2021 წელს ეკონომიკა სრულად აღადგენს გასული წლის დანაკარგს და 2.6 პროცენტით მაღალი იქნება 2019 წლის დონესთან შედარებით
2021 წელს ეკონომიკა სრულად აღადგენს გასული წლის დანაკარგს და 2.6 პროცენტით მაღალი იქნება 2019 წლის დონესთან შედარებით - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას საქართველოს პარლამენტში.
მისი თქმით, 2021 წლის მეორე კვარტლიდან ქვეყანას ეკონომიკის აღდგენის შთამბეჭდავი ტემპი აქვს, რითაც საქართველო ლიდერია არამხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად.
როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია ინკლუზიურობა.
„ჩვენ გადასახადის გადამხდელთა დეკლარაციების საფუძველზე, ყოველდღიურად ვაკვირდებით დასაქმების მაჩვენებელს. წელს, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 4,1 პროცენტით მაღალია 2019 წელთან შედარებით. ტურიზმის მაღალი წილი ჩვენს ეკონომიკაში იყო იმის მიზეზი, რომ პანდემიის გავლენა ერთ-ერთი მაღალი გვქონდა რეგიონში. გასულ წელს, მარტის შემდგომ, თითქმის განულდა ტურისტული ვიზიტები, რაც საკმაოდ მძიმე დარტყმა იყო სექტორისთვის. მიმდინარე წელს, გაზაფხულიდან მოყოლებული, ეტაპობრივად ხდება ტურიზმის აღდგენა და ივლისის თვიდან, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის 50 პროცენტს აჭარბებს. წლის დასაწყისის დაბალი ტემპის გათვალისწინებით, 2021 წელს ტურიზმიდან ეკონომიკაში მიღებული შემოსავლები 2019 წლის მესამედს მიაღწევს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი განცხადებით, მიუხედავად ტურიზმის არასრული აღდგენისა, წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, მაინც გაუმჯობესდა და წლის ბოლოსთვის მისი მოცულობა 8.4 პროცენტი იქნება.
სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ეკონომიკისთვის პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანი გაცილებით დიდი იქნებოდა
პანდემიის შედეგებზე საუბრისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ 2020-2021 წლებში ქვეყანამ დაკარგა ეკონომიკური ზრდა 7.0 პროცენტის ოდენობით. დიდი მოცულობის შემოსავლები დაიკარგა, ასევე, ტურიზმიდან, რის შედეგადაც მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, ჯამში, 10,3 პროცენტით გაუარესდა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, პანდემიის გავლენის შესამცირებლად საჭირო გახდა ფისკალური დეფიციტის გაზრდა, რომელიც დაფინანსდა საერთაშორისო პარტნიორებიდან მოზიდული ფინანსური რესურსებით.
„ჩვენი ფისკალური პოლიტიკა მიმართული იყო პანდემიის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შემამსუბუქებელი ღონისძიებების გატარებაზე. დღეს, როდესაც ეკონომიკამ უკვე აღდგენა დაიწყო, ამ აღდგენის მთავარი წარმმართველი კერძო სექტორი უნდა იყოს. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ყოველთვის კერძო სექტორს მოიაზრებდა ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებლად და მან ეს როლი უნდა დაიბრუნოს. ეკონომიკის აღდგენის ეტაპზე ჩვენი ვალდებულებაა, განვითარებისთვის სათანადო პირობები შევუქმნათ კერძო სექტორს, რისთვისაც აუცილებელია მაკროეკონომიკური სტაბილურობის აღდგენა, რაც პირველ რიგში, ფისკალურ კონსოლიდაციას გულისხმობს. ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად უნდა შევამციროთ ფისკალური დეფიციტი, იმისათვის, რომ არ შევზღუდოთ კერძო სექტორის განვითარების პოტენციალი და მეორე - უნდა განხორციელდეს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეფორმები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
რეფორმებზე საუბრისას, მან ყურადღება გაამახვილა ორ ძირითად მიმართულებაზე, ესაა: საჯარო ფინანსების მართვის რეფორმები და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება. საჯარო ფინანსების მართვის კუთხით მან დაასახელა ისეთი რეფორმები, როგორიცაა: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმა, მთავრობის ვალის მართვა, საგადასახადო შეღავათების გადახედვა და მათი ეფექტიანობის ზრდა, ეფექტიანი ბიუროკრატია.
ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით, დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას ლაშა ხუციშვილმა დაასახელა ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო რეფორმა, საგადასახადო დავების რეფორმა, ეფექტიანი საგადასახადო ადმინისტრირება, რომელიც დაფუძნებული იქნება მარტივ და სამართლიან მიდგომაზე, კაპიტალის ბაზრის რეფორმა საპენსიო სისტემის მესამე სვეტი.
