Logo
კონკურენციის ეროვნული სააგენტო სტუდენტების დასაქმების მიზნით საუნივერსიტეტო შეხვედრებს აგრძელებს

კონკურენციის ეროვნული სააგენტო სტუდენტების დასაქმების მიზნით საუნივერსიტეტო შეხვედრებს აგრძელებს

Published Date: 24/02/2023

მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმებისა და კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების საკითხებზე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ირაკლი ბრაჭული სტუდენტებს შეხვდნენ.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, რომელიც 13-17 მარტს საქართველოში პირველად 6 მარეგულირებელი უწყების ერთობლივი ორგანიზებით იმართება, კონკურენციის ეროვნული სააგენტო სტუდენტების დასაქმების მიზნით, საუნივერსიტეტო პროექტს ახორციელებს.  პროგრამის ფარგლებში შეხვედრები  სეუ-ს და თსუ-ს სტუდენტებთან უკვე შედგა. 10 მარტის ჩათვლით, დღის წესრიგის შესაბამისად, სხვადასხვა უნივერსიტეტებში შეხვედრები უკვე ჩანიშნულია. დღეს გამართული საჯარო ლექციის და გაფორმებული მემორანდუმის მიზანს სწორედ სტუდენტების ხელშეწყობა, კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ ცნობიერების გაძლიერება და  ჩვენი უწყების საქმიანობაში მომავალი თაობის აქტიური ჩართულობა წარმოადგენს“, - განაცხადა შეხვედრაზე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.

SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული მიესალმა დამსწრე საზოგადოებას. მან აღნიშნა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფოებრივი როლი. ასევე ხაზი გაუსვა სტუდენტების ცნობიერების ამაღლების საკითხს და ისაუბრა მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობასა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ბრაჭულმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ღონისძიებაზე - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო მომცელიძემ და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლანა გელაშვილმა პრეზენტაციები წარადგინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელსაც, ძირითად, სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები ესწრებოდნენ.

ინფორმაციისთვის: სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, 2023 წლის 10 თებერვლიდან - 10 მარტის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე: consumer@gnca.gov.ge განაცხადი უნდა წარმოადგინონ. საკონკურსო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://admin.competition.ge/uploads/3f5ca1bdced64f7db5d35cba05c22d44.pdf