ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს ნობუჰიკო სასაკის შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა საქართველოში აღნიშნული ორგანიზაციის მიმდინარე და სამომავლო აქტივობებსა და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
შეხვედრას, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, აგრეთვე დაეწრნენ სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და იაპონიას შორის ბიზნეს ფორუმებისა და სავაჭრო მისიების უფრო ხშირად გამართვის მიზანშეწონილობაზე. აღინიშნა, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ბიზნეს წრეების დაახლოებას, რაც შემდგომში ეკონომიკურ სტატისტიკაზე პოზიტიური კუთხით აისახება.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) ხელმძღვანელს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც აღნიშნული უწყება ორი ქვეყნის ბიზნეს კავშირების დაახლოების მიმართულებით აკეთებს.
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იაპონიასთან უფრო აქტიური ეკონომიკური კავშირების დამყარება. მისი თქმით, ამისთვის არსებობს დიდი პოტენციალი, რომლის ასათვისებლადაც ორი ქვეყნის მთავრობა ბევრს აკეთებს. მინისტრმა მაგალითად მოიყვანა მიმდინარე წელს ამოქმედებული შეთანხმება ინვესტიციების ურთიერთდაცვის შესახებ, რომელშიც ჩაიდო მნიშვნელოვანი მექანიზმები იაპონური ინვესტიციების დაცვისა საქართველოში და ქართულისა - იაპონიაში. „ჩვენ უკეთ უნდა გავაცნოთ კერძო სექტორს ის შესაძლებლობები, რაც ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მხრივ არსებობს. ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, მაღალი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, - ესაა მცირე ჩამონათვალი იმ დარგებისა, სადაც ჩვენს შორის შესაძლებელია, უფრო მჭიდრო და ორმხრივად ხელსაყრელი კავშირები განვითარდეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინიტრის განცხადებით, იაპონია მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანა საქართველოსთვის. ამდენად, ამ ქვეყნიდან განხორციელებულ ინვესტიციებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, 2010 – 2020 წლებში იაპონიიდან 158.4 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ინვესტიციების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 155-ჯერაა გაზრდილი.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.