Logo
მარიამ ქვრივიშვილი - სტატისტიკური მაჩვენებლები ტურიზმში უფრო ხმამაღლა საუბრობს და არ ტოვებს ინტერპრეტაციის შესაძლებლობას

მარიამ ქვრივიშვილი - სტატისტიკური მაჩვენებლები ტურიზმში უფრო ხმამაღლა საუბრობს და არ ტოვებს ინტერპრეტაციის შესაძლებლობას

Published Date: 26/07/2023

„სტატისტიკური მაჩვენებლები ტურიზმში უფრო ხმამაღლა საუბრობს, ვიდრე აღქმები და არ ტოვებს ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, შესაბამისი სტატისტიკა გვეუბნება იმას, რომ ტურიზმის აღდგენა კარგი დინამიკით მიდის - 2023 წლის პირველ ნახევარში შემოვიდა 2,9 მლნ-მდე საერთაშორისო მოგზაური.  საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის დინამიკამ ტურისტულ ვიზიტებში უკვე 90 პროცენტს გადააჭარბა. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 2023 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 800 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 37 პროცენტით მეტია“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც საქართველოს ტურიზმის სექტორის პირველი ნახევრის სტატისტიკური მაჩვენებლები შეაფასა.  

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტურიზმის ზრდად დინამიკას ხელს უწყობს საქართველოში ავიაციის ინდუსტრიის თანმიმდევრული აღდგენა - 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი პანდემიამდელ ნიშნულს - 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს  100%-ით გაუთანაბრდა, საქართველოს აეროპორტები 2 მილიონ 500 ათასამდე  მგზავრს მოემსახურა. 

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა, ადგილობრივი აეროპორტების მგზავრთნაკადის ზრდა-გაუმჯობესების კუთხით შექმნილი ვითარება, ხელს უწყობს ქვეყანაში საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას და რა თქმა უნდა, დადებიოთად აისახება ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე.  

„მეტი პირდაპირი რეისი ჩვენი სტრატეგიული ბაზრებიდან - ევროპისა და ყურის ქვეყნებიდან, ისრაელიდან განაპირობებს იმას, რომ გვყავს მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი, რის გამოც ინდუსტრიის შემოსავლებში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.