2021-2022 წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, 2022 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს მიუახლოვდება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5 600 დოლარზე მეტი იქნება
2021-2022 წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, 2022 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს მიუახლოვდება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5 600 დოლარზე მეტი იქნება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 2022 წელს დაგეგმილია 6-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2022-2025 წლების ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი - 5,5 პროცენტი იქნება. მისი თქმით, 2022 წლის ბიუჯეტთან ერთად, პარლამენტში წარმოდგენილია ეკონომიკური სცენარების ანალიზის დოკუმენტი, სადაც გაანალიზებულია ის პოტენციური რისკები, რომელიც დღეს აქვს არამარტო ჩვენს რეგიონს, არამედ გლობალურ ეკონომიკას.
ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის მომდევნო წლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფისკალური კონსოლიდაცია და პანდემიამდელ პარამეტრებთან მაქსიმალური დაახლოება
ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის მომდევნო წლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფისკალური კონსოლიდაცია და პანდემიამდელ პარამეტრებთან მაქსიმალური დაახლოება - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას.
მისი თქმით, მიზანია, 2024 წლისთვის მთავრობის ვალი ჩამოსცდეს მშპ-ს 50 პროცენტს.
„ამ მაჩვენებლის მისაღწევად, ჩვენ 2022 წელს დეფიციტი 4.2, ხოლო 2023 წელს 3 პროცენტის დონეზე გვაქვს დაგეგმილი. დეფიციტის ამგვარი შემცირების შედეგად, 2023 წლიდან კაპიტალური ხარჯები მშპ-ს 7 პროცენტამდე მცირდება. კაპიტალური ხარჯების ეს დონე, დაახლოებით, 1 პროცენტით ნაკლებია ჩვენი ბოლო რამდენიმე წლის მაჩვენებელზე. კაპიტალური ხარჯების ეს დანაკლისი ჩვენ ერთი მხრივ, უნდა დავაკომპენსიროთ უკეთესი პრიორიტეტების გამოკვეთით და დავაფინანსოთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ეფექტის მქონე პროექტები, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მუშაობა დამატებით არადეფიციტური რესურსის მოძიებაზე“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ფისკალური კონსოლიდაციის პარალელურად, აუცილებელია შეუფერხებლად დაფინანსდეს ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფო ვალდებულებაა
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულია ხარჯები, როგორც სოციალური ვალდებულებებისა და ჯანდაცვის პროგრამების, ისე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ეკონომიკის ხელშეწყობის დასაფინანსებლად.
როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებების დაფინანსებაზე მიიმართება 4 მილიარდ 553 მილიონი ლარი; ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს მილიარდ 871 მილიონ ლარს; განათლებისა და მეცნიერების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2 მილიარდ 121 მილიონი ლარი; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 358 მილიონი ლარი. ამავე მიმართულებით მუნიციპალიტეტები დახარჯავენ, დაახლოებით, 250 მილიონ ლარს; ეკონომიკის ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსებაზე გამოყოფილია 561 მილიონი ლარი; ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 5 მილიარდ 884 მილიონი ლარი; თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით გამოყოფილია 2 მილიარდ 99 მილიონი ლარი; გარემოსდაცვითი პროგრამების დასაფინანსებლად - 68 მილიონი ლარი; სასამართლოებისა და პროკურატურის დაფინანსება შეადგენს 173 მილიონ ლარს.
2022 წელს სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე 4 მილიარდ 553 მილიონ ლარი მიიმართება
2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 4 მილიარდ 553 მილიონ ლარს.
აღნიშნული თანხიდან 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის ზრდა 20 ლარით და შესაბამისად, 1 იანვრიდან მათი პენსია იქნება 260 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით, პენსია იქნება 312 ლარი;
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 25 ლარით და შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება;
მიზნობრივი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე გამოყოფილია ერთ მილიარდ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც 2022 წელს:
- მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით;
- ომში მონაწილე ვეტერანთა 22/44 ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე;
- მიმდინარე წლის ივლისიდან გაორმაგებული, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების სრული წლის განმავლობაში დასაფინანსებლად დამატებით გამოყოფილია 75 მილიონი ლარი;
ბავშვთა ზრუნვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 52 მილიონ ლარს;
მაღალმთიან დასახლებებში დაწესებული სხვადასხვა სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილია 75 მილიონი ლარი;
საპენსიო სქემაში სახელმწიფოს ვალდებულებების დასაფინანსებლად მიიმართება 260 მილიონი ლარი. ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით, ამ მიმართულებით დამატებით გამოიყო 10 მილიონი ლარი;
მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამების მოცულობა შეადგენს 280 მილიონ ლარს.
