Logo
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საგადასახადო და საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საგადასახადო და საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა

Published Date: 23/03/2023

„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგადასახადო და საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმებზე.

როგორც მან აღნიშნა, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განხორციელებულია  ცვლილებები საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს. მისი თქმით, შექმნილია მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ბიზნესს გაუმარტივდეს საქმიანობა ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში. გრძელდება აქტიური მუშაობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.

როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, სამართლიანი დაბეგვრის უზრუნველსაყოფად, განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით ფინანსური ინსტიტუტებისთვის შენარჩუნდა მოგების გადასახადის დაბეგვრის ე.წ. „კლასიკური მოდელი“, ამავე დროს, გაუქმდა გაცემულ დივიდენდზე გადასახადი და  განხორციელდა მოგების გადასახადის განაკვეთის ოპტიმიზაცია.

მისი თქმით, საქართველო აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო საგადასახადო მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. საგადასახადო გამჭვირვალობისა და კანონშესაბამისობის გაუმჯობესების მიზნით, 2022 წელს, 9 ნოემბერს ხელი მოეწერა „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივ შეთანხმებას“. შედეგად, საქართველო 2024 წლიდან ავტომატურ რეჟიმში გაცვლის ფინანსურ ინფორმაციას შეთანხმების მონაწილე იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებთან.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გრძელდება მუშაობა „ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შესახებ“ შეთანხმებების გაფორმებასა და ძველი შეთანხმებების განახლებაზე. ამჟამად, შეთანხმება ძალაშია 57 ქვეყანასთან.

მისი თქმით,  2022 წლის 3 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო/საბაჟო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ხელი მოეწერა 2022-2027 წლებში საგადასახადო/საბაჟო პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას. პროგრამის  მიზნებია, საგადასახადო პოლიტიკისა და ევროკავშირის საგადასახადო კანონმდებლობის იმპლემენტაციის მხარდაჭერა, კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობის, ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ადამიანური რესურსებისა და ელექტრონული სისტემების განვითარებისა და ფუნქციონირების ჩათვლით.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, შეუფერხებლად მიმდინარეობს დამატებული ღირებულების გადასახადის ავტომატურად დაბრუნების პროცესი აღნიშნული სისტემის ჩამოყალიბებიდან 2022 წლის ბოლომდე, ბიზნესს 5 მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდა. მხოლოდ 2022 წელს ქვეანგარიშიდან დაბრუნებულმა ჯამურმა თანხამ 2,3 მილიარდ ლარამდე შეადგინა.

ლაშა ხუციშვილის თქმით,  გადასახადის გადამხდელთა ცნობიერების დონის ასამაღლებლად, შემოსავლების სამსახურში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, ამოქმედდა უახლესი ციფრული მოთხოვნების შესაბამისი საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი - infohub.rs.ge, სადაც ცენტრალიზებულია სხვადასხვა ტიპის, მუდმივად განახლებადი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც მუდმივ რეჟიმში ხელმისაწვდომია  დაინტერესებული პირებისთვის.

გადასახადის გადამხდელთა მიერ მოგების და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური  დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფის მიზნით, ამოქმედდა სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, წინასწარ დადგენილი რისკის ინდიკატორების მიხედვით, განისაზღვრება წარმოდგენილი დეკლარაციების საგადასახადო რისკის დონე.

შემოსავლების სამსახურმა დაიწყო საბაჟო პროცესების ავტომატიზაცია ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიზაციის ტექნოლოგიის გამოყენებით. საბაჟო სისტემების ციფრული ტექნოლოგიებით სრულყოფის პროცესში, შეიქმნა პირველი ე.წ. ციფრული მებაჟე ოფიცერი. ხელოვნური ინტელექტის ფუნქციაა დოკუმენტების მიღება, გაციფრულება, მომხმარებლის ინფორმირება დოკუმენტში ხარვეზთან დაკავშირებით და დეკლარაციის დაბეჭდვა.