Logo
რომეო მიქაუტაძემ „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ პროექტის განვითარების შესახებ კომპანია „Masdar"-ში შეხვედრა გამართა

რომეო მიქაუტაძემ „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ პროექტის განვითარების შესახებ კომპანია „Masdar"-ში შეხვედრა გამართა

Published Date: 17/01/2023

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროებში მიმდინარე „აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის“ ფარგლებში, კომპანია „Masdar"-ის დირექტორთან მოჰამედ ჯამელ ალ რამაჰთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. აღნიშნული კომპანია განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერია და მსოფლიოს 40 ქვეყანაში ოპერირებს.

შეხვედრაზე მხარეებმა „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ და „Masdar“- ის ერთობლივი პროექტის „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ საპროექტო დადგმული სიმძლავრე 96 მგვტ-ი იქნება. მისი მშენებლობა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის იმპორტზე საქართველოს დამოკიდებულების შემცირებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას. გარდა ამისა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები როგორც პროექტის მშენებლობის, ასევე ოპერირების დროს.

საქართველოს დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის ხელმძღვანელობით, „აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში“ მონაწილეობს. კვირეულის ძირითადი საკითხებია გლობალური თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მისაღწევად, ტექნოლოგია, ინოვაცია და ეკონომიკური განვითარება. კვირეულს ესწრება 4000 მდე დელეგატი, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების პრემიერ - მინისტრები და პრეზიდენტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.