Logo
ლევან დავითაშვილი: ჩვენი მიზანია საექსპორტო გაყიდვების წახალისება და გაზრდა, გვინდა კიდევ უფრო შევამციროთ დამოკიდებულება არსებულ, ტრადიციულ ბაზრებზე“

ლევან დავითაშვილი: ჩვენი მიზანია საექსპორტო გაყიდვების წახალისება და გაზრდა, გვინდა კიდევ უფრო შევამციროთ დამოკიდებულება არსებულ, ტრადიციულ ბაზრებზე“

Published Date: 07/09/2021

„დღეს, საქართველოს მთავრობამ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწვეტილება, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში და საექსპორტო გაყიდვების ზრდას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ახალ პროექტს ვაანონსებთ ზუსტად რთველის პირობებში. აღნიშნულ პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის დასაწყისიდან მიმდინარეობდა. პროექტის დიზაინი შეთანხმებულია ღვინის მწარმოებელთა ასოციაციასთან. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა მეწარმეებთან, სადაც კონკრეტული პირობები საბოლოოდ შევაჯამეთ. პროექტი ითვალისწინებს ე.წ. სავაჭრო მარკეტინგის „ტრეიმარკეტინგის“ ღონისძიებების დაფინანსებას, საგრანტო თანადაფინანსებას ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში ახორციელებს ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს. უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული ღვინის პოპულარიზაციის დაფინანსება. 2013 წლიდან, გასამმაგდა ბიუჯეტი და გახდა 3 მილიონი. დღეისთვის კი, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი, დაახლოებით 9-10 მლნ ლარია. პოპულარიზაციის ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს შერჩეულ სამიზნე ბაზრებზე. კვლევების შედეგად, შეირჩა კონკრეტული მიმართულებები, გვყავს არჩეული ყველაზე გამოცდილი და კომპეტენტური, ღვინის სფეროში წარმატებული მარკეტინგული კომპანიები, რომლებიც წლების განმავლობაში, მარკეტინგულ კომუნიკაციებს უზრუნველყოფენ, ასევე შერჩეული გვყავს კონკრეტული, გავლენიანი ღვინის კრიტიკოსები, ინფლუენსერები, ღვინის მაგისტრები, ღვინის მასტერ-სომელიეები, რომლებიც წლების განმავლობაში, ქართული ღვინის ზოგად პოპულარიზაციაზე ზრუნავენ. ეს ადამიანები უკვე კარგად გაცნობიერებულები არიან ქართული ღვინის სპეციფიკაში. გამომდინარე აქედან, შეიქმნა უამრავი მასალა, სხვადასხვა ენაზე, მიზნობრივი ბაზრებისთვის. მუდმივად ხდება ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციების გავრცელება სამიზნე ბაზრებზე, ისეთებზე როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, უკვე დაემატა ბალტიისპირეთის ქვეყნები, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ა.შ თუმცა, ჩვენ გვინდა, რომ ქართული ღვინო გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და ეს პირდაპირ აისახოს ქართული ღვინის კომპანიების წარმატებებში, რაც საბოლოოდ, რა თქმა უნდა, მთლიანად ინდუსტრიის, მათ შორის, ჩვენი მევენახე ფერმერების წარმატება იქნება. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს დადგა ეტაპი, როდესაც ქართული ღვინო ნიშური სეგმენტიდან ახალ ბაზრებზე უნდა გადავიდეს, რეალურად საყოველთაო ხელმისაწვდომ კატეგორიაში. ქართული ღვინო ხელმისაწვდომი უნდა იყოს ძირითად გაყიდვის არხებში, როგორიც არის ე.წ on trade, მომსახურება-ჰორეკა სექტორი და ქსელური მაღაზიები, რითეილი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კონკრეტული სავაჭრო მარკეტინგული ღონისძიებების დაფინანსება, რასაც ქართული ღვინის კომპანიები აკეთებენ, თუმცა არა საჭირო მასშტაბით, რადგან ამას სჭირდება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, საგრანტო თანადაფინანსება იმ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინო უკვე არის წარმოდგენილი, თუმცა ჯერ კიდევ არ გვაქვს მიღწეული იმ პოზიციებამდე, რასაც ჩვენ ვგეგმავთ. ქართულმა ღვინომ უნდა დაიმკვიდროს მნიშვნელოვანი ადგილი ღვინის ცნობილ მწარმოებელ თუ ექსპორტიორ ქვეყნებს შორის. ე.წ ახალი სამყაროს ქვეყნების ღვინო ხელმისაწვდომია ევროპის ყველა ქვეყნის ბაზარზე, ასევე ცნობილი ევროპული მწარმოებლების ღვინოები ხელმისაწვდომია, მათ შორის, აშშ-სა თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. სწორედ ასეთ კატეგორიაში უნდა გადავიდეს ქართული ღვინო.

