Logo
ლაშა ხუციშვილი: 2021-2023 წლებში ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,3% შეადგინა

ლაშა ხუციშვილი: 2021-2023 წლებში ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,3% შეადგინა

Published Date: 04/12/2024

2021-2023 წლებში ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,3% შეადგინა, - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან დეპუტატებს მიულოცა საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრებად არჩევა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ისეთივე ნაყოფიერი იქნება მომდევნო წლებში, როგორც გასულ პერიოდში, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს განხორციელდეს ყველა ის რეფორმა და ინიციატივა, რომელიც ასახულია სამთავრობო პროგრამაში.

ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე, რაც ასახულია საქართველოს პარლამენტისათვის წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში.

ამასთან ერთად, ყურადღება გაამახვილა გასული ოთხი წლის მანძილზე დაფიქსირებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მისი თქმით, 2021-2023 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9,8% შეადგინა. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელთან შედარებით, 62%-ით გაიზარდა და 2023 წელს, 80 მილიარდ 882 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„დაგეგმილთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება 2024 წელსაც. განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 9,0%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 90 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შესაძლებელი გახადა უმოკლეს ვადებში განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და შედეგად, შემცირებულიყო მთავრობის ვალის მაჩვენებელი. კერძოდ, 2020 წელს პანდემიის შედეგად მშპ-ის 9,3%-მდე გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი, 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდა კანონით განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელს, ხოლო 2023 წლიდან მისი მაჩვენებელი მშპ-ის 2,5%-ის დონეზეა. მთავრობის ვალის მოცულობა 2020 წლის 60 პროცენტიანი ნიშნულიდან 2022 წელს ჩამოვიდა უსაფრთხო, მშპ-ის 40%-იან მაჩვენებელზე დაბლა და მას შემდგომ გრძელდება მისი შემცირების დინამიკა“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან განაცხადა, მსგავსი ფისკალური კონსოლიდაციის მიუხედავად, 2021 წელთან შედარებით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა გაიზარდა 7 მილიარდ ლარზე მეტით, ხოლო უკვე პარლამენტში წარმოდგენილი საბიუჯეტო ცვლილებებით დამატებით იზრდება 1 მილიარდ ლარზე მეტით.