„2021 წელს ჩვენ გავხსენით ეროვნული ეკონომიკა, ბიზნესს დავუბრუნეთ სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა“
„2021 წელი იყო თვისობრივად განსხვავებული ვიდრე წინა, 2020, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცოდით პანდემიასთან ბრძოლის სხვა, უფრო ეფექტური მეთოდი, საზღვრების და ეკონომიკის ჩაკეტვის გარდა და შესაბამისად, გაჩერებულ ეკონომიკასაც ვერაფრით ვეხმარებოდით წერტილოვანი სუბსიდიების გარდა. ამ თვალსაზრისით, 2021 წელი გახდა ნამდვილი გარღვევის ეტაპი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატით გამოსვლისას.
მინისტრმა შეაფასა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები და დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროექტებზე.
„ჩვენ გაზაფხულზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - უარი გვეთქვა ჩაკეტვებსა და პანდემიასთან ბრძოლაში გადავსულიყავით უპირატესად ვაქცინაციაზე. შედეგად, გავხსენით ეროვნული ეკონომიკა, შევქმენით ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის ხელსაყრელი გარემო, ბიზნესს დავუბრუნეთ სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა. ანუ ყველა გაგებით 2021 წელი არის სწრაფი აღდგენის წელი და შემდგომი მშვიდობიანი განვითარების კარგი საწინდარი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
„საქართველოში მოსახლეობის შემოსავლების უთანასწორობის შემცირება პანდემიის ფონზეც მოხერხდა“
„ინფლაციისგან განსხვავებით, სიღარიბე მთელი ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე დაგროვილი პრობლემაა, რომელშიც თავისი წვლილი შეიტანა სხვადასხვა დროს მომხდარმა ომებმა, შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა, სტრუქტურულმა პრობლემებმა და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველომ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლა, რეალობა ისეთია, რომ ევროპულ სივრცესთან შედარებით, საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი ქვეყანაა და ეს პრობლემა, ცხადია სრულად ვერ აღმოიფხვრებოდა ვერც 10 და ვერც 20 წელიწადში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, განაცხადა, რომ პანდემიამ, მსოფლიოს მსგავსად, სიღარიბის პრობლემა საქართველოშიც გაამძაფრა.
„თუმცა ასევე მართალია ისიც, რომ ქვეყანაში პანდემიის ფონზეც კი მოხერხდა მოსახლეობის შემოსავლების უთანასწორობის შემცირება, რასაც ხელი შეუწყო პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა და ეკონომიკის მხარდაჭერის პაკეტმა,“ - განაცხადა მინისტრმა. თუმცა, მისი თქმით, ეს არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საფუძველს და სიღარიბეს შემცირება მთავრობის სოციალურ - ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრალურ ამოცანად რჩება, რაც ასახულია ბიუჯეტშიც, სახელმწიფო პროგრამებშიც და საქართველოს ხელისუფლების მთელ რიგ გადაწყვეტილებებში.
ინფლაციის მაჩვენებელი უკვე მომავალი წლის ბოლოს მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება
„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, მოსახლეობას კარგად ავუხსნათ ამ მოვლენის მიზეზები. პანდემიამდელ პერიოდში წლების მანძილზე ინფლაცია იყო საკმაოდ დაბალი - წლიურად 3-4%. რატომ მოხდა, რომ ასეთი დაბალი ინფლაციის ათწლეულის შემდეგ 2021 წელს მყისიერად მივიღეთ გასამმაგებული მაჩვენებელი? პასუხი მარტივია: ერთადერთი, რაც განასხვავებს 2020-21 წლებს წინა წლებისგან, გლობალური პანდემიაა. ამსუბუქებს ეს ვითარებას? - რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ხდის თუ არა ამ ერთჯერად ფაქტორს სწრაფად დაძლევადს? - რა თქმა უნდა, კი!“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათი“-ს ფორმატში გამოსვლისას.
ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის ფონზე და მის გამო საერთაშორისო ბაზრებზე მოხდა არაერთ საქონელზე ფასების ზრდა. ამასთან, მთელი რიგი სასაქონლო პოზიციების მიხედვით საქართველო ნეტ იმპორტიორი ქვეყანაა, ამიტომ, მინისტრის თქმით, ცხადია რომ ჩვენთანაც იმატა ფასების დონემ. თუმცა, ნათია თურნავას განცხადებით, რადგან ეს მწვავე პრობლემა სწორედ პანდემიას და არა რაიმე ფუნდამენტალურ მაკროეკონომიკურ გარემოებას და ფაქტორს უკავშირდება, შეიძლება ითქვას, რომ ეს მოვლენა დროებით ხასიათს ატარებს და ფასების დონე დასტაბილურდება პანდემიის დაძლევის პარალელურად.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არ ველოდებით პანდემიის დასრულებას და დღესვე ვატარებთ ღონისძიებებს ფასების ზრდის შესამსუბუქებლად. სწორედ მთავრობის და ეროვნული ბანკის კოორდინირებული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, ეროვნული ბანკის და სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი უკვე მომავალი წლის ბოლოს მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მოხსენებით გამოსვლისას, ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გარემოებაზე, რომლებიც ხელს უწყობს ინფლაციის შემცირებას. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით ინფლაციური ზეწოლის შემამცირებელი კლასიკური ბერკეტია.
“დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკის და ბიზნესის დადებითი მოლოდინების შედეგად არსებითად სტაბილურია ჩვენი ეროვნული ვალუტა. როდესაც, მაგალითად მეზობელ თურქეთში თითქმის 25%-იანი ინფლაცია ფიქსირდება თურქული ლირის ისტორიული გაუფასურების ფონზე. საქართველოში დღეს ეს დამამძიმებელი გარემოება არ არსებობს, ეროვნული ვალუტის კურსი, არსებითად, სტაბილურია. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხთან, მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება ფასწარმოქმნა ამ სფეროში,“ - განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა 2022 წლის ბიუჯეტში ასახულ მუხლებზე, პენსიების ზრდაზე, რომელიც სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შესაბამისად მოხდება, და ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ სხვა ქმედით ღონისძიებებზე.
„საშუალოვადიან პერსპექტივაში უნდა მოხდეს საექსპორტო და იმპორტ-ჩამნაცვლებელი წარმოების განვითარება, რაც შეამცირებს ჩვენი ქვეყნის იმპორტდამოკიდებულებას ინდუსტრიული თუ სასურსათო პროდუქციის ნაწილში და შედეგად, ნაკლებად ვიგრძნობთ საგარეო ბაზრებზე პროდუქციის გაძვირებას. ყველა ზემოთჩამოთვლილი გადაწყვეტილება ინფლაციის შეკავების და პანდემიამდელ ნიშნულამდე მისი შემცირების შესაძლებლობას გვაძლევს უკვე მომავალი წლის ბოლომდე“ - განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავა - სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ მინისტრის ახალი ინიციატივა შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების თაობაზე
ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიმართულებები სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით პირველ რიგში, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობა და მეტი დასაქმების უზრუნველყოფაა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ინიციატივა შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანების საჯარო სამუშაოებზე დასაქმების თაობაზე.
„ეს არის პროექტი, რომელიც ეფუძნება ევროპული ქვეყნების, მათ შორის, პოლონეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, უნგრეთის წარმატებულ გამოცდილებას და დადებით მოტივაციას გაუჩენს სოციალურად დაუცველ, შრომისუნარუიან ადამიანებს, რათა იმუშაონ და სოციალური შემწეობის გარდა, მასთან ერთად, შრომის ანაზღაურებაც მიიღონ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
დასაქმების ზრდისკენ მიმართული ჩვენი ძირითადი სტრატეგია არის ქართული ბიზნესის, ქართული წარმოების განვითარება
დასაქმების ზრდისკენ მიმართული ჩვენი ძირითადი სტრატეგია არის ქართული ბიზნესის, ქართული წარმოების განვითარება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
„ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით უმთავრესი რამ - უზრუნველვყავით ბიზნესისთვის მშვიდობიანი, პროგნოზირებადი, სტაბილური გარემო, რასაც ქართული ბიზნესიც პასუხობს განვითარებაზე ორიენტირებული განწყობით და ახალი ინვესტიციებით. ეს მიღწევა ასახულია სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებაში. საქართველომ ეკონომიკური შოკებისადმი მდგრადობის უზრუნველყოფით შეძლო შეენარჩუნებინა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, იმ ფონზე როცა გაუარესდა არაერთი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი. სამივე სარეიტინგო კომპანიის (Fitch, S&P, Moodys’) შეფასებით საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისის დაძლევა რეიტინგის გაუარესების გარეშე. სამივე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ დაადასტურა, რომ საქართველო მდგრადია, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ დაგვარტყა, მაკროეკონომიკურად სტაბილურები ვართ და შექმნილია ბიზნესისთვის მშვიდობიანი განვითარების პირობები“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის საშუალოვადიან მიზანს საინვესტიციო დონის შესაბამისი სუვერენული რეიტინგის მიღწევა (ე.წ. investment grade) წარმოადგენს, რაც ინვესტორებს სტაბილური განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტ გარანტიებს შეუქმნის.
