა შეიძლება იყოს ესეთი მარტივი, ყოვლისმომცველი და ეფექტიანი პასუხი კითხვაზე - რა გვეშველება (როგორ ავუწყოთ ფეხი მომავალს - მომავლის ეკონომიკას)?...
უბრალოდ უნდა შევქმნათ პერსპექტივა, დანარჩენი ავტომატურ რეჟიმში თავისით მოხდება. შევქმნათ პერსპექტივა, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანს მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები; თავისი უნარებისა და ჩვევების კონკურენტული უპირატესობების ხარჯზე იცხოვროს ღირსეულად, აკეთოს მისთვის საინტერესო საქმე და ამ საქმის კეთება აძლევდეს საშუალებას იცხოვროს ღირსეულად - მიიღოს შემოსავალი (ანუ აკეთოს ის რაც ყველაზე კარგად გამოსდის და აინტერესებს და ამით შეძლოს სულ მცირე თავის რჩენა).
და მიანც როგორ შევქმნათ პერსპექტივა?
პირველ რიგში მიმზიდველი ეკონომიკური გარემოს [მსოფლიოში ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) ყველაზე მიმზიდველი გარემო ბიზნესის კეთებისათვის] ჩამოყალიბების საშუალებით - ბიზნესის კეთებისათვის ქართული ეკონომიკის ყველაზე კარგი პერსპექტივის შექმნის საშულებით.
აქ ალბათ გაჩნდება კითხვა - რატომ ვამახვილებთ ამხელა ყურადღებას ეკონომიკურ გარემოზე? რატომ განვიხილავთ ეკონომიკურ გარემოს ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებად? იმიტომ, რომ ეკონომიკა მოიცავს ყველაფერს [საკუთრივ სამეწარმეო გარემოსთან ერთად პოლიტიკას, მათ შორის სახელმწიფო/საჯარო სამსახურის სისტემას; ჯანდაცვას; განათლებას, მათ შორის მეცნიერებას; უსაფრთხოებას; სასჯელაღსრულებისა და სამართალდამცავ სისტემას; სასამართლო სისტემას და ა.შ.) ქვეყანაში არსებული ყველა სისტემაში აღწევს ეკონომიკა - ყველა სისტემას ჯანსაღი ეკონომიკური საფუძველი ჭირდება რომ ეფექტიანად და გამართულად ფუნქციონირებდეს.
და მაინც, რა იგულისხმება მიმზიდველი ეკონომიკური გარემოს (ყველაზე კარგი პერსპექტივის) შექმნაში? პასუხი აქაც მარტივია - ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც შექმნის უდიდეს სტიმულს იმისთვის, რომ მსოფლიოში არსებული თავისუფალი კაპიტალი მოიწევდეს/მოისწრაფოდეს საქართველოსკენ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ პირს რომელსაც ინვესტიციის განხორციელების (ფულის დაბანდების) სურვილი აქვს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ გარემოს საქართველოში უნდა ხედავდეს (ყველაზე მარტივად ფულის დაბანდების, უსაფრთხოდ ბიზნესის წარმოების და ყოველ დაბანდებულ დოლარზე ყველაზე მაღალი მოგების მიღების პერსპექტივით). ხოლო ჩვეულებრივ, ნიჭიერ ადამიანს ყველაზე დიდი შანსი უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში, რომ თავისი ნიჭის გამოყენებით შეძლოს ღირსეულად ცხოვრება (იშოვოს ფული). ქვეყანის ეკონომიკა უნდა იზრდებოდეს უფრო სწრაფად ვიდრე მსოფლიოს ეკონომიკა იზრდება.
ოპონენტებმა შეიძლება თქვან, რომ ეკონომიკური ზრდა პრიორიტეტული არ არის ქვეყნისთვის. მთავარი ეკონომიკური განვითარებაა საითკენაც უნდა იყოს ძალისხმევა მიმართულიო (ეკონომიკური ზრდა კი არა ეკონომიკური განვითარება გვჭირდებაო).
