Logo

მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

Published Date: 07/10/2026

შიო მესამე-11-2.jpg

2026 წლის 11 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე შიო, რომელსაც პატრიარქის ტახტზე ეწოდა — შიო III.

ჟურნალ „The New Economist“ („ახალი ეკონომისტი“)-ის სარედაქციო საბჭოს სახელით, ღრმა პატივისცემითა და გულწრფელი სიხარულით ვულოცავთ მის უწმიდესობასა და უნეტარესობას ამ უდიდეს პატივსა და განსაკუთრებულ ღვთივკურთხეულ აღსაყდრებას — საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელთა შორის გამორჩევას.

პატრიარქის მაღალი მსახურება არის არა მხოლოდ უდიდესი პატივი, არამედ უმძიმესი და უმნიშვნელოვანესი სულიერი პასუხისმგებლობა — ჯვარი, რომელიც რჩეულთ ეძლევათ ერისა და ეკლესიის წინაშე მსახურებისთვის. ვუსურვებთ მის უწმიდესობას, ღვთის მადლითა და ძალით, სიმტკიცითა და სიბრძნით, ღირსეულად ეტარებინოს ეს მძიმე ჯვარი და ერთგულად გაძღოლოდეს საქართველოს ეკლესიას მშვიდობის, ერთობისა და სულიერი განმტკიცების გზაზე.

აღვავლენთ ჩვენს ლოცვით სურვილს, რომ ყოვლადწმინდა სამების მადლი და წყალობა მუდამ სუფევდეს მის უწმიდესობაზე; უფალმა განუმტკიცოს ჯანმრთელობა და ძალა, განუბრწყინოს გული სიბრძნითა და სიყვარულით და დაუმკვიდროს სულიერი სიმტკიცე ამ უდიდესი მსახურების აღსასრულებლად.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი შიო III.

ღირსეული პატრიარქის ღირსეული მემკვიდრე

ბრძენი ადამიანი ბრძანდებოდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რაც თავისი ანდერძითაც დაადასტურა.

მისდამი მიძღვნილ გამოსათხოვარ წერილში, რომელიც ჩვენი ჟურნალის 2026 წლის პირველ ნომერში გამოქვეყნდა, ვისაუბრეთ იმ საქმეების შესახებ, რომლებიც ჩვენი თვალით ვიხილეთ და მისმა უწმინდესობამ ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის შედეგად აღასრულა.

ის იყო პატრიარქი, რომელსაც წილად ხვდა, ქვეყნისათვის ურთულეს პერიოდში ეტარებინა მძიმე ჯვარი — დაწყებული საბჭოთა რეჟიმის ეპოქიდან დღემდე.

როგორც დღევანდელმა კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა შიო III-მ აღნიშნა:

„მისი გაკეთებული საქმეები რამდენიმე პატრიარქს ეყოფოდა“.

ნიშანდობლივია ის მადლიერების გრძნობაც, რომელსაც ახალი პატრიარქი წინამორბედი პატრიარქის მიმართ იჩენს. ეს მისაბაძი მაგალითია ჩვენი დღევანდელობისა და მომავალი თაობებისთვის — თაობებს შორის მემკვიდრეობა საეკლესიო თუ საერო ცხოვრებაში უფროსისადმი პატივისცემითა და მადლიერებით უნდა გადაეცემოდეს შემდგომ თაობას.

ასევე უნდა ხდებოდეს ხელისუფლებებს შორის ძალაუფლების მშვიდობიანი და ღირსეული გადაცემაც. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ყველანი — სასულიერო პირები, საერო ადამიანები თუ სახელმწიფო მოხელეები — ვართ ერთ-ერთი რგოლი წარსულში არსებულსა და მომავალში, უსასრულოდ გასაგრძელებელ ჯაჭვში.

ილია მეორესთან ერთად-11.png

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს (მუჯირი) მიერ წარმოთქმული სიტყვა

კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების დღეს

შიო მესამე - გარდაცვლი ილია მეორეს თავზე ადგას-11.jpg

„დიდია დღეს სრულიად საქართველოს მწუხარება მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება. იმდენად ვგრძნობდით ჩვენ მის მამობრივ სიყვარულს, ზრუნვას, ძალას, ღვთის ძალას, რომელიც ვლინდებოდა მის მსახურებაში, რომ ვართ ნამდვილად დაობლებულები. მე პირადად გიზიარებთ ჩემს გრძნობას და განცდას და ვიცი, რომ ჩვენი დები, ძმები, უმრავლესობა ასე განიცდის. მაგრამ გვანუგეშებს ღვთის წყალობა და ის დიდი ღვაწლი, რომელიც მოიღვაწა მისმა უწმინდესობამ და ჩვენ დაგვიტოვა. მრავალი ქვეყნიდან გვწერენ სამძიმრის წერილებში და აღნიშნავენ მის მამობრივ საოცარ თვისებას, რომელიც ვრცელდებოდა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელს მსოფლიო მართლმადიდებელ საქრისტიანოზე. ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის. მე მინდა მოგისამძიმროთ დღეს ყველას მისი უწმინდესობის გარდაცვალების გამო. მას საოცარი თვისება ჰქონდა, მისი მამობრივი სიყვარული, ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა მთელს საქართველოს, თითოეულ ადამიანს, რომელსაც ოდესმე მასთან შეხება ჰქონია. საოცარი მადლი ჰქონდა, რომ ამ ადამიანებში ახდენდა დიდ ფერისცვალებას, ცხოვრება მათი, ვისაც ჰქონია მასთან შეხება, უკეთესობისკენ იცვლებოდა. არ არის შემთხვევითი, რომ მან ღვთივ განისვენა დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, როდესაც ეკლესია თაყვანს სცემს თავგანწირული სიყვარულის ამ უმთავრეს ნიშანს და სიმბოლოს, პატიოსან, ცხოველმყოფელ ჯვარს. როგორც უკვე გაიგეთ, დასაფლავება იქნება კვირას, როდესაც ეკლესია აღნიშნავს იოანე კიბის აღმწერლის ხსენებას და გვმოძღვრავს ჩვენ სულიერი კიბის შესახებ, რომელიც სათნოებათა გზით მიმყვანებელია განღმრთობისა და სულის ცხონებისკენ. ეს არ არის შემთხვევითი, მის უწმინდესობასა და უნეტარესობაში შერწყმული იყო მოწამებრივი გზა, ღვაწლი და სულიერ კიბეზე უმაღლესი საფეხურის მიღწევა. ეს არის სათნოებები, რომელიც მან მოიხვეჭა: დიდი სიყვარული, საოცარი სიმდაბლე, მოთმინება, სიბრძნე და სხვა.

ერთ-ერთი უმთავრესი მისი უზარმაზარი ღვაწლიდან არის ის, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დამცრობილ, დაკნინებულ, დევნილ მდგომარეობაში, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში და დაგვიტოვა ჩვენ, მის შვილებს გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში. დიდი სიყვარულით ქედს ვიხრით მისი მამობრივი ღვაწლის წინაშე და მადლობას ვუხდით მას ამისთვის.

ჩვენი გული მწუხარებასთან ერთად, ივსება სასოებითა და იმედით, რომ უფალი მას მართალთათანა განუსვენებს სასუფეველში და მისი სახით ჩვენ შევიძინეთ კიდევ ერთი მეოხი, მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა ჩვენ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება, საერო ცხოვრება ისე, როგორც მას სურდა, ისე როგორც მან დაგვიბარა და გვიანდერძა, რომ შევძლოთ ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერიგება და იმ ღირებულებებზე საბოლოოდ მყარად დაბრუნება, რომლის აღორძინებაში და გავრცელებაში უდიდესი როლი შეასრულა მისმა ღვაწლმა და მისმა ცხოვრებამ.

კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ, ღმერთმა შეუნდოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სულს და ჩვენ შეგვაძლებინოს ღირსეულად აღვასრულოთ ეს დღეები, დაკავშირებული მის დასაფლავებასთან და ღირსეულად შევძლოთ გავაგრძელოთ ცხოვრება და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე. ძნელია დღეს საქართველოსა და ეკლესიის წარმოდგენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარეშე, მაგრამ ის ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება ყოველთვის, ამის ჩვენ გვწამს და გვჯერა, ჩვენთან არს ღმერთი“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს (მუჯირი) მიერ წარმოთქმული სიტყვა

კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვის დღეს

მეუფე შიო ილია მეორის დაკრძალვის დღეს.jpg

დიდია ჩვენი მწუხარება და გულისტკივილი. მძიმე განსაცდელმა გააერთიანა სრულიად საქართველო: ერი თუ ბერი, დიდი თუ პატარა, ახლობელი თუ შორეული, მართლმადიდებელნი თუ სხვა აღმსარებლობის მქონენი. დაობლებულნი, შვილებრივი სიყვარულით მუხლს ვიყრით და უდიდეს მადლობას ვწირავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდსა მეუფეს, მამასა ჩვენსა ილია II-ს. იგი დააკლდა არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ საქრისტიანოს და, საერთოდ, მსოფლიოს.