საქართველო ის ქვეყანაა ჩვენს რეგიონში, რომელიც ყველაზე მეტად მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
„საქართველო არის ის ქვეყანა ჩვენს რეგიონში, რომელიც ყველაზე მეტად მზადაა იმისთვის, რომ დავიწყოთ უშუალოდ მოლაპარაკება აშშ-სთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის ფორმატში“ სიტყვით გამოსვლისას.
სამინისტროს სამომავლო პრიორიტეტებზე საუბრისას, მინისტრმა განაცხადა, რომ 2022 წელს გაძლიერდება ძალისხმევა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გაფართოების მიმართულებით, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიზნით აქტიური კონსულტაციების გაგრძელება პოლიტიკურ და ექსპერტულ დონეზე.
„ძალიან სასიხარულო იყო ის ორპარტიული მხარდაჭერის სულისკვეთება, რაც აისახა სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ამერიკელი კონგრესმენების წერილში, რომლითაც ისინი აშშ სავაჭრო წარმომადგენელს მიმართავენ და მოუწოდებენ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უშუალო მოლაპარაკების დაწყებისკენ. ეს ძალიან იმედისმომცემი მესიჯია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
„მსოფლიო ბანკის დახმარებით საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელის მშენებლობაზე სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 2021 წელს, მსოფლიო ბანკის დახმარებით საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელის მშენებლობაზე სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება. ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში „მინისტრის საათი“-ს ფორმატში მოხსენებისას ისაუბრა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პროექტი შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გადამცემი კაბელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. ნათია თურნავას შეფასებით, პოტენციურად ეს არის არანაკლები მნიშვნელობის პროექტი, ვიდრე თავის დროზე ბაქო-ჯეიჰანის პროექტი იყო.
„ეს არის სრულიად ახალი რეალობა, როდესაც ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი ფიზიკურადაც იქნება ევროპულ ბაზართან დაკავშირებული და არამარტო იურიდიულად და სამართლებრივად. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1,195 კილომეტრის სიგრძის 1000 მგვტ-ის სიმძლავრის მქონე კაბელი რუმინეთის ტერიტორიაზე დაუკავშირდება აღმოსავლეთ ბალკანების სანაპიროს, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
„დღეს ახლოს ვართ ქვეყნის გაზიფიკაციის 93 პროცენტიან ნიშნულთან და ჩვენი რელიეფის ქვეყნისთვის ეს მართლაც დიდი სახელმწიფო ინვესტიციაა“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათი“-ს ფორმატში გამოსვლისას ენერგეტიკის დარგში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. ნათია თურნავას ინფორმაციით, 2022 წელს გაგრძელდება ახალი პროექტები ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის: მოსალოდნელია 10 ახალი ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა - დაახლოებით 30 მგვტ დადგმული სიმძლავრით; ეს არის 120 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია.
„ასევე იგეგმება ახალი კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის დაწყება. დასრულდება კვლევა და გადავალთ პილოტირებაზე უახლესი ტექნოლოგიის მწვანე წყალბადის გამოყენების მიმართულებით. მისასალმებელია, რომ ჩვენ ვართ ამ კუთხით წინა ხაზზე და საქართველო არის ის ადგილი, სადაც ამ ტექნოლოგიების პილოტირება პირველად ხვდება ჩვენს რეგიონში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, აქტიური მიდგომები დაიწყება საქართველოში ენერგოეფექტური მიდგომების დასანერგად. ასევე გაგრძელდება გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა, რომლის თანახმადაც განხორციელდება 17,406 ოჯახის გაზიფიცირება 107 დასახლებულ პუნქტში.
