საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიწვევით, ქ. ჟენევაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისო ექსპერტების მე-20 სესია შვეიცარიაშია, 20-22 ივლისს, იმართება. შეხვედრაზე კონკურენციის კანონის აღსრულების და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული ქეისები, საერთაშორისო მიდგომები, არსებული გამოწვევები და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.
შეხვედრები დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობს, სადაც მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირები, სამომავლო ეფექტიანი რეაგირებისათვის, სოციალურად მნიშვნელოვან ბაზრებზე, პანდემიის პერიოდში მიღებულ გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე მსჯელობენ.
კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისო ექსპერტების მე-20 სესიის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებაა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველომ 2022 წლის 1 ივნისს მიიღო კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, რომლის აღსრულების პროცესს კონკურენციის ეროვნული სააგენტო 1 ნოემბერს იწყებს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირადი შეხვედრები სხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელებთან.