Logo
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, „VESTEL“-თან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, „VESTEL“-თან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

Published Date: 14/08/2023

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, მოვაჭრე „VESTEL“-თან პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.

სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, VESTEL-ს დაევალა:

  •            შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს;
  •            მომხმარებლებს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია, რომელიც უნდა განათავსოს როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.vestel.ge;
  •            ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები;
  •            აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც სავარაუდოდ, კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად უფლებები დაერღვათ.

შეთანხმების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია 3 (სამი) თვის ვადაში სააგენტოს ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 317 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 9 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 93 საქმეზე - 56 შეთანხმება გააფორმა. 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი - 32 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 3 მოვაჭრეს, 12 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა.