საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილების პროექტი „ტექნიკური რეგლამენტი - სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებ“, რომელიც ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში მომზადდა.
აღნიშნული დადგენილებით განისაზღვრა ვიტამინების და მინერალების ჩამონათვალი და ასევე მათი ქიმიური ფორმები, რომელთა გამოყენებაც დასაშვებია სურსათის (სასურსათო) დანამატების წარმოებაში.
დადგენილება არეგულირებს ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის (სასურსათო) დანამატებში ვიტამინებისა და მინერალების რეკომენდებულ მაქსიმალურ რაოდენობას სადღეღამისო მოხმარების პორციაში და უვნებელი მოხმარების ზედა ზღვარს, რომელიც დადგენილია სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე, რისკის მეცნიერული შეფასებით და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის მგრძნობელობის განსხვავებული ხარისხის გათვალისწინებით. რეგლამენტი ასევე განსაზღვრავს პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და მისი ეტიკეტირების წესს.
დაუშვებელია ბაზარზე განთავსდეს სურსათის (სასურსათო) დანამატი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ბიზნესოპერატორი, რომელიც განათავსებს ბაზარზე სურსათის (სასურსათო) დანამატს, ვალდებულია წინასწარ აცნობოს ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს სურსათის ეტიკეტის ნიმუში.
პროექტი ამოქმედდება 2023 წლის პირველი ივნისიდან, რაც შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს სათანადოდ მოემზადონ რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისათვის. ასევე, სურსათი, რომელიც განთავსებული იქნება ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ბაზარზე განთავსებული იქნება „გამოყენებამდე ვადის“ გასვლამდე.