Logo
ლევან დავითაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 26-ე კონფერენციის (COP26) წინა შეხვედრას დაესწრო

ლევან დავითაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 26-ე კონფერენციის (COP26) წინა შეხვედრას დაესწრო

Published Date: 15/10/2021

გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 26-ე კონფერენციის (COP26) წინა შეხვედრა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, საქართველოში ბრიტანეთისა და იტალიის საელჩოების ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 26-ე კონფერენციის (COP26) ჩატარება ქალაქ გლაზგოშია (2021 წლის 31.10 -12.11) დაგეგმილი.

„მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა ელოდება კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების რიგით 26-ე შეხვედრას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან მკაფიოდ, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული დოკუმენტი. დოკუმენტის საერთაშორისო შეფასებისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელსაც გააჩნია მაღალი სტანდარტით მომზადებული, მთავრობის მიერ დამტკიცებული კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილება და გარემოს დაბინძურება დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ყოველდღიურობაზე, როგორც ეკონომიკის სხვადასხვა დარგზე და სოფლის მეურნეობაზე, ისე თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ღონისძიების მონაწილეებმა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში ქვეყნების ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს, ისაუბრეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისა და რისკების დასაძლევად საქართველოს მიდგომებზე.

ღონისძიებას იტალიის ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო, გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და შესაბამისი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.