მაგრამ ამ მძიმე წუთებში გვანუგეშებს მაცხოვრის საოცარი სიტყვები: „მე ვარ აღდგომა და ცხოვრება. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე“ (ინ. 11, 25); ამიტომაც ღვთისადმი სასოებით განვიმტკიცებთ გულს და გვწამს, რომ მისი უწმინდესობა, აგრძელებს რა სიცოცხლეს მარადიულობაში, ღვთის წინაშე თავისი მეოხებით მფარველობას არ მოგვაკლებს და უფრო მეტადაც შეგვეწევა. გვჯერა, ზეციურ სამყოფელში ჩვენ შევიძინეთ უდიდესი მსასოებელი.

49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა. როგორც ბრძანებს მოციქული, „ღუაწლი კეთილი მოიღვაწა, სრბაჲ აღასრულა, სარწმუნოებაჲ დაიმარხა“ (2 ტიმ. 4, 7-8). მთელი მისი ამქვეყნიური ცხოვრება, იყო გზა მოწამეობისა, ვითარცა „ზეცისა კაცისა და ქვეყანისა ანგელოზისა“, შეწირული „ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანს“. ამ სამ საუნჯეს იგი მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად ემსახურა, რისი შედეგიც თაობებს გაჰყვება, როგორც მაგალითი ცოცხალი რწმენისა, სიმდაბლისა და სიბრძნისა.

მოგეხსენებათ, მან, როგორც პირველიერარქმა, მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში დაიწყო. ჩაიბარა ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული ეკლესია.

მისი აღსაყდრებისას მოქმედი იყო 7 ეპარქია. გვყავდა 80-ამდე სასულიერო პირი, ფუნქციონირებდა 50-ამდე ეკლესია და სამლოცველო. დღეს გვაქვს 49 ეპარქია (მათ შორის - 7 საზღვარგარეთ); გვყავს 3000-ზე მეტი სასულიერო პირი (გარდაცვლილთა რიცხვი კი 700-ამდეა) და ფუნქციონირებს 2500-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი. მისი მოღვაწეობის ნაყოფია ყოვლადწმინდა სამების ეს დიდებული ტაძარიც.

ჩვენი პატრიარქის ძალისხმევით წმინდანად შეირაცხა არაერთი საეკლესიო და საერო მოღვაწე, გაიხსნა თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემია-სემინარიები, ასევე 4 სხვა სემინარია; ამოქმედდა საეკლესიო სკოლა-გიმნაზიები, საპატრიარქოს უნივერსიტეტები, ტელევიზია და რადიო, აღორძინდა საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული ქართული საეკლესიო გალობა და აღდგა საეკლესიო ხელოვნების ყველა დარგი.

უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ძალისხმევით, მოხდა უძველესი დროიდან არსებული ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტულის აღიარება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, რაც შემდეგ დაამოწმა ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ. უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დადება.

მისმა უწმინდესობამ დააწესა შვიდგზის ლოცვები, რასაც იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან ეს ერს ლოცვაში აერთიანებს.

პატრიარქმა იტვირთა ნათლობა ყოველი მესამე და მომდევნო ბავშვისა, რითაც შეცვალა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა. დღეს მისი ნათლულების რიცხვი 50 000 აჭარბებს.

აღარაფერს ვამბობთ მრავალ სხვა საქველმოქმედო, მისიონერულ, სამეცნიერო თუ საგამომცემლო საქმიანობაზე...

ასე შეიქმნა გაძლიერებული, აღშენებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში.

სურვილი იმისა, რომ იგი დაკრძალულიყო თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, მას არაერთხელ აქვს გაცხადებული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან აქედან დაიწყო მან პატრიარქობის მოწამებრივი გზა. მოგეხსენებათ, აქ განისვენებენ მისი ინიციატივით წმინდანად შერაცხილი კათოლიკოს-პატრიარქებიც: კირიონი, ამბროსი, კალისტრატე, რომელთა შრომის გამორჩეულ გამგრძელებლად იქცა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი...

არ არის შემთხვევითი, რომ დაკრძალვის დღე, წმინდა იოანე სინელის, სათნოებათა კიბის აღმწერლის, ხსენებას ემთხვევა. ამ სათნოებათა საფეხურებზე ამაღლებით მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა უმთავრესი – სიყვარული; სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა, რასაც უშურველად გასცემდა...

და აი, შედეგიც - ყველანი მომსწრენი ვართ საოცარი ფაქტისა: 4 დღეა ზღვა ხალხი, დიდი თუ პატარა, უზარმაზარ ნაკადად მოედინება სამების საპატრიარქო ტაძრისკენ, რათა თავისი სიყვარული და პატივისცემა გამოხატონ დამაშვრალი სულიერი მამისადმი.

ეს, პირველ რიგში, არის მადლიერება ღვთისადმი, რომ ჩვენ ასეთი მწყემსმთავარი მოგვივლინა.

ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს!

განსაკუთრებული მადლობა დღეს ამ ტაძრის გარეთ მდგარ ხალხს, რომელთაც არ მიეცათ მსახურებაში უშუალო მონაწილეობის საშუალება, მაგრამ სულიერად ჩვენთან ერთად იყვნენ და თავისი ლოცვებით გვაძლიერებდნენ.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ილია II, გთხოვთ, დალოცეთ თქვენი ერი, თქვენი სამწყსო, დალოცეთ სრულიად საქართველო, საქართველოს ეკლესიის სისავსე, ყოველი ჩვენგანი, დალოცეთ მთელი მსოფლიო!

დაბოლოს, ჩვენს პატრიარქთან მიმართებით მინდა, გავიმეორო წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები წმინდა ბასილი დიდის გარდაცვალების გამო თქმული: „მართალია, ჩვენ დაგვტოვე ამქვეყნად, განიხარე და იშვებდე უფალში მარადის“, ამინ!“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის

არჩევა და აღსაყდრება

2026 წლის 11 მაისს საქართველოს საპატრიარქოს სინოდის წევრებმა კენჭი უყარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანდიდატებს და ხმათა უმრავლესობით - 22 ხმით, არჩეულიქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მას პატრიარქის ტახტზე ეწოდა შიო III.

შიო მესამე-11- კენჭისყრის შედეგების მოსმენის დროს.jpg

არჩევნების შემდეგ თქმული სიტყვა

ძნელია ჩემთვის, ამ წუთებში, გამოვხატო თქვენს წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც.

უპირველესად, მადლობას ვწირავ მაღალ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის - რომელიც მოიღო ჩემს უღირსებაზე.

მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის.

თითოეულ ადამიანს, ვინც დაუღალავად იღვაწა დღევანდელი კრების ღირსეულად წარმართვისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის.

გაცნობიერებული მაქვს, ერთი მხრივ, ამ მოწოდების სიდიადე და პატივი, და მეორე მხრივ, ჩემი ადამიანური სიმცირე და უძლურება.

ვსასოებ ყოვლად მოწყალე უფალს, ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლის, წმინდანთა დასს, ჩვენს წინამორბედ კათოლიკოს-პატრიარქთა ლოცვას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვას.

ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რათა ერთობით, სიყვარულით და მშვიდობით ვადიდოთ უფალი და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ.

ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ, პირველივე კვირას, თუ დიდ დღესასწაულზე, უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა.

უახლოესი ასეთი დღესასწაული გახლავთ ხვალ - ეს არის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული.

ამიტომ, ინტრონიზაცია შედგება ხვალ სვეტიცხოველში. მსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის ეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, შიო III

11.05.2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატროარქის შიო III-ის

ინტრონიზაცია - 12 მაისი, 2026 წელი

ინტრონიზაციის დღეს.jpg

ინტრონიზაციის დღეს-ტახტზე.jpg

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის

ქადაგებების მოკლე შინაარსი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის — უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის — აღსაყდრების შემდგომ წარმოთქმულ ქადაგებებსა და საჯარო გამოსვლებში მკაფიოდ იკვეთება, როგორც სულიერი და ზნეობრივი, ისე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები, რომელთა გააზრება და გადაწყვეტა ჩვენი სამშობლოს სულიერი სიმტკიცისა და ეროვნული გაძლიერებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

მისი უწმიდესობის ქადაგებები გამოირჩევა სიღრმით, თანმიმდევრულობითა და მკაფიო მსოფლმხედველობით. პატრიარქი მარტივი, მაგრამ ამავე დროს, შინაარსობრივად ღრმა ენით გვიხსნის ცხონებისა და სულიერი სრულყოფილების გზას და ადამიანს მოუწოდებს ქრისტესთან პირადი ურთიერთობის, შინაგანი განახლების, სინანულისა და სიყვარულისაკენ.