„შეგახსენებთ, რომ 2019-2021 წელს გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა ჯამში 384 დასახლებულ პუნქტში, დამატებით 88,363 აბონენტისთვის. ხოლო 2022-2024 წლებში განხორციელდება 39,698 ოჯახის გაზიფიცირება 244 დასახლებულ პუნქტში. საერთო ჯამში სულ 2019-2024 წლების გეგმებით დამატებით ბუნებრივი გაზი მიეწოდება 128,061 პოტენციური აბონენტს 628 სოფელში. ასეთი მასშტაბური გაზიფიკაციის მაგალითი იშვიათად მოიპოვება ევროპულ სახელმწიფოებში. ჩვენ დღეს ახლოს ვართ 93 პროცენტიან გაზიფიკაციის ნიშნულთან და ჩვენი რელიეფის ქვეყნისთვის ეს მართლაც არის დიდი სახელმწიფო ინვესტიცია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
„პანდემიის პირობებში შევძელით და 11 თვეში მივაღწიეთ ექსპორტის უფრო მეტ ზრდას, ვიდრე ეს იყო პანდემიამდე, 2019 წელს“
„პანდემიის დროს, 11 თვეში მივაღწიეთ ექსპორტის უფრო მეტ ზრდას, ვიდრე, ეს იყო, მაგალითად, მთლიანად 2019 წელს, რომელიც, ყველა გაგებით, მიჩნეული დადებით წლად ეკონომიკის, ტურიზმის, ექსპორტის განვითარების მიხედვით და ვამბობდით, რომ 2019-ში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი გვქონდ, ათუმცა, ახლა, 11 თვეში შევძელით ამ მაჩვენებლის გადალახვა“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ხელისუფლება განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ქართული ბიზნესის საექსპორტო დარგებზე, რომლებიც უშუალოდ ქმნის ქართული ეკონომიკის ზრდის დინამიკას, ამყარებს ეროვნულ ვალუტას საექსპორტო ამონაგების ქვეყანაში შემოტანის გზით და ასაქმებს ათასობით ჩვენს მოქალაქეს.
ნათია თურნავას თქმით, 2021 წლის თებერვლიდან საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, რომლის შედეგად, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 27%-ით (805 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა და 3.8 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. მინისტრმა ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ბიზნესსექტორის ბრუნვაზე, რომელიც, მიუხედავად პანდემიისა, სტაბილური ბიზნესგარემოს ფონზე 2021 წლის სამ კვარტალში 34.6%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 35.3 %-ზე მეტია.
„პრემიერ მიინისტრის დავალებით, ჩვენ, ისევე როგორც თითოეულმა ჩემმა კოლეგამ, შევიმუშავეთ და მოსახლეობას გავაცანით განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც კიდევ უფრო განჭვრეტადს ხდის როგორც ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას ისე ბიზნესგარემოსაც. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა, რომლის დანერგვის საშუალებასაც გვაძლევს მუდმივი სტრუქტურული რეფორმები და სტაბილურობა, რაც, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
2022 წლიდან ექსპორტიორ კომპანიებს დავეხმარებით სერტიფიცირების, ბრენდინგის, პროდუქციის შეფუთვის და საერთაშორისო ქსელში შესვლის ხარჯების გრანტის სახით თანადაფინანსებაში“
„ჩვენი ამოცანაა ქართული ექსპორტის შემდგომი განვითარება და მთელ რიგ დარგებში იმპორტდამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება. ამ ამოცანის გადაჭრაში ეფექტურ როლს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები ასრულებენ. ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში ასეთი პროგრამაა „აწარმოე საქართველოში,“ რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიის დროს დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის გადარჩენაში, ხოლო ამჟამად სრულად გადაეწყო ბიზნესის განვითარების სტიმულირების ამოცანაზე. 2021 წელს ამოქმედდა ახალი მხარდაჭერის პროგრამები, რომელთა მიზანი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზით სამუშაო ადგილების შექმნა და საექსპორტო პოტენციალის გაფართოებაა“ - განაცხადა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 2021 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა პროგრამა „ბიზნეს ექსპორტი“ და „ბიზნეს უნივერსალი“ - „ბიზნეს ექსპორტის“ პროგრამის მონაწილეები სესხის პროცენტისა და საკრედიტო საგარანტიო სქემის სარგებლობასთან ერთად მიიღებენ გრანტს დამტკიცებული სესხის 15%-ის მოცულობით, ხოლო „ბიზნეს უნივერსალის“ ფარგლებში მცირე ბიზნესს საშუალება აქვს ერთდროულად ისარგებლოს სესხის პროცენტის სუბსიდირებით და საკრედიტო-საგარანტიო სქემით. საექსპორტო და იმპორტჩამნაცვლებელ წარმოებებთან ერთად ასეთივე მხარდაჭერით ისარგებლებენ აგროტურისტული და ეკოტურისტული ბიზნეს-პროექტები.
