Logo

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო“ პროგრამის ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრები დაიწყო

Published Date: 29/10/2021

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის ახალი პროგრამა, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას მისცემს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და 3-წლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში დაამტკიცა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და ამავდროულად დაეხმარება მეცხოველეობის განვითარებას.

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ, როგორც პროგრამის განმახორციელებელმა, შეხვედრები დაიწყო პროგრამის ბენეფიციარებთან. პირველი შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მეცხვარე ფერმერებთან მოეწყო. სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ ფერმერებს დეტალურად გააცნო პროგრამა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

„პროგრამის ფარგლებში, პირველად არის შესაძლებელი, რომ ღია აუქციონი ჩატარდეს მხოლოდ იმ ფერმერებს შორის, რომლებთაც საკუთრებაში ჰყავთ საქონელი. ეს კი მათ მეტ შესაძლებლობას აძლევს, რომ საძოვარი ადეკვატურ ფასად მიიღონ“ - განაცხადა გიორგი მიშელაძემ ფერმერებთან შეხვედრაზე.

ფერმერებმა სურსათის ეროვნული სააგენტოდან აღებული ცნობებით უნდა დაასაბუთონ მფლობელობაში არსებული საქონლის რაოდენობა და ჯანმრთელობა. ამ გზით ჩატარებული აუქციონები გამორიცხავს საძოვრების ქვეიჯარით გაცემის ცუდ პრაქტიკას, რაც აქამდე მნიშვნელოვნად აძვირებდა საძოვრების ფასს.

„მიმაჩნია, რომ საძოვარი ფერმერს მეტი ვადით უნდა ჰქონდეს სარგებლობაში, რათა მას ჰქონდეს შესაძლებლობა ინვესტიცია განახორციელოს საძოვრის გასაუმჯობესებლად, თუმცა ეს პროგრამა პირველი წინგადადგმული ნაბიჯია საძოვრების თემის მოწესრიგებაში და მომავალში ბევრი რამ იქნება დასახვეწი და გასაუმჯობესებელი“ - განაცხადა საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბექა გონაშვილმა.

პროგრამის ფარგლებში ჩასატარებელი საინფორმაციო კამპანია მომავალშიც გაგრძელდება, რაც გულისხმობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტებში ფერმერებთან შეხვედრებს.