ოპონენტების საპირწონედ შეიძლება ითქვას, რომ თუ არ გვექნება ეკონომიკური ზრდა ვერასდროს მივაღწევთ ეკონომიკურ განვითარებას (ჩვენი შეხედულებით გაბატონებული აზრი, რომ ეკონომიკური განვითარება ეკონომიკური ზრდის გარეშეც შესაძლებელია არამართებულია). საკითხის საფუძველს რომ ჩავწვდეთ უმჯობესია უმარტივეს მაგალითებამდე დავიდეთ რადგან განვითარებულ და ეკონომიკურად მკვეთრად გაზრდილ, სხვადასხვა ეკონომიკური ფორმულებითა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით დახუნძლულ სიტუაციაში ხანდახან საკითხის მთავარი არსი იკარგება (კვლევა და სტრატეგია სხვა მხრივ ვითარდება რეალური ვითარება კი სხვაგვარია),
მივყვეთ საკითხს ეტაპობრივად. პირველ რიგში ადამიანს უჩნდება ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილი, როგორიცაა შიმშილი. ანუ, თუ მას არ აქვს გამოკვების საშუალება, იგი, პირველ რიგში, იწყებს ზრუნვას გამოკვებისთვის. მისთვის მეორე ხარისხოვანია მაღალმატერიული მოთხოვნილებები და პატრიოტიზმი იმიტომ რომ შია (მას და მის ოჯახს). მას შემდეგ, რაც ადამიანი შიმშილის პრობლემას გადაჭრის იწყებს ფიქრს თავშესაფარზე. ზრუნავს, რომ არ აწვიმდეს და ათოვდეს, არ ციოდეს. თავშესაფრის პრობლემის მოგვარების შემდეგ იწყებს ფიქრს ელემენტარულ კომფორტზე, რასაც ქვია გათბობით, წყალით, გაზით ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფა. ამ ელემენტარული მოთხოვნილებები დაკმაყოფილების შემდეგ ადამიანი იწყებს სხვა შედარებით მაღალმატერიული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ფიქრს, რასაც ქვია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება - კინო, თეატრი და ა.შ. რის შემდეგაც გადადის უფრო მაღალმატერიული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ეტაპზე - თვითონ შექმნას რაიმე. შესაბამისად, ცდილობს მიიღოს განათლება, დაიწყოს ფიქრი სამყაროს არსზე, სულიერ თუ გონებრივ განვითარებაზე; რასაც, შემდგომ ეტაპზე, მოჰყვება სწორედ ეკონომიკური განვითარების საფუძვლების გაჩენა. ეკონომიკური განვითარება იწყება უკვე ეკონომიკურად უზრუნველყოფილი ადამიანის ფიქრით/ზრუნვით არა მარტო საკუთარ თავზე და თავის ოჯახზე, არამედ ქვეყანასა და საზოგადოებაზე ფიქრით/ზრუნვით. ანუ, ადამიანს უჩნდება სხვისი დახმარების საშუალება და ნება (ნება შეიძლება მანამდეც ქონდა, მაგრამ მანამდე არ ეცალა ამ ნების რეალიზაციისათვის). ამის შემდგომ კი ხდება ის რასაც ეკონომიკურ განვითარებას ვეძახით (თუმცა ეს ჩემთვის უბრალოდ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ეტაპია, რადგან შემდგომ ეტაპზე ზე ინტელექტუალური ეკონომიკური ზრდის ეტაპი იწყება, ჩვენი აზრით, რომელიც ჩვენი პლანეტის სივრცეს გასცდება). ასე რომ, ჩვენი აზრით, ეკონომიკური ზრდა პირდაპირპროპორციულად, შეიძლება ითქვას, ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს ეკონომიკურ განვითარებას (იმიტომ რომ ადამიანის გონება და ფიზიონომია ესეა მოწყობილი) და ამისთვის რაიმე სპეციფიკური გეგმის დასახვა, მითუმეტეს ქვეყნის განვითარებად ეტაპზე ყოფნის პერიოდში, არაეფექტიანია.