მისივე თქმით, 2021 წელს განხორციელდა მიკრო გრანტების პროგრამა და 14,3 მლნ ლარით დაფინანსდა 689 მიკროპროექტი. პროექტების ფარგლებში პირდაპირ დასაქმდა 2500 ადამიანი.
2021 წელს (დეკემბრის თვის არასრული მონაცემებით) ბიზნესის მხარდაჭერის სესხის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 327 პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 520 მილიონ ლარამდე ჯამური, კერძო ინვესტიციის მოზიდვას და 5200-მდე სამუშაო ადგილის შექმნას. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის საკრედიტო - საგარანტიო სქემით ისარგებლა 184-მა ბენეფიციარმა და შედეგად შეიქმნა 2 520-მდე სამუშაო ადგილი.
„წელს ამოქმედდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამა, რომლითაც ისარგებლა 900-მდე ოჯახმა და ეს სტატისტიკა ყოველდღე იზრდება. ესენი არიან ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები ან ოჯახები, ვისაც ეყოლათ ახალშობილი. შედეგად თითოეულმა მათგანმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინების შეძენა ჩვენი პროგრამის დახმარებით. ეს პროგრამა ასევე დიდი დახმარებაა სამშენებლო სექტორისთვის, დეველოპმენტისთვის, რომელიც ასევე ძალიან მტკივნეულად განიცდის ფინანსურ კრიზისებს, რადგან პირველი დარტყმა მოდის ხოლმე როგორც ტურიზმზე, ასევე მშენებლობაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იყო“ - აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება 2022 წლის გეგმებს, მინისტრის განცხადებით, გაგრძელდება ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების გაფართოება.
„თუ შექმნის დღიდან „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ინდუსტრიული და საკრედიტო საგარანტიო სქემით ისარგებლა ჯამურად 1 400- მა ბიზნესმა, (აქ არ შედის ქონების გადაცემისა და სოფლის მეურნეობის კომპონენტები), გეგმაში გვაქვს უახლოეს ორ წელიწადში კიდევ 1 500 ბიზნესს დავეხმაროთ განვითარებაში და ფინანსური რესურსის მოძიებაში.ანუ ამ პროგრამის ინტენსივობა იზრდება და გვსურს მომავალ ორ წელიწადში იმაზე მეტ ბიზნესს დავეხმაროთ, ვიდრე ეს მოხდა წინა 6 წელიწადში. მომავალ წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს დაახლოებით 270 მლნ ლარი. გარდა უკვე არსებული პროგრამებისა, 2022 წელს ჩვენი სააგენტო ექსპორტიორ კომპანიებს შესთავაზებს ტექნიკური დახმარების კომპონენტს, რაც ითვალისწინებს კომპანიის სერტიფიცირების, ბრენდინგისა და პროდუქციის შეფუთვის და საერთაშორისო ქსელში შესვლის ხარჯების თანადაფინანსებას გრანტის სახით“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
„სამწუხაროდ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში ძალიან მწირად არიან წარმოდგენილები“
„მინდა, გულწრფელი სინანული გამოვთქვა იმ გარემოების გამო, რომ სამწუხაროდ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში ძალიან მწირად არიან წარმოდგენილები“, - ასე დაიწყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტართა კითხვებზე პასუხების გაცემა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს ეხება არამარტო დღევანდელ სხდომაზე მის გამოსვლას, არამედ გუშინ უმთავრესი ეკონომიკური დოკუმენტის, ბიუჯეტის დამტკიცებას, დღეს დილიდან კი პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენას.
