Logo
ნათია თურნავა - S&P Global Ratings-ის ანგარიში ადასტურებს, რომ ქართული საბანკო სისტემა ჯანსაღია და მდგრადად ვითარდება

ნათია თურნავა - S&P Global Ratings-ის ანგარიში ადასტურებს, რომ ქართული საბანკო სისტემა ჯანსაღია და მდგრადად ვითარდება

Published Date: 25/07/2023

„სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის ანგარიში ადასტურებს, რომ ქართული საბანკო სისტემა ჯანსაღია და მდგრადად ვითარდება, რაც ხელს უწყობს სექტორის მიმართ ნდობას და ინვესტორთა ინტერესის ამაღლებას. მისასალმებელია ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკის პოზიტიური შეფასება. ჩვენ ასევე ვიზიარებთ სააგენტოს მიერ ხაზგასმულ საფრთხეებსა და გამოწვევებს და აქტიურად ვახორციელებთ ღონისძიებებს მათ საპასუხოდ, იქნება ეს დოლარიზაცია თუ არარეზიდენტების ანაბრებიდან მომდინარე რისკები“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ S&P Global Ratings - ის შეფასებასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings - მა საბანკო სექტორის ქვეყნის რისკის შეფასების მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, რისკების საერთო შეფასებით საქართველოს შედეგები გაუმჯობესდა და ქვეყანამ მე-8 დან მე-7 ჯგუფში გადაინაცვლა, რაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია შეფასებაა სხვა  ქვეყნებთან შედარებით.

გავლენიანი სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ბანკები საქართველოში, რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, უფრო ნაკლები რისკების წინაშე დგანან. ანგარიშში საუბარია საბანკო რეგულაციებზე, რომელმაც სააგენტოს შეფასებით, ხელი შეუწყო ბანკების მდგრადობას სტრესის მიმართ. გასულ წლებში, ცვალებადი მაკროეკონომიკური გარემოდან მომდინარე მზარდ რისკებს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარმატებით უპასუხა.