Logo
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის გამოთვლის წესი დაამტკიცა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის გამოთვლის წესი დაამტკიცა

Published Date: 10/09/2023

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაში, მოვაჭრისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესი დაამტკიცა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პოზიციით, ჯარიმის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მოვაჭრის ეკონომიკურ, ფინანსურ შესაძლებლობებს და დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ მოვაჭრის კომერციულ საქმიანობას საფრთხე არ უნდა შეუქმნას. კერძოდ, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება: დარღვევის მასშტაბი, ხასიათი, სიმძიმე, ხანგრძლივობა და სხვა გარემოებები.

ინფორმაციისთვის: სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. ამასთანავე, 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. მოვაჭრე ვალდებულია ჯარიმა მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში გადაიხადოს.  12  თვის  განმავლობაში  დარღვევის განმეორების  შემთხვევაში,  მოვაჭრეს  დაეკისრება ჯარიმა ორმაგი ოდენობით. ჯარიმის  დაკისრება  მოვაჭრეს  სააგენტოს  გადაწყვეტილების  შესრულების ვალდებულებისგან არ  ათავისუფლებს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოვაჭრისთვის დასაკისრებელი ჯარიმის გამოთვლის სახელმძღვანელოს  მიზანია, მხარეთა ინტერესების შესაბამისად,  ხელი შეუწყოს ჯარიმის ოდენობის ობიექტურად განსაზღვრას. ჯარიმის ოდენობის გამოთვლის პროცესის გამჭვირვალობას და ობიექტურობას.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა. მისი აღსრულება კი 2022 წლის 1 ნოემბერს დაიწყო. კანონის დროული და ეფექტიანი აღსრულების მიზნით, 2023 წლის ივლისის თვეში,  ცვლილებები შევიდა.  მათ შორის, მოვაჭრისათვის ჯარიმის დაკისრების მიმართულებით. მიღებული ცვლილებები შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ.