Logo

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მოცულობა 28,7 მილიარდი ლარია

Published Date: 13/12/2023

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მოცულობა 28,7 მილიარდი ლარია.

მისი თქმით, ჯამური თანხის 30% - 8,6 მილიარდ ლარზე მეტი, მიიმართება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე;

3,6 მილიარდი ლარი, ანუ რესურსის 13% - განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე;

რესურსის 10% - 2,9 მილიარდი ლარი - თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დასაფინანსებლად;

ამავე მოცულობის თანხა ხმარდება სახელმწიფო ვალების მომსახურებასა და დაფარვას;

გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე გამოყოფილია 1,2 მილიარდი ლარი, ხოლო კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე - 940 მილიონი ლარი.

ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, ჯამურად, გათვალისწინებულია 7 მილიარდ ლარზე მეტი, საიდანაც 2,1 მილიარდი ლარი მიიმართება ზემოხსენებული სფეროების განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებზე, ხოლო სხვა მიმართულებებით, როგორიცაა: საგზაო, მუნიციპალური წყალმომარაგება და სხვა კაპიტალური ხარჯები, მათი დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 4,9 მილიარდი ლარი, მთლიანი რესურსის 17%.

აღნიშნულ პროგრამებსა და პროექტებზე ჯამურად მიიმართება ბიუჯეტის რესურსის 88%, ხოლო 12%-ით ფინანსდება ყველა სხვა უწყება და პროგრამა, მათ შორის, სასამართლოები, ცესკო, პარლამენტი, მუნიციპალიტეტების ხელფასები და სხვა.