ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს ექსპორტის მიმართულებით, მეთიუ აქსელროდს შეხვდა.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკას, საბაჟო კონტროლის შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის საკითხებს, რაც ხელს უწყობს რეგიონში კანონიერი ვაჭრობის კონტროლის განვითარებას. მიმოხილულ იქნა საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესი.
როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, ქვეყანა ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.
შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ დადებითად შეაფასა სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.
ყურადღება დაეთმო საქართველოს სატრანსპორტო, სავაჭრო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განმტკიცების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის გაღრმავებას.
შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი და მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.