ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე დროებითი, ალტერნატიული მმართველის რანგში დაესწრო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წევრი ქვეყნების მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ, რიგით მეექვსე შეხვედრას, რომელიც ონლაინ ფორმატში 26 ოქტომბერს გაიხსნა და 28 ოქტომბერს დასრულდება.
აღნიშნული ღონისძიება იძლევა შესაძლებლობას შეჯამდეს ბანკის წლიური მუშაობა, ასევე, მოხდეს AIIB-ის სტრატეგიული მიმართულებებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება წევრი ქვეყნებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში იმართება სხვადასხვა შეხვედრები და დისკუსიები AIIB წევრი ქვეყნების ოფიციალურ დელეგატებს შორის, ასევე, პარტნიორებს, ბიზნეს ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებსა და ექსპერტებს შორის სხვადასხვა სფეროდან.
წლევანდელი შეხვედრის თემაა: „Investing Today, Transforming Tomorrow”. დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ, აზიარებენ იდეებს და ქმნიან შესაძლებლობებს AIIB-ის მისიის შესაბამისად, დაფინანსდეს ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტები.
საქართველო არის AIIB-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა. აღნიშნულ ბანკში გაწევრიანება საქართველოსთვის არის შესაძლებლობა მოიზიდოს დამატებითი შეღავათიანი ფინანსური რესურსი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.