Logo
ლევან დავითაშვილი შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის „Camille Bloch” პრეზიდენტს შეხვდა

ლევან დავითაშვილი შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის „Camille Bloch” პრეზიდენტს შეხვდა

Published Date: 07/09/2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის „Camille Bloch” პრეზიდენტს, დანიელ ბოშს შეხვდა.

შეხვედრაზე კომპანიის „Camille Bloch” წარმომადგენლებმა საქართველოში თხილის ინოვაციური გზით წარმოების პროექტის პრეზენტაცია წარადგინეს.

შვეიცარიული კომპანიის პრეზიდენტმა, დანიელ ბოშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს თხილის წარმოების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და თხილის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. „Camille Bloch” წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს ქართულ მხარესთან თხილის წარმოებაში თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების გამოყენების გამოცდილების გაზიარების კუთხით ითანამშრომლონ.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო თხილის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს.

„თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში კიდევ უფრო გავზარდოთ როგორც თხილის წარმოება, ასევე მისი ხარისხი. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ გავიზიაროთ წარმატებული ევროპული გამოცდილება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შოკოლადის მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანიამ „Camille Bloch” კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 40 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და 50 ჰა მიწის ფართობზე, ინოვაციური ტექნოლოგიით თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. კომპანია, თხილის პირველ მოსავალს, 2025 წლისთვის ელოდება.