საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, წარდგენილია საქართველოს პარლამენტში.
დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ს რეალური ზრდა 6.0%-ის ფარგლებში, ხოლო მომდევნო წლებში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 9,5%-ს შეადგენს.
2022 წლის განახლებული პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 15 193,4 მლნ ლარს. 2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2022 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი იზრდება 2 271,4 მლნ ლარით (17,6%-ით).
მშპ-სთან მიმართებით 2022 წელს საგადასახადო შემოსავლები 23,5%-ს შეადგენს და იგივე ნიშნულზეა შენარჩუნებული მომდევნო წლებშიც. ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, მომავალ წელს შეადგენს მშპ-ს 4.3%-ს.
2022 წელს მიმდინარე ხარჯების მოცულობა, ჯამში, დაგეგმილია 14,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 22,0%-ს შეადგენს. იგივე ნიშნული შენარჩუნებულია 2023 წელსაც, ხოლო 2024-2025 წლებში კლებადი ტენდენცია აქვს და უბრუნდება პანდემიამდე არსებულ ნიშნულს.
2022 წელს კაპიტალური ხარჯები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ჯამში, დაგეგმილია 5,5 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 8,5%-ს შეადგენს. მომდევნო წლებში, ფისკალური კონსოლიდაციის შედეგად, კაპიტალური ხარჯები მცირდება და მშპ-ს 7,0%-7,1%-ის ფარგლებშია.
2022 წლის ბოლოსთვის, PPP პროექტების ჩათვლით, საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა მშპ-სთან მიმართებით შეადგენს 52.7%-ს.
„თქვენ იცით, რომ გასულ წელს პანდემიის გამო ვალის მოცულობამ შეადგინა მშპ-ს 60% და ეკონომიკის აღდგენის პირველივე წელს, ჩვენ შევძელით, დაახლოებით, 7.3 პროცენტული პუნქტით შეგვემცირებინა ვალის დონე 2022 წლისთვის, რაც იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 18 443.3 მლნ ლარია.