Logo
ნათია თურნავა - ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ბაზრის ისეთი ფუნქციონირება, რომ ენერგომომხმარებლებს, ჩვენს მოსახლეობასა და მცირე ბიზნესს მიეწოდოს უწყვეტად ხარისხიანი ელექტროენერგია

ნათია თურნავა - ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ბაზრის ისეთი ფუნქციონირება, რომ ენერგომომხმარებლებს, ჩვენს მოსახლეობასა და მცირე ბიზნესს მიეწოდოს უწყვეტად ხარისხიანი ელექტროენერგია

Published Date: 26/09/2021

„ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალი წლიდან, როდესაც სრულმასშტაბიანად ამოქმედდება ენერგეტიკული ბირჟა ქვეყანაში, დავნერგოთ ისეთი მექანიზმები, რომელიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინვესტორებს და ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გამოყენებით მეტი პროექტის განხორციელებას, როგორიცაა მცირე ჰესები, ქარისა და მზის ენერგოსადგურები, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ბაზრის ისეთ ფუნქციონირებას, რომ ენერგომომხმარებლებს, მაგალითად, ჩვენს მოსახლეობასა და მცირე ბიზნესს მიეწოდოს უწყვეტად ხარისხიანი ელექტროენერგია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობასა და სამომავლო ამოცანების განხილვას მიეძღვნა.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ენერგეტიკული საბალანსო ბაზარი და მისი სატესტო რეჟიმის მართვა, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის წესები, ელექტროენერგიის აღრიცხვა და დისპეტჩერიზაცია, საჯარო მომსახურების ორგანიზაციის განხილვა და სხვ. აღინიშნა, რომ ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება საქართველოში, მიზნად ისახავს ენერგოსექტორში თანამედროვე საბაზრო მექანიზმების დამკვიდრებას, კონკურენციის განვითარებას, რამაც, საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს გამჭვირვალე და კონკურენციული ფასწარმოქმნას, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და ადგილობრივი მომხმარებლის უფლებების მეტ დაცვას.