ზემოთ უკვე არაერთხელ გავიმეორეთ, რომ კითხვაზე რა გვეშველება? პასუხი მარტივია -უბრალოდ უნდა შევქმნათ მსოფლიოში ყველაზე კარგი პერსპექტივა. აი ამ მარტივი პასუხის პრაქტიკაში განხორციელება კი არც ისე მარტივია. იმისთვის რომ შევქმნათ ყველაზე კარგი პერსპექტივა აუცილებელია ქვეყანაში განხორციელდეს მასშტაბური და შეუქცევადი რეფორმები, რომლის ორიენტირი საქართველოში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე კარგი პერსპექტივის შექმნა უნდა იყოს (როგორც ინტელექტისთვის, ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის ისე თავისუფლად მოძრავი კაპიტალისთვის - ბიზნესის წარმოებისთვის)
ზოგმა შეიძლება თქვას - ზემოაღნიშნული მიდგომა ძალიან ზედაპირული და ზერელეა. იგი არ გამოდგება ისეთი ღრმა და ყოვლისმომცველი საკითხის გადასაჭრელად, როგორიც ქვეყნის განვითარება და მისი მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა. მათ საპირწონედ (რომელთაც მიაჩნიათ, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი კვლევების საფუძველზე უნდა შედგეს ქვეყნის განვითარების გეგმა) გვინდა რამდენიმე მოსაზრება შემოგთავაზოთ:
- თუ ჩანასახი/საფუძველი/ორიენტირი სწორ მიდგომაზეა დაფუძნებული მაშინ ამ საფუძველზე ორიენტირებული კვლევისა თუ სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება სწორ, ეკონომიკურად და სოციალურად გამართლებულ და ეფექტიან შედეგს მოიტანს. ხოლო თუ საფუძველი არასწორია შედეგიც ეფექტიანი ვერ იქნება (როგორც მეცნიერებაში, არასწორ დაშვებას/საფუძველს მეცნიერული კვლევა არასწორ შედეგამდე მიჰყავს და პირიქით). შესაბამისად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი აზრით, სწორედ სწორი ორიენტირების აღების/დასახვის პრობლემაა ქვეყანაში, რასაც არაეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებისკენ მივყავართ.
- ძალიან კარგი მაგალითია ე.წ. კორონა ვირუსი - COVID 19, რამდენიმე თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა რომ მსოფლიო ეკონომიკა ვირუსის გამო დაპაუზდებოდა და საერთოდ, ახალი გამოწვევის წინაშე დადგებოდა. შესაბამისად, COVID 19-მდე არსებული არცერთი სიღრმისეული კვლევა აღარ არის ეფექტიანი. შესაბამისად, ჩვენი აზრით ნებისმიერ სიტუაციაში ჯობია გქონდეს ერთი ძირითადი ორიენტირი (მაგ. ეკონომიკის მაქსიმალური დერეგულაცია და თვითკმარი სისტემების შექმნა), რომლის გარშემოც ააგებ მომავალ პოლიტიკას და ეფექტიანად/ეფექტურად, მოკლე დროში შეგეძლება პოლიტიკის ცვლილება და წამოჭრილ გამოწვევებზე რეაგირება (ნაკლები ზარალის ფასად).
- ნავთობის ფასი - როგორც ცნობილია რამდენიმე წლის წინ ნავთობზე ფასი, 2016 წლის იანვარში, მკვეთრად, ბარელზე 28$-მდე, დაეცა[4] (ოპკ-ის მონაცემებით კი 40.68$-მდე. ფასი მატების ტენდენციით ხასიათდებოდა 2013 წლამდე და 105.87$ შეადგინა. 2015 წელს კი მკვეთრად 49.49$-მდე შემცირდა [3]. მომდევნო წლების მანძილზე ფასი ისევ დაბალ ნიშნულზე დარჩა და საშუალოდ 2015 წლიდან დღემდე - 2020 წლის ივლისამდე, 52.6$-ს შეადგინა) [3]. აქ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს მოვლენა ისეთ მოულოდნელ სიტუაციაში და გარემოებებში მოხდა, რომ ფასის შემცირებამდე არსებულ ბაზრის კვლევებში ეს საკითხი ფაქტობრივად გათვალისწინებული არ იქნებოდა. წინასწარ პროგნოზირებული არ იქნებოდა ნავთობის ფასის ესეთი მკვეთრი შემცირება. 6-7 წლის წინ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ნავთობზე ფასი შეიძლება ესე დავარდნილიყო როგორც დღეს. შესაბამისად. აღნიშნული ფაქტი არ იქნებოდა გათვალისწინებული არცერთ სტატისტიკურ, ეკონომეტრიკულ, ბაზრის კვლევის, თუ ეკონომიკურ პროგნოზებში. ნათელია, რომ აღნიშნული საკითხის გაუთვალისწინებლობა, ბაზრის/ეკონომიკურ კვლევებში, არასწორ გზაზე აყენებს როგორც სრულ კვლევას ასევე, მის შედეგს/დასკვნას (კვლევა და დასკვნა აცდენილი იქნება რეალურ სიტუაციას). შესაბამისად, ის გათვლები, რომელიც საწვავის ბაზარზე მომავალში, კონკურენციის დაცვის კუთხით, საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით იქნა შემუშავებული, არაეფექტიანია (შეიძლება არასწორადაც კი იქნა მიღებული არა მხოლოდ რეკომენდაციები არამედ არასწორად განხორციელდა კონკრეტული ქმედებები).
