Logo
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დისტრიბუციისა და რითეილ სექტორში განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დისტრიბუციისა და რითეილ სექტორში განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

Published Date: 15/01/2024

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში კონცენტრაცია გამოვლინდა, რომელიც სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარებოდა.

საკითხი ეხებოდა -  2023 წლის 28 სექტემბერს, შპს „შარმ ტრეიდინგი“-სა და ფ/პ იოსებ თათარაშვილის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოს - შპს „ეს ეიჩ კავკასიას“. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის  შესაბამის ეკონომიკურ აგენტს  ჯარიმა დაეკისრა.

სააგენტოს შეფასებით ფ/პ იოსებ თათარაშვილს აქვს კონტროლი შპს „სუფთა სახლზე“.  შესაბამისად, განხორციელებული კონცენტრაციის შესწავლის მიზნით, კონკურენტული გარემოს შეფასების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა შპს „შარმ ტრეიდინგის“ და შპს „სუფთა სახლის“ ეკონომიკური საქმიანობის გავლენა ბაზარზე.

სააგენტომ შეაფასა შესაბამისი ბაზარი როგორც იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო მიწოდების დონეზე. რის შედეგადაც გამოიკვეთა შემდეგი: ბაზრის იმპორტის დონის მოცულობა შეადგენს 1 204 837 208 ლარს, კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=192.9 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ - ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=194.6. შედეგად, კონცენტრაციის ინდექსის ცვლილება ΔHHI=1.70. რაც შეეხება  საბითუმო და ასევე საცალო მიწოდების დონეს, ამ შემთხვევაშიც ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და  ინდექსი შეადგენს HHI = 458 და HHI = 648 ერთეულს.

აღნიშული მონაცემების გათვალისწინებით სააგენტომ განიხილა ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განხორცილებული კონცენტრაცია და მისი თავსებადობა კონკურენტულ გარემოსთან, რის შედეგადაც, კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან დასაშვებად იქნა ცნობილი.

2023 წელს, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 9 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

ინფორმაციისთის: სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება  - 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს.