Logo
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 4 მოვაჭრეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევა დაუდგინა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 4 მოვაჭრეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევა დაუდგინა

Published Date: 15/05/2024

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2024 წლის მაისის  თვეში, შპს „სანლაინს“,  შპს “სატურნის“ (ონლაინ მაღაზია - „VELI.store“), შპს „ინექს გრუპის“ და შპს „დილსის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად  მოვაჭრეების მხრიდან დადასტურდა: მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების და მოქმედებით და უმოქმედობით გამოხატული შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციული საქმიანობის შემთხვევები.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინონ და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამონ.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

ინფორმაციისთვის:  2024 წლის იანვარი - აპრილის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 50 საქმეზე - 46 შეთანხმება გაფორმდა.სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 14 მოვაჭრეს 19 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა ჯამში 11 300 ლარი.