- ძალიან კარგი მაგალითია ასევე მოყვანილი კახა ბენდუქიძის სტატიაში - იმასაც მოკლედ უვლია, ვინც გრძლად ეგონა იარა [1]. სადაც აღნიშნულია, რომ 1980 წელს, ამერიკულმა კორპორაციამ AT&T-ის (American Telephone & Telegraph Co.)[22] უარი თქვა მობილური ტელეფონის სიტემის განვითარებაში ფულის ჩადებაზე და დახურა პროექტი, რადგან მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების კვლევის მიხედვით[23] 2000 წლისათვის გაიყიდებოდა არაუმეტეს 1 მილიონი მობილური აპარატისა (პროექტის დაფინანსებაში ჩადებული ფული იქნებოდა არამომგებიანი).
რეალურად კი 2000 წელს გაიყიდა 415 მილიონი მობილური ტელეფონი. 1994 წელს AT&T-იმ იყიდა კომპანია McCaw Communications 11,5 მილიარდ დოლარად, რომ თუნდაც დაგვიანებით, მობილური მომსახურების ბაზარზე შესულიყო...
ზემოაღნიშნული მაგალითები ნათლად მიუთითებს, რომ მხლოდ ღრმა კვლევებზე დაყრდნობით მომავლის დაგეგმვა არ არის ეფექტიანი. მთელ რიგ შემთხვევებში (უმეტესად) სწორად დადგენილი მიდგომის ფარგლებში მოქმედებას მოაქვს უფრო ეფექტიანი შედეგი ვიდრე ყოველი წვრილმანის მაქსიმალურად გათვალისწინებით შემუშავებული კვლევის მიხედვით მოქმედებას.
დასკვნა
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ მომავლის ეკონომიკა იქნება ისეთი, როგორ პერსპექტივასაც შევქმნით. იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ როგორ მოვერგოთ წამოჭრილ გამოწვევებს არამედ უნდა ვიფიქროთ, როგორი პერსპექტივა შევქმნათ, რომ სისტემამ მცირე დახმარების (უმეტეს შემთხვევაში დაუხმარებლად) შედეგად აუღოს ალღო წარმოქმნილ გამოწვევებს და დანერგილმა სტიმულებმა ეფექტურად/ეფექტიანად მოახდინოს ამა თუ იმ პირის/სისტემის ადაპტირება ახალ გამოწვევებზე - უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში თვითონ შექმნას ახალი გამოწვევები/პერსპექტივები მაგ. როგორიც იყო Skype, Google, Samsung და ა.შ. მსგავს ინოვაციურ თუ წარმატებულ კომპანიებს/ტექნოლოგიებს ქმნის არა მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული განვითარების გეგმები, არამედ სწორ გარემოში (სწორ პირობებში) მოქმედი პირები - თავისით ავტომატურ რეჟიმში (პროგრესს თავისუფალ და მიმზიდველ გარემოში არსებული/მოქმედი კონკურენცია ქმნის და არა მიზნობრივი პროგრამები. - ამ ფრაზის არსში ჩვენ სრულ დერეგულაციასა და ქაოსს არ ვგულისხმობთ. თუმცა ზედმეტ რეგულაციას ზედმეტი დერეგულაცია ჯობია ყოველთვის).
