Logo
ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ეკოტურიზმის სტრატეგიას  მოაწერეს ხელი

ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ეკოტურიზმის სტრატეგიას მოაწერეს ხელი

Published Date: 14/10/2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკოტურიზმის სტრატეგიას ხელი მოაწერეს.

ეკოტურიზმის სტრატეგიის მიზანია ქვეყნის მასშტაბით კონკურენტუნარიანი ეკოტურისტული სერვისებისა და პროდუქტების შექმნა,  დივერსიფიცირება, ხარისხის გაუმჯობესება და განვითარება.

ნათია თურნავას თქმით, სტრატეგიის მიხედვით 2030 წლისათვის საქართველო იქნება წამყვანი ეკოტურისტული ქვეყანა კავკასიის რეგიონში, რომელიც მისი მდიდარი ცოცხალი კულტურისა და ბუნების, აგრეთვე მაღალი ხარისხის მომსახურების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ოთხივე სეზონის ეკოტურისტულ შეთავაზებებს.

„ჩვენი სამინისტროს, ასევე გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გერმანიის მთავრობისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ჩართულობით შევიმუშავეთ 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც შეეხება ეკოტურიზმის განვითარებას საქართველოში, მის ძირითად პრინციპებს. ზოგადად ეკოტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბუნებასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან იყოს ჰარმონიული განვითარება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დავამტკიცეთ ეკოტურიზმის ხელშემწყობი ცალკე კომპონენტი, რომელიც მოიცავს არა მარტო სესხის პროცენტის სუბსიდირებას და თანაგარანტირებას, არამედ გრანტების გამოყოფას და ეს იქნება ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადია პოსტკოვიდ პერიოდში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სტრატეგია 2020-2030  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს (APA) და ეროვნული სატყეო სააგენტოს (NFA), ასევე საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ჩართულობით მოამზადა.  

დოკუმენტით განისაზღვრა ეკოტურიზმის მნიშვნელობა, მწვანე ეკონომიკის განვითარება, ასევე გაიწერა 2021-2023 წლების მიზნები და ქმედებები, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვა უწყებებთან ერთად განახორციელებს.  მაგალითად სატყეოს ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების გეგმების (საიჯარო ობიექტების) მომზადება, ბილიკების მოწყობა, გარკვეულ დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული პარკების ვიზიტორთათვის სასაზღვრო სანებართვო რეგულაციების მოწესრიგება, ნიშური პროდუქტების შექმნა, ადგილობრივი ტრადიციული წარმოების განვითარება, საგანმანათლებლო აქტივობები და სხვა.

ეკოტურიზმი საქართველოში უზრუნველყოფს ტურისტებისთვის ავთენტური გამოცდილების გაზიარებას, სარგებელი მოაქვს ადგილობრივი თემებისთვის და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას; ამავე დროს, იგი უზრუნველყოფს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში.