საქართველოს პარლამენტმა "დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ" საქართველოს კანონი და მასთან დაკავშირებული ცვლილებები "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" კანონსა და რამდენიმე საკანონმდებლო აქტში დაამტკიცა.
ფასიანი ქაღალდების ფლობის, მიმოქცევისა და ანგარიშსწორების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფა, შესაბამისად მომზადებულ ბაზრის ინფრასტრუქტურასთან ერთად, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კაპიტალის ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვისა და საქართველოს, როგორც ფასიან ქაღალდებზე ტრანზაქციების განსახორციელებლად სანდო იურისდიქციის, რეპუტაციის ამაღლებისათვის.
საკანონმდებლო პაკეტი ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების მონაწილეობით მომზადდა. პროცესში ასევე აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. გარდა ამისა, კონსულტაციები წარმოებდა ადგილობრივი საფინანსო სექტორის შესაბამის წარმომადგენლებთან.
დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები ანგარიშზე ჩანაწერის სახით არსებობს. მათი ემისია ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში ხორციელდება და მათზე საკუთრება და მესაკუთრის ცვლილება ანგარიშის ამონაწერით დასტურდება. ეს არის ფასიანი ქაღალდების ემისიის თანამედროვე ფორმა და მას შესაბამისი ინფრასტრუქტურა ესაჭიროება. ეროვნულ ბანკში უკვე დანერგილია თანამედროვე ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც ახალი საკანონმდებლო პაკეტის მოთხოვნების პრინციპებს ეფუძნება. აღნიშნულ სისტემაში ორი დამოუკიდებელი ცენტრალური დეპოზიტარი - ეროვნული ბანკი და სს "საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარია" ჩართული. იგი საქართველოში გამოშვებულ ყველა ფასიან ქაღალდს ემსახურება, მათ შორის კორპორაციულ და სახელმწიფო ემისიებს, ობლიგაციებს და აქციებს.
ახალი კანონი განსაზღვრავს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სამართლებრივ სტატუსს, ფასიანი ქაღალდების გამოშვების, შენახვის, გასხვისების, კუპონების და დივიდენდების გადახდის და ფასიანი ქაღალდის დაფარვის სამართლებრივ ასპექტებს. კანონი ასევე ადგენს ყველა ამ ეტაპზე ემიტენტის, ცენტრალური დეპოზიტარის, ქასთოდიანებისა და სხვა ფინანსური შუამავლების როლს, მათ ვალდებულებებსა და უფლებებს. საკანონმდებლო აქტით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი ევროკავშირის სტანდარტებთან და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან უფრო მეტად თავსებადი ხდება. ახალი კანონის მიღება ასევე გაამარტივებს საქართველოში ფასიანი ქაღალდების გამოშვების პროცესს და უკეთ დაიცავს ინვესტორთა ინტერესებს.
კანონი ეყრდნობა ფასიანი ქაღალდების შესახებ ჟენევის საერთაშორისო კონვენციას და ევროკავშირის რეგულაციას ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების გაუმჯობესებისა და ცენტრალური დეპოზიტარების შესახებ. მსგავსი საკანონმდებლო რეჟიმი არეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ცენტრალურ დეპოზიტარებს, როგორებიცაა ევროქლიარი (Euroclear) და ქლიარსტრიმი (Clearstream). აღნიშნულ საერთაშორისო ცენტრალურ დეპოზიტარებში ხდება ევროობლიგაციების გამოშვება, რომელთაც ენდობიან ემიტენტები და ინვესტორები მთელი მსოფლიოდან.
კანონის იმპლემენტაციის მიზნით, ეროვნული ბანკი შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს გამოსცემს, რომელთა პროექტები საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით წინასწარ იქნება ხელმისაწვდომი. კანონი არსებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის ასევე ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდს. ისინი ვალდებულნი იქნებიან 2024 წლის 1-ელ ივნისამდე უზრუნველყონ ცენტრალურ დეპოზიტართან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში საჯარო ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა.
საკანონმდებლო ცვლილებები 2024 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.