ოპონენტებმა შეიძლება თქვან, რომ ეს მიდგომა, თუ საერთოდ იმუშავებს, მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი და ვერ გამოდგება ისეთი ტიპის გამოწვევების წარმოქმნისას როგორიც - COVID 19 ია (მსგავსი ტიპის პრობლემების წარმოქმნისას საჭიროა მყისიერი ზომების მიღება და განხორციელება რომ არ მოხდეს სიტემის/ეკონომიკის ჩამოშლა). ოპონენტების საპირწონედ შეიძლება ითქვას: 1. თავისუფალი კაპიტალი ნებისმიერი გამოწვევის დროს არსებობს მსოფლიოში და იგი მიემართება იმ მხარეს სადაც უფრო მარტივად შეძლებს დაბანდებასა და მოგების მიღებას. მსგავსი კრიზისის დროს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დამატებითი ფინანსური რესურსების შემოსვლა ქვეყანაში 2. სწორად აწყობილ ინსტიტუციურ სოციალურ და ეკონომიკურ სისტემაში (სისტემაში სადაც თავისუფალი, მაქსიმალურად დერეგულირებული გარემო და სწორი ეკონომიკური სტიმულებია დანერგილი) როგორც წესი საჭირო აღარ ხდება მასშტაბური და კარდინალური ღონისძიებების განხორციელება კრიზისიდან თავის დასაღწევად. 3. ზემოაღნიშნულ მიდგომებზე აგებული სისტემა მდგრადია და უფრო მარტივად და მსუბუქად გამოდის კრიზისიდან - ნაკლები დანაკარგებით უმკლავდება სიტუაციას. შესაბამისად ნაკლებად მასშტაბური/ნაკლებად რადიკალური ზომების გატარება ხდება საჭირო. 4. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ძალიან რთულია (ფაქტობრივად შეუძლებელიც კია) ისეთი სისტემის შემქნა რომელიც უცაბედად წარმოქმნილ მსოფლიო კრიზისებს დამოუკიდებლად დაუხმარებლად გაუმკლავდება. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ საფუძველზე აგებულ სისტემის შექმნაზე რომელიც მსგავს შემთხვევებში ნაკლები დანაკარგებით ბევრად უფრო იოლი ფორმით გაუმკლავდება წამოჭრილ პრობლემებს (მითუმეტეს თუ სისტემის სათავეში გონიერი, სწორად მოაზროვნე და სწორი მიდგომების შემმუშავებელი ძალა დგას)
ზემოაღნიშნული საკითხის განხილვისას ალბათ დაისმება კითხვა რომელი ქვეყანაა ესეთი მსოფლიოში? არსებოს თუ არა მსგავსი პრეცენდენტი/გამოცდილება? ამის განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს, რადგან ყველა ქვეყანას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი - თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებზე მორგებული სისტემები (რომელიც გარკვეული თვალსაზრისით ჯდება ჩვენი რეკომენდაციის ჩარჩოში; გარკვეული თვალსაზრისით კი სცდება ჩვენს შემოთავაზებულ მიდგომას). თუმცა ზემოთ დასმულ ამ კითხვასაც შესაძლებელია მარტივი პასუხი გავცეთ. ესეთი ქვეყანა იქნება საქართველო - თუ იქნება ნება, რომ შეიქმნას ლიბერალურ მიდგომებზე და მაქსიმალურად მინიმალურ/გარდაუვლად აუცილებელ რეგულაციებზე აგებული სისტემა/ გარემო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან შეიძლება ითქვას, რომ გამოსავალი მარტივია, რომელიც თავის თავში უმრავი ღონისძიებისა თუ რეფორმის დაგეგმვასა და განხორცილებას მოითხოვს:
„უბრალოდ შევქმნათ პერსპექტივა“
გამოყენებული ლიტერატურა
- ბენდუქიძე კახა, სტატია, „იმასაც მოკლედ უვლია, ვინც გრძლად ეგონა იარა“ 2010 წელი http://www.tabula.ge/ge/blog/52915-imasac-mokled-uvlia-vinc-grdzlad-egona-iara - ბოლოს გადამოწმდა 04.09.2020
- მგელაძე ლაშა - კონკურენციის პოლიტიკის სრულყოფის გზები საქართველოში, სადისერტაციო ნაშრომი, 2019 წ.
- Karchava, L., 2012. Business-communications. Tbilisi, Loi, 328.
- Karchava, L., 2018. Theoretical basics of business communication and Its connection with other sciences / ბიზნესკომუნიკაციების თეორიული საფუძვლები და მისი კავშირი სხვა მეცნიერებებთან. The New Economist, 13(3, 2018), pp.1-1.
- Kikutadze, V. and Tabatadze, L., 2016. Diversification of funding models of higher education service market in Georgia. In 5th EURASIAN MULTIDISCIPLINARY FORUM, EMF 2016 27-28 October, Tbilisi, Georgia (p. 56).