სულიერი განახლებისა და ცხონების გზა

კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ქადაგებებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადამიანის სულიერ ცხოვრებას. მისი სწავლების ცენტრში დგას ქრისტე — როგორც ადამიანის ცხონების, ჭეშმარიტი თავისუფლებისა და სულიერი სრულყოფილების ერთადერთი წყარო.

პატრიარქი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სინანულს, ურთიერთპატიებასა და სიყვარულს. მისი გზავნილი ნათელია: ადამიანის სულიერი განახლება იწყება საკუთარი თავის შეცნობით, ცოდვის გაცნობიერებითა და ღვთისკენ გულწრფელი შემობრუნებით.

ამასთანავე, იგი ხშირად საუბრობს იმედზე და ღვთის განგებულებაზე, რითაც ადამიანს ახსენებს, რომ ყველაზე მძიმე განსაცდელშიც კი არ უნდა დაკარგოს რწმენა და სასოება.

ოჯახი, შობადობა და სიცოცხლის დაცვა

უწმინდესისა და უნეტარესის ქადაგებებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ოჯახის სიწმინდე და მისი განსაკუთრებული როლი, როგორც ადამიანის, ისე მთელი ერის ცხოვრებაში.

პატრიარქი ყურადღებას ამახვილებს საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ გამოწვევებზე, შობადობის შემცირებაზე და ოჯახის გაძლიერების აუცილებლობაზე. ამ კონტექსტში იგი მკაფიოდ საუბრობს სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობაზე და აბორტს უმძიმეს ცოდვად განიხილავს.

პატრიარქი ბავშვით ხელში.jpg

მისი მოწოდება მხოლოდ სულიერი შეგონებით არ შემოიფარგლება. პატრიარქმა ხელისუფლების მიმართაც დასვა მნიშვნელოვანი საკითხი — ხომ არ დადგა დრო, რომ სიცოცხლის დაცვის პრინციპები საკანონმდებლო დონეზეც უფრო მკაფიოდ აისახოს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ უწმინდესმა შიო III-მ განაცხადა, რომ გააგრძელებს გარდაცვლილი პატრიარქის, ილია II-ის მიერ დაწყებულ კეთილშობილურ ტრადიციას — მესამე და შემდგომი შვილების პატრიარქის მიერ ნათლობას.

ეს საქმე მხოლოდ ეკლესიური მსახურების ერთ-ერთი ფორმა არ არის. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან სულიერ და ეროვნულ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ოჯახის გაძლიერებას, მრავალშვილიანობის წახალისებასა და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული დემოგრაფიული გამოწვევების დაძლევას.

ეროვნული ერთიანობა და ქვეყნის სულიერი გაძლიერება

კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის სწავლებებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეროვნული ერთიანობის საკითხსაც.

მისი ქადაგებებიდან ჩანს მოწოდება ურთიერთდაპირისპირების დაძლევის, ერთმანეთის მოსმენისა და ურთიერთპატივისცემისაკენ. საზოგადოებრივი შერიგება, მშვიდობა და ურთიერთპატიება მისთვის არა მხოლოდ სოციალური კეთილდღეობის, არამედ ქრისტიანული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

პატრიარქი გვახსენებს, რომ ქვეყნის სიძლიერე მხოლოდ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ წარმატებაზე არ არის დამოკიდებული. სახელმწიფოს სიმტკიცის უმთავრესი საფუძველი არის სულიერად ძლიერი, განათლებული, პასუხისმგებლიანი და ერთმანეთის მოყვარული საზოგადოება.

ახალგაზრდობა და მომავალი თაობა

მისი უწმიდესობის ყურადღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდების აღზრდაა.

ახალგაზრდობა ქვეყნის მომავალია და სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათთვის სწორი ღირებულებების, პასუხისმგებლობის, განათლებისა და სულიერი ფასეულობების გადაცემას.

