საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, ტექნიკით ვაჭრობის სექტორში, კომპანია ,,ეი ბი სი ტელეკომ ჯი“-სთან (მაღაზია - Kontact Home) პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. საკითხი ეხებოდა მოქალაქე ნუგზარ ნოზაძის განცხადებას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.
კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება შემდეგი ღონისძიებები განახორციელოს:
- შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა, შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს და აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები რომელთაც სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგათ;
- კანონით განსაზღვრული ინფორმაცია მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს;
- მომხმარებლის ინფორმირებისათვის საჭირო ინფორმაცია განათავსოს ვებგვერდზე www.kontakt.ge და კომპანიის სხვა ნებისმიერ ონლაინ პლატფორმაზე;
- უზრუნველყოს სარეალიზაციო მაღაზიაში და ვებგვერდზე განთავსებულ საქონელსა და მომსახურებაზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;
- მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები და საქონლის უკან დაბრუნების პოლიტიკა, რომელსაც ხელშეკრულების დადებამდე, სათანადო ფორმით გააცნობს მომხმარებლებს.
გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია განხორციელებული ქმედებების შესახებ, 1 (ერთი) თვის ვადაში, სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს.
ინფორმაციისთვის: 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის აპრილის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 213 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 135 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 6 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 59 საქმეზე - 35 შეთანხმება გააფორმა. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი - 22 საქმეზე, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.