- Lomia, E., 2020. The Evaluation of Russia's foreign policy towards Georgia following the ‘Rose Revolution’. Journal of Liberty and International affairs, 6(1), pp.112-128.
- Lomia, E., 2017. The United States-Russia Relations Before and After Russia's Intervention in Georgia and Ukraine.
- LOMIA, E., Key Features of the US-Georgia Relations: Mutual Alliance and Strategic Partnership. SECTION II: Literature, Women’s Issues, Education, p.54.
- Lomia, T. and Lomia, E., 2020. ECONOMIC AND POLITICAL SUPPORT OF THE EUROPEAN UNION TO GEORGIA: RETROSPECTIVE ANALYSIS OF THE EU-GEORGIA RELATIONS. International Journal Vallis Aurea, 6(1), pp.35-43.
- Pavliashvili S., Zigzags of inflation in Post-Soviet Georgia, Academu press. San-Fransisco. Sacramento. Copiright 2011
- Pavliashvili, S., 2011. THE WORLD ECONOMIC CRISIS AND GEORGIA. The Caucasus & Globalization, 5(3-4), pp.54-62.
- Pavliashvili, S. and Gubeladze, D., AGRARIAN RURAL AND REGIONAL POLITICAL STRATEGIES IN AGRICULTURE. In Materials of reports made at the international scientific-practical conference held at Paata Gugushvili Institute of Economics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University in 2015 (p. 397).
- Pavliashvili, S., PECULIARITIES OF STATE PROPERTY PRIVATIZATION AND ITS SOCIAL-ECONOMIC RESULTS IN GEORGIA. In Materials of reports made at the international scientific-practical conference held at Paata Gugushvili Institute of Economics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University in 2013 (p. 53).
- Tabatadze, L., 2015. Strategic directions of strengthening competition on higher education market of Georgia. European Scientific Journal.
- Tabatadze, L., 2020. The New Vision of Modern Management Theory. The New Economist, 15(1, 2020), pp.1-1.
- ნავთობის ფასები - https://www.statista.com/statistics/262858/change-in-opec-crude-oil-prices-since-1960/ - ბოლოს გადამოწმდა 04.09.2020
- ინფორმაცია ნავთობის ფასზე - http://www.tabula.ge/ge/story/103716-iranistvis-sanqciebis-moxsnis-shedegad-navtobis-fasi-barelze-28-mde-shemcirda - ბოლოს გადამოწმდა 04.09.2020
- Bendukidze Kakha, Statia, „Imasac Mokled Uvlia, Vints, Grzlad Egona Iara“ 2010 Celi http://www.tabula.ge/ge/blog/52915-imasac-mokled-uvlia-vinc-grdzlad-egona-iara - Last check 04.09.2020
- Mgeladze Lasha – Konkurentsiis Politikis Srulkofis Gzebi Saqartveloshi, Sadisertacio Nashromi, 2019 celi - Last check 04.09.2020
20. Navtobis Fasebi - https://www.statista.com/statistics/262858/change-in-opec-crude-oil-prices-since-1960/ - Last check 04.09.2020
21. informacia navtobis fasze - http://www.tabula.ge/ge/story/103716-iranistvis-sanqciebis-moxsnis-shedegad-navtobis-fasi-barelze-28-mde-shemcirda - Last check 04.09.2020
22. 1970-1980 წწ. AT&T (American Telephone & Telegraph Co.) მსოფლიოს უდიდესი სატელეკომუნიკაციო კორპორაცია იყო. ის მრავალი მიმართულებით მუშაობდა. მის ლაბორატორიებში იყო შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი – ტრანზისტორი და პროგრამირების ძირითადი ენები, ლაზერი და ტელეტაიპი, რადიო-ასტრონომია და სმენის აპარატი, ხმოვანი ფილმი და ინფორმაციის თეორია. იმ დროისთვის კომპანიის ხუთ თანამშრომელს ნობელის პრემია ჰქონდა მიღებული. უფრო მეტიც, თვით ტელეფონიც AT&T-ის შვილია – კომპანია ტელეფონის გამომგონებელმა, გრემ ბელმა დააფუძნა - აღნიშნულია სტატიაში
23. მათ შორის იყო კომპანია მაკკინსი (McKinsey) ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი მსოფლიო ბაზარზე
References
The New Economist N3, (2020), Vol 15, Issue 2
01/10/2020
Copyright (c) 2020 Lasha Mgeladze
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.