Logo
ოთარ შამუგიამ სამეგრელოში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრები გამართა

ოთარ შამუგიამ სამეგრელოში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრები გამართა

Published Date: 04/09/2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ზუგდიდში, თხილის საწარმოში „ჯეონათსი“ სამუშაო პროცესს გაეცნო და თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრა გამართა.

„სამეგრელოს რეგიონში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრისას მოვისმინეთ დეტალური ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს თხილის მოსავლის დაბინავება სამეგრელოს რეგიონში, როგორი მოსავალია წელს. შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მიზნობრივი დახმარება, რომელიც სახელმწიფომ სწორედ მცირე ფერმერებისთვის განახორციელა ბაღების მოსავლელად და მოსავლის გასაუმჯობესებლად, ეფექტური აღმოჩნდა. მათ წინა წელთან შედარებით უკეთესი მოსავალი აქვთ, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა ფერმერს აუცილებლად მოუარონ ბაღებს, განახორციელონ ის ღონისძიებები და რეკომენდაციები, რომლებიც გაწერილია შესაბამისი აგროკალენდარით. ეს პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია რაოდენობრივად და ხარისხობრივად უკეთეს მოსავალთან, უკეთეს ფასთან და რა თქმა უნდა, თითოეული ფერმერის უკეთეს შემოსავალთან",- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორის ლევან ქარდავას განცხადებით, წელს ფერმერების ნაწილმა თხილის ბაღებს სათანადოდ ვერ მოუარა, რაც თხილის ხარისხზე აისახა. ,,მოვლილ ბაღებში თხილი, შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური ხარისხისაა. სამწუხაროდ, თხილის ბაღების საკმაოდ დიდი ნაწილი ფერმერების მხრიდან არ არის სათანადოდ მოვლილი და ამაზე წვიმებმაც იმოქმედა. თხილის ფასი დამოკიდებულია მის ხარისხზე. დღესდღეობით, სამეგრელოში, ფასი იწყება 3 ლარიდან და მერყეობს 5 ლარამდე",- განაცხადა ლევან ქარდავამ.

აღსანიშნავია, რომ თხილის გადამმუშავებელი საწარმო შპს „ჯეონათსი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით 2018 წელს შეიქმნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოს, თხილი, ყოველ წელს, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს. როგორც საწარმოს წარმომადგენელი აცხადებს წელსაც აქვთ მოლოდინი, რომ ჩაბარებული თხილის დიდი ნაწილი ევროკავშირის ბაზარზე იქნება გატანილი.