ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც საქართველოში ელექტრო ნარჩენების შეგროვების და მართვის სისტემის დანერგვის საკითხებს მიეძღვნა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ა(ა)იპ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიება გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ და აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა მიშელ კოსიელსკიმ.
„ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება გაატაროს რეფორმები და უზრუნველყოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის მთელ რიგ დირექტივებთან, მათ შორის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით. ელექტრონული ნარჩენებისგან ღირებული რესურსების აღდგენა მინიმუმამდე ამცირებს ახალი ნედლეულის საჭიროებას, მეტიც, ასეთი ნარჩენების სწორი მართვა იცავს ადამიანის ჯანმრთელობას. ის, ასევე შესაბამისობაში მოდის ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებთან, რაც ხელს უწყობს ელექტრონული მოწყობილობების ხელახლა გამოყენებას და გადამუშავებას, რაც თავის მხრივ ამცირებს წარმოების გარემოზე ზემოქმედებას,“ - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მისი თქმით, ნარჩენების მართვის სისტემის გამართულობა დაკავშრებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონესთან. „აღნიშნული მომავალში ხელს შეუწყობს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ცნობიერების ამაღლებას, ნარჩენების გადამუშავების წახალისებას, მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას და ზოგადად მოსახლეობის კეთილდღეობას. ამ სისტემის დანერგვა წარმოადგენს ინვესტიციას გარემოს მდგრადობის, რესურსების კონსერვაციასა და როგორც ამჟამინდელი, ისე მომავალი თაობის კეთილდღეობაში,“ - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.