2022 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე გამოყოფილია 2 მილიარდ 121 მილიონი ლარი
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე გამოყოფილია 2 მილიარდ 121 მილიონი ლარი, საიდანაც:
- მუნიციპალიტეტების დაფინანსებით სკოლამდელ განათლებაზე მიიმართება 380 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების ზრდა 100 ლარით;
- ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს მილიარდ 390 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:
o საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე მასწავლებელთა დანამატის ზრდა 100 ლარით;
o საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10 პროცენტიანი ზრდა;
o სკოლის მანდატურების ხელფასების ზრდა 100 ლარით;
o სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და აღჭურვა - 190,8 მლნ ლარი, ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით ამ მიმართულებით გამოიყო დამატებით 30 მილიონი ლარი;
- პროფესიული განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილია 119 მილიონი ლარი, მათ შორის, პროფესიული კოლეჯების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 46 მილიონ ლარზე მეტი;
- უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება შეადგენს 232 მილიონ ლარს.
2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე რეკორდულად მაღალი - მშპ-ს 9.1% დაიხარჯება
2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე რეკორდულად მაღალი - მშპ-ს 9.1% დაიხარჯება - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას.
მისი თქმით, საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტზე მაღალი იყო.
ჯამში, 2022 წელს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 5 მილიარდ 884 მილიონი ლარი, მათ შორის:
- მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდ 187 მილიონი ლარი, საიდანაც:
o 506 მილიონი ლარის პროექტები დაფინანსდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ;
o 300 მილიონი ლარის პროექტები დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან;
o 130 მილიონი ლარია გათვალისწინებული ევროკავშირთან საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში საპილოტე რეგიონებში დაგეგმილი პროექტების დასაფინანსებლად;
o 240 მლნ ლარის პროექტები ფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გამოყოფილი კრედიტების ფარგლებში;
o ერთ მილიარდ ლარამდე ღირებულების პროექტები დაფინანსდება მუნიციპალიტეტების შემოსავლების ფარგლებში;
- საგზაო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულია მილიარდ 853 მილიონი ლარი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე მიიმართება მილიარდ 187 მილიონი ლარი;
- წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გამოყოფილია 415 მილიონი ლარი;
- საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 305 მილიონი ლარი;
- მთის კურორტების განვითარებისთვის გამოყოფილია 270 მლნ ლარი;
- ენერგოინფრასტრუქტურაზე, ჯამში, მიიმართება 150 მილიონი ლარი, მათ შორის, 70 მილიონი ლარი გათვალისწინებულია გაზიფიცირების სამუშაოებისათვის.
ერთი მხრივ, ფისკალური რესურსის სიმცირემ და მეორე მხრივ, საკითხის ზედმეტად პოლიტიზირებამ, მიგვიყვანა იქამდე, რომ ბოლო 5-6 წელია, საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა
ერთი მხრივ, ფისკალური რესურსის სიმცირემ და მეორე მხრივ, საკითხის ზედმეტად პოლიტიზირებამ, მიგვიყვანა იქამდე, რომ ბოლო 5-6 წელია, საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის განხილვისას.
როგორც მან აღნიშნა, 2013-2014 წლებში, საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 90%-ზე მეტი იყო. 2014 წლის შემდგომ, კერძო სექტორში საშუალო ხელფასის ზრდამ მნიშვნელოვნად გაუსწრო საჯარო სექტორში ხელფასების ზრდას. შედეგად, 2020 წლის მდგომარეობით, საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორის 80%-ზე დაბალია.
„თუ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, საშუალო ხელფასის ზრდის დინამიკას გავაანალიზებთ, მოსალოდნელია, რომ 2021 წლის ბოლოს, საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებულის 75 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდეს. აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლებში, ძირითადად, გაიზარდა ჯარის, პოლიციისა და მასწავლებელთა ხელფასები, ხოლო სხვა საჯარო დაწესებულებებში ზრდა თითქმის არ ყოფილა. თუ ჯარის, პოლიციისა და მასწავლებლების ხელფასების ზრდის ეფექტს გამოვაკლებთ, 2020 წელს საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორის 71%-ია. ალბათ დამეთანხმებით, რომ მსგავსი პროპორციის პირობებში, შეუძლებელი იქნება საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაუარესდება საჯარო მომსახურების ხარისხიც. ასევე, შეუძლებელი იქნება მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2022 წელს დაგეგმილია საჯარო მოხელეების ხელფასების 10-პროცენტიანი ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, არასაკმარისია, თუმცა ფისკალური კონსოლიდაციიდან გამომდინარე, მომდევნო წელს მეტი რესურსის მოძიება ვერ მოხერხდა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, საჯარო სექტორში ხელფასების საკითხის მოწესრიგებისთვის, ბიუჯეტში განსაზღვრულია მთავრობის დავალება, მომდევნო წლის პირველ ივლისამდე ჩამოყალიბდეს ის ძირითადი პრინციპები, რომლის მიხედვითაც, საჯარო სექტორში ხელფასები გარკვეულწილად, დაკავშირებული იქნება კერძო სექტორში არსებულ ხელფასებთან.
„მსგავსი რეგულაციის შემოღება იქნება გარანტია იმისა, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელეების ხელფასები, ყოველწლიურად გაიზრდება ეკონომიკური განვითარების პროპორციულად“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.