„როდესაც თითქოს ყველას გული შესტკივა, რა ხდება ინფლაციასთან, ფასებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ბევრი თავს არ იწუხებს, რომ ელემენტარულად, მოემზადოს და დასვას პროფესიული შეკითხვები. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, ვინც კითხვები დამისვა. მიუხედავად იმისა, მისაღებია თუ არა ჩემთვის კითხვები პათოსი თუ შინაარსი, რა თქმა უნდა, ყოველთვის მივესალმები, რომ ამ დარბაზში მიმდინარეობდეს საქმიანი დისკუსია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
„მთის კურორტების განვითარების კომპანიამ,“ ჩვენი ხელისუფლების ხელშეწყობითა და დავალებით, საქართველოს 4-ვე სამთო კურორტზე 31 ახალი, მსხვილი საბაგირო ააშენა“
„მთის კურორტების განვითარების კომპანიამ,“ გასული წლების განმავლობაში, საკმაოდ დიდი როლი შეასრულა კურორტების განვითარებაში. რამდენიმე ციფრს მოვიყვან - 2012 წლიდან დღემდე, ამ კომპანიამ, რა თქმა უნდა, მთავრობისა დავალებითა და მხარდაჭერით, 31 ახალი საბაგიროს მშენებლობა განახორციელა ოთხივე სამთო კურორტზე, აქედან გუდაურში აშენდა 10, ბაკურიანში - 8, გოდერძიზე - 1, ხოლო სვანეთში 11 საბაგირო და აქ ამჟამადაც მიმდინარეობს დამატებით კიდევ ერთი 1 ახალი საბაგიროს მშენებლობა“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში დეპუტატების - ვიქტორ სანიკიძისა და სოზარ სუბარის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ და 2023 წლის ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას ეხებოდა.
მინისტრის ინფორმაციით, ასევე დასრულებულია გუდაურსა და ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების სისტემების მოწყობა, მათ შორის, გუდაურში, ჯამში 5 კმ, ხოლო ბაკურიანში - 1800 მეტრის სიგრძის ტრასები.
„ბაკურიანში ახლა მიმდინარეობს ორი ხელოვნური ტბის მშენებლობა, რომელიც წყლით მოამარაგებს ხელოვნური გათოვლიანების სისტემას, ასევე გაკეთდა და კეთდება ძალიან ბევრი სხვა, ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ 2023 წელს დაგეგმილ ჩემპიონატს შევხვდეთ ღირსეულად და მომზადებულები“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამავე თემაზე დეპუტატ მიხეილ სარჯველაძის კითხვის პასუხად ნათია თურნავამ განმარტა, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ექსპერტებმა, რომლებმაც ამ დღეებში იყვნენ ჩამოსულები საქართველოში, შეისწავლეს მიმდინარე სამუშაოები და ძალიან დადებითად შეაფასეს ბაკურიანის კურორტისა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობა.
„ჩავატარეთ 7 საერთაშორისო შეჯიბრი იმისთვის, რომ მზად ვიყოთ 2023 წლის ჩემპიონატისთვის, ჩატარდა სატესტო ღონისძიებაც ძალიან მაღალ დონეზე და ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება, რომელიც ჩვენს ტურისტულ პოტენციალსაც წინ წაწევს და რასაკვირველია, ქვეყნის ეკონომიკასაც განავითარებს, თუმცა, დავეთანხმები აქ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ გარკვეული კრიტიკა, გარკვეული გამოწვევები არის „მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან“ მიმართებაში - ზოგი ობიექტური, ზოგი სუბიექტური და ნუ დაგვავიწყდება, რომ ობიექტური ფაქტორებიც არის ხოლმე ისეთივე, რაც ჰესებთან დაკავშირებით, როდესაც მიდის ტრასების გაყვანა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, არის ხოლმე ხშირად, მოსახლეობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც დამატებით მუშაობას საჭიროებენ, დაგვიანებას იწვევენ და, პარალელურად, გვაქვს საკმაოდ მკაცრი ვადები, მათ შორის, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან დაწესებული. ხდება გარკვეულ პროცედურულ გამოწვევებთან გამკლავება, თუმცა, როგორც ნებისმიერი სახელმწიფო კომპანია, ესეც იქნება კორპორატიზებული, იქნება რეფორმირებული, უფრო მეტად გამჭვირვალე და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“ - განაცხადა მინისტრმა.