გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის
წარმომადგენლებმა კვლევის ანგარიშის „სოფლის მეურნეობის მიღწევები 2018-2022
წლებში“ პრეზენტაცია წარადგინეს. პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და
სამინისტროს შესაბამისი უწყების და დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის
წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობის და წარმატებული თანამშრომლობისთვის.
„უკვე მრავალი წელია, წარმატებით ვთანამშრომლობთ USAID-თან აგრარული დარგის
განვითარების მიმართულებით. მათი მხარდაჭერით, არაერთი წარმატებული პროგრამა
და პროექტი განვახორციელეთ. სახელმწიფოს და საერთაშორისო დონორი
ორგანიზაციების ერთობლივი, კოორდინირებული საქმიანობით შესაძლებელი გახდა იმ
პოზიტიური შედეგების მიღწევა, რაც სოფლის მეურნეობის არაერთი მიმართულებით
გვაქვს. კვლევის ანგარიში „სოფლის მეურნეობის მიღწევები 2018-2022 წლებში“ და
წარმოდგენილი რეკომენდაციები საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო ზუსტად
განვსაზღვროთ პრიორიტეტები და დავგეგმოთ სამომავლო პროექტები ისე, რომ დარგი
სწრაფად და ეფექტიანად განვითარდეს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
აღნიშნული კვლევა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ განხორციელებული
რიგით მესამე კვლევაა. კვლევის ანგარიში „სოფლის მეურნეობის მიღწევები 2018-2022
წლებში“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საერთაშორისო კონსულტანტების
გორან ჟივკვოვის და ივანა დულიჩ მარკოვიჩის მიერ მომზადდა.
კვლევის ანგარიში მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის: გლობალური გარემოს
გავლენა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორზე, სოფლის მეურნეობაში მთლიანი
დამატებული ღირებულება, მიწისა და საკრედიტო ბაზრის განვითარება, მცენარეთა
მოვლისა და დაცვის საშუალებების მიწოდება (პესტიციდები, სასუქები), სარგავი მასალა,
მექანიზაცია, წარმოების დონის გაზრდა, მეწარმეთა კვალიფიკაციის ზრდა, მოსავლის
აღების შემდგომი მართვის გაუმჯობესება, გადამუშავებული პროდუქტი, ხარისხზე
ორიენტაცია, სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის მთლიანი ვაჭრობა, პროდუქტის
განვითარების ციკლი. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია დარგის განვითარების
ხელშეწყობის რეკომენდაციები.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ
განხორციელებული კვლევა. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში კვლევის ავტორები
ანგარიშს ფართო საზოგადოებას წარუდგენენ.