მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 360 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 209 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.
10 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 100 საქმეზე - 64 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 52 საქმეზე გაფორმებულ 32 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.
ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 20 დარღვევის ფაქტი - 34 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 4 მოვაჭრეს, 15 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა.
მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 66% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 34% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 85%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 7% და იმერეთი 4%.
მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე დაფიქსირდა 114, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე 113, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 26, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 21, ქართულ ენაზე ინფორმაციის მიწოდება 15, ხოლო სხვა დანარჩენი 71.
საანგარიშო პერიოდში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 72%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 13%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 11%-ია.
ინფორმაციისთვის: ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში, უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, ხოლო 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი: 598 05 4422 და ელ-ფოსტა: consumer@gnca.gov.ge