პატრიარქის ქადაგებებში ხშირად იკვეთება მოწოდება, რომ ახალგაზრდა თაობამ შეინარჩუნოს კავშირი საკუთარ სარწმუნოებასთან, კულტურასთან, ისტორიასა და ეროვნულ იდენტობასთან, ამავე დროს კი იყოს განათლებული, თანამედროვე და ღია სამყაროს წინაშე.

ეკლესიის ერთიანობა და საქართველოს სულიერი მისია

კათოლიკოს-პატრიარქის სწავლებებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეკლესიის ერთიანობასაც. ეკლესიის ერთობა მისთვის არის არა მხოლოდ ადმინისტრაციული ან ინსტიტუციური ერთიანობა, არამედ ქრისტეში ერთობის გამოხატულება.

ამასთანავე, მისი ქადაგებებიდან იკვეთება საქართველოს განსაკუთრებული სულიერი მისიის განცდა. ჩვენი ქვეყნის ისტორია, წმინდანთა ღვაწლი და მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიცია, პატრიარქის სწავლებით, არა მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობაა, არამედ პასუხისმგებლობაც — მომავალ თაობებს გადავცეთ ის სულიერი საგანძური, რომელიც წინაპრებისგან მივიღეთ.

მეცნიერებისა და თეოლოგიის ჰარმონია

უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ქადაგებების ერთ-ერთი გამორჩეული თავისებურება არის თეოლოგიური სიღრმისა და მსჯელობის ლოგიკური, ანალიტიკური ხასიათის ერთობლიობა.

მის სიტყვებში შეინიშნება არა მხოლოდ წმინდა წერილსა და საეკლესიო სწავლებაზე დაფუძნებული მსჯელობა, არამედ საკითხების თანმიმდევრული, მეცნიერული და არგუმენტირებული გააზრებაც.

ეს, გარკვეულწილად, ბუნებრივიც არის, რადგან პატრიარქი თავად არის თეოლოგიის მეცნიერი და ფლობს შესაბამის სამეცნიერო ხარისხს. მის პიროვნებაში განსაკუთრებულად საინტერესო სახით ერწყმის ერთმანეთს რწმენა, თეოლოგიური აზროვნება, მეცნიერება და თანამედროვე სამყაროს გამოწვევების გააზრების უნარი.

ამ ჰარმონიაში ვხედავთ ქრისტიანული აზროვნების იმ შესაძლებლობასაც, როდესაც რწმენა და მეცნიერება არა დაპირისპირებულ, არამედ ერთმანეთის შემავსებელ სივრცეებად წარმოჩნდება.

დასკვნა

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ქადაგებები გვიჩვენებს, რომ ეკლესიის წინამძღოლის მისია მხოლოდ საეკლესიო მსახურებით არ შემოიფარგლება. იგი მოიცავს ადამიანის სულიერ გაძლიერებას, ოჯახის დაცვას, ახალგაზრდობის სწორად აღზრდას, ეროვნული ერთიანობის განმტკიცებას, საზოგადოებრივი შერიგების ხელშეწყობასა და ქვეყნის სულიერი მომავლისთვის ზრუნვას.

მისი სწავლების მთავარი გზავნილები — ქრისტესთან სიახლოვე, სინანული, სიყვარული, ურთიერთპატიება, ოჯახის სიწმინდე, სიცოცხლის პატივისცემა, ეროვნული ერთიანობა, ახალგაზრდობაზე ზრუნვა და ღვთისადმი სასოება — ერთმანეთთან ორგანულად არის დაკავშირებული და ქმნის ერთიან სულიერ ხედვას.

კიდევ ერთხელ გულითადად ვულოცავთ მის უწმიდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს, ღვთის წინაშე ამ უმაღლეს და უმძიმეს მსახურებაში გამორჩევასა და აღსაყდრებას.

ვუსურვებთ მას სიმტკიცეს, სიბრძნეს, ჯანმრთელობასა და სულიერ ძალას, რათა ღირსეულად იტვირთოს ის მძიმე ჯვარი, რომელიც ღვთისა და ერის წინაშე დაეკისრა.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი — უწმიდესი და უნეტარესი შიო III!
ღმერთმა დალოცოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და სრულიად საქართველო!
ღმერთმა მშვიდობით, ერთობითა და სიყვარულით აკურთხოს ჩვენი ერი და ჩვენი სამშობლო!

ლოიდ ქარჩავა

„The New Economist“ (ახალი ეკონომისტის) მთავარი რედაქტორი,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი,

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე,

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის წევრი,

ფაზისის აკადემიის წევრი.

07.10.2026