დღეს, ქართული ღვინო იყიდება, დაახლოებით, 60 ქვეყანაში. 2019 წელს, 341-მა კომპანიამ განახორციელა ექსპორტი 53 ქვეყანაში. 2020 წელს, კომპანიების და საექსპორტო ქვეყნების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში, 376 კომპანია ახორციელებდა ექსპორტს. თუმცა, ჩვენ გვინდა, რომ ეს გაზრდილი რიცხვები, უკვე გაყიდვების რაოდენობებში აისახოს. დღეს, ჩვენ უკვე მივაღწიეთ 100 მლნ-იან ნიშნულს. 100 მლნ ბოთლი წელიწადში, ეს არის 2021 წლის საპროგნოზო მონაცემი. მაგრამ ჩვენ დავაანონსეთ, რომ 10 წლიანი გეგმის ფარგლებში, 2030 წლისთვის, ღვინის სექტორის საექსპორტო შემოსავლები უნდა იყოს 1 მლრდ დოლარი. ფაქტობრივად, უნდა გასამმაგდეს დღევანდელი შემოსავლები ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური პროდუქტებიდან.

მარკეტინგული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებას ყველა იმ ბაზარზე, სადაც ქართული ღვინო გავა, გარდა დსთ-სა და საქართველოსი. ბუნებრივია, საქართველოში ღვინის რეალიზაციას, ჩვენგან არ ჭირდება პოპულარიზაციაში ხელშეწყობა. ამას ახერხებენ როგორც მცირე, საშუალო და დიდი კომპანიები. ჩვენი მიზანია, საექსპორტო გაყიდვების წახალისება და გაზრდა, მათ შორის ახალ გეოგრაფიაში. ხშირად იყო დასმული საკითხი ბაზრების დივერსიფიცირებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ამ დივერსიფიცირებას იმიტომ, რომ შერჩეულ სამიზნე ბაზრებზე, ეს არის ახალი ბაზრები, სადაც სახელმწიფო ფულს ხარჯავდა, ქართული ღვინო იმკვიდრებს ადგილს. თუმცა, ჩვენ გვინდა ტემპი გავზარდოთ და კიდევ უფრო შევამციროთ დამოკიდებულება არსებულ, ტრადიციულ ბაზრებზე. შესაბამისად, მარკეტინგული ღონისძიებები არ დაფინანსდება დსთ-ს ქვეყნებში, მაგრამ დაფინანსდება ყველა დანარჩენ ქვეყანაში, სადაც ღვინის კომპანიები განახორციელებენ მარკეტინგულ ღონისძიებებს.

მარკეტინგული ღონისძიებების ბიუჯეტი, ერთი კომპანიისთვის, წლის განმავლობაში 600 000 ლარით განისაზღვრა. თუმცა, ეს არის საწყისი, საპილოტე ვერსია და შემდგომში შეიძლება კიდევ უფრო მეტი თანხები გამოყოს სახელმწიფომ, თუ დავინახავთ, რომ პროგრამა წარმატებით ხორციელდება. ამავე დროს, ეს პირდაპირ დაკავშირებულია გაყიდვების ზრდასთან. ჩვენ მივიღებთ შედარებას, კონკრეტულ საანგარიშო წელში, როდესაც მარკეტინგული ღონისძიებების დაფინანსება მოხდება, უნდა იყოს გაზრდილი გაყიდვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით და ზუსტად ეს ნაზარდი იქნება ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. ამ შემთხვევაში, შემზღუდველი დამატებითი ფაქტორი არის 2 ლარი, ერთ ბოთლ დამატებით გაყიდულ ღვინოზე, ეს არის ბიუჯეტი. მაგრამ გითხარით, რომ მთლიანი ბიუჯეტი ერთ კომპანიაზე არის დაახლოებით 600 ათასი ლარი მოაზრებული, რომელიც შეიძლება მომავალში გაიზარდოს. რეალურად, ჩვენ არ გვინდა, რომ ღვინის კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე თავიანთი მარკეტინგული აქტივობები ჩაანაცვლონ, შესაბამისად, პროგრამის კიდევ ერთ კრიტერიუმს გულისხმობს - მათ უნდა გაზარდონ არსებული მარკეტინგული ბიუჯეტი და ესეც, რა თქმა უნდა, აუდიტის მიერ დადასტურდება. კონკრეტულად, მიმდინარე საანგარიშო წლის მარკეტინგული ხარჯი, წინა წელთან შედარებით, უნდა იყოს გაზრდილი და ზუსტად ეს ნაზარდი ხდება ამ კონკრეტული ლიმიტებით დაფინანსებული ჩვენი მხრიდან.

დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამა იქნება პოპულარული, რადგან ის სახელმწიფომ კერძო სექტორთან შეთანხმებით შეიმუშავა. ჩვენ გვქონდა ბევრი შეხვედრა, დისკუსია, მოლაპარაკება ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან, ბევრი აზრი მოვისმინეთ და პოზიციები შევაჯერეთ. შესაბამისად, ეს არის ერთობლივი მუშაობის შედეგი და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კომპანიები ენთუზიაზმით ჩაერთვებიან ამ პროგრამაში. ჩვენ ვგეგმავთ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მიმართვას შემდეგი 3-4 წლის განმავლობაში, რათა რეალური შედეგები მივიღოთ და უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში, 5 წლის თავზე, ვფიქრობ, გარდატეხა მოხდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ზოგადად, საექსპორტო გაყიდვების წარმატების კუთხით“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.