Logo
რომეო მიქაუტაძემ ბუქარესტში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებით  მიმდინარე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

რომეო მიქაუტაძემ ბუქარესტში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებით მიმდინარე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

Published Date: 26/07/2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებით ბუქარესტში  მიმდინარე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. უნგრეთის, საქართველოს, რუმინეთისა და აზერბაიჯანის მთავრობათა წარმომადგენლები „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში  რუმინეთის დედაქალაქში რიგით მე-4 მინისტერიალზე შეიკრიბნენ.

რომეო მიქაუტაძე ღონისძიებაზე დღეს მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, სადაც შეთანხმების მონაწილე ქვეყნებისა და მთლიანად რეგიონისთვის ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით.  

„შეუძლებელია, სათანადოდ არ შეაფასო ამ მიზნის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად ჩვენი რეგიონებისთვის. ჩვენი ყურადღება ახლა გამახვილებულია ერთობლივი საწარმოს ჩამოყალიბებაზე, რომელსაც დავაკისრებთ პასუხისმგებლობას, გამოიყენოს შესაძლებლობები და განახორციელოს ჩვენი ხედვა. ეს, ახალი საწარმო შეგვმატებს მოქნილობას, დააჩქარებს ჩვენს პროგრესს და გაზრდის ჩვენი კომუნიკაციის ეფექტურობას. სულ რაღაც ორიოდე წლის წინ შავი ზღვის კაბელი მხოლოდ იდეა იყო,  რომელსაც ძირითადად სკეპტიციზმი ხვდებოდა, თუმცა კოლექტიური მონდომებითა და მტკიცე ვალდებულებით ჩვენ ეს იდეა რეალობად ვაქციეთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ. 

ბუქარესტში მიმდინარე შეხვედრაზე ოთხი ქვეყნის მთავრობათა ენერგეტიკული უწყებების პირველმა პირებმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. დღეს ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოების მიერ ერთობლივი შვილობილი საწარმოს დაფუძნების შესახებ, რომლის საშუალებითაც გაგრძელდება კაბელის პროექტის განვითარება.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკა“-ს ხელშეწყობით ხორციელდება. 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენს. პროექტი 1,195 კმ სიგრძის კაბელის საშუალებით სამხრეთ კავკასიის ენერგოსისტემის პირდაპირ  ევროპის ენერგოსისტემასთან დაკავშირებას გულისხმობს.