პირველად, ბევრი წლის შემდეგ მივიღეთ ენერგეტიკული ობიექტები ექსპლუატაციაში, გეგმაშია ასევე არაერთი პროექტის მიღება და შედეგად, ქვეყანას დამატებითი სიმძლავრეები შეემატება. მომავალი წელი კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს - ტენდენცია და ტრენდი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ზოგადად, ენერგეტიკულ პროექტზე გადაწყვეტილების მისაღებად ორი მნიშვნელოვანი ასპექტია გასათვალისწინებელი - ეკონომიკური და გარემოსდაცვითი.
„ჩვენ ეკონომიკურ ნაწილში შემოვიღეთ მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც კარგად მუშაობს და რეზონანსი არის დადებითი როგორც ინვესტორების, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ვფიქრობ, ვაჩვენეთ საერთაშორისო საზოგადოებას, მაღალი კონკურენციის პირობებში როგორ უნდა სახელმწიფოს მხარდაჭერის მექანიზმების ამოქმედება და სექტორის მხარდაჭერა. ახლა მეორე აუქციონს ვაცხადებთ და ამ პერიოდშიც ინტენსიური დიალოგი მიდის კერძო სექტორთან, რომ მათი შენიშვნები და მოსაზრებები მაქსიმალურად ავსახოთ და გავითვალისწინოთ ენერგეტიკული სექტორის პრიორიტეტები,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან ასპექტს, ვიცე-პრემიერის თქმით, ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის მიუხედავად, ყველა ენერგოპროექტი ვერ განხორციელდება სოციალური და გარემოსდაცვითი გარემოებების გათვალისწინებით - ეკონომიკური თვალსაზრისით პროექტის განხორციელება შეიძლება იყოს მიზანშეწონილი, მაგრამ არსებობდეს პრობლემა გარემოსდაცვითი ფაქტორების გამო.
ლევან დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა „კამარა ჰესთან“ დაკავშირებითაც, სადაც, მისი თქმით, ინვესტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დიალოგის პროცესი მიდის.
„იმ შემთხვევაში, თუ იქნება მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, რა თქმა უნდა, პროექტი განხორციელდება. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ინვესტორის პასუხისმგებლობა. ინვესტორმა, თავის დროზე, მიიღო გადაწყვეტილება, მიეღო მონაწილეობა კონკურსში, მიეღო ფასისმიერი მხარდაჭერა და შესაბამისად, ეკონომიკური მდგომარეობა გაიმყარა. როდესაც საუბარია მოსახლეობასთან ურთიერთობაზე, ასეთ დროს კომპლექსურად ბევრი საკითხი განიხილება - ეს არის სოციალური თემები, კომპენსაციისა და ეკონომიკური საკითხები და ა.შ. თუ ინვესტორი ფიქრობს, რომ მას ახალი პაკეტით შეუძლია მეტი შესთავაზოს მოსახლეობას და მიიღოს მხარდაჭერა, ამას მივესალმებით, თუმცა ჰესი აშენდება იმ შემთხვევაში, როდესაც შედგება კონსენსუსი. ეს შეეხება კონკრეტულად ამ შემთხვევას,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
„ჩვენ, ვფიქრობთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შედგა არაერთი კომუნიკაცია და მჭიდრო თანამშრომლობა განახლებადი ენერგიების ასოციაციასთან, კერძო სექტორთან, დონორებთან, ამ შემთხვევაში, USAID - თან, რომ თანმიმდევრული ყოფილიყო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, აგვეხსნა ენერგოდამოუკიდებლობის როლი, საკუთარი გენერაციის მნიშვნელობა. ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს, ზოგადი განწყობები რადიკალურად განსხვავებულია ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის, განახლებადი ენერგეტიკული პროექტების საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის კუთხით,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.