საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სამშენებლო და სარემონტო მასალებით ვაჭრობის სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, კომპანია „მოდუსის“ მიმართ საქმის შესწავლა დაასრულა და დარღვევის ფაქტი დაადგინა.
საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად მოვაჭრის მხრიდან დადასტურდა - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა:
- 1 თვის ვადაში, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა;
- სავაჭრო ობიექტებსა და ვებგვერდზე www.modus.ge ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს მომხმარებლებს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია. მათ შორის, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ;
- შეიმუშავოს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი;
- მკაფიოდ ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი საგარანტიო პირობები.
ინფორმაციისთვის: ინფორმაციისთვის: მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით, სააგენტოში 360 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 209 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 10 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 100 საქმეზე - 64 შეთანხმება გააფორმა. ამ დროისთვის, 52 საქმეზე გაფორმებულ 32 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 20 დარღვევის ფაქტი - 34 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 4 მოვაჭრეს, 15 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა.