„ევროკავშირს, საქართველოსა და თურქეთს შორის ე.წ. „დიაგონალური კუმულაციის“ ამოქმედება მკვეთრად გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება იქნება შესაძლებელი. განსაკუთრებით, ეს შეეხება ტექსტილს, ავეჯს, სამშენებლო მასალებს, პლასტმასს, ფოლადის ნაწარმს, ქაღალდსა და მუყაოს და სხვ. გარდა ამისა, ასეთი შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს ინვესტიციებს თურქეთიდან, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“ - ასეთი კომენტარი გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ე.წ. „დიაგონალური კუმულაციის“ შეთანხმების ოფიციალურ ამოქმედებაზე. მისი თქმით, შეთანხმება შესანიშნავი შესაძლებლობაა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც თურქულ ნედლეულზე მუშაობენ და აქამდე არ ჰქონდათ ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ექსპორტის განხორციელების უფლება.
შეთანხმება მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც 2021 წლის 15 ოქტომბერს ევროკავშირმა ოფიციალურ ჟურნალში გამოაქვეყნა შესაბამისი დოკუმენტი. „დიაგონალური კუმულაციის“ ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი იქნება თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნას შეტანილი ევროკავშირის ბაზარზე. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ შეთანხმება არ გავრცელდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რადგან ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაფორმებული საბაჟო კავშირი არ ფარავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას.