Logo

ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023, 8 ქართული კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი

Published Date: 11/09/2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. რიგაში საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023, 8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.

პროდუქცია წარმოდგენილი ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს: შპს აი ჯი აგრო, შპს ხილარი, შპს ქართული ღვინის მარანი, შპს ძმები ხუციშვილები, შპს აუგუსტის ხილის ქარხანა, შპს ჯიმა ნუთს, შპს ქართული ლიმონათი და ი/მ გოჩა ოთარაშვილი. აღნიშნული მწარმოებლების მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თხილი, ღვინო, ნატურალური წვენი, ლიმონათი, ტყემალი, სუნელები, თაფლი და ალკოჰოლური სასმელები.

კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს მიერ გამოფენებში ქართველი მწარმოებლების მონაწილეობის მიღების ორგანიზება და მრავალმხრივი მხარდაჭერა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაზრების დივერსიფიცირებისა და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.

ქართულ სტენდს ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი დიძის სმიტი სტუმრობდნენ.

გამოფენას RIGA FOOD 2023, 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 25 ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა. RIGA FOOD 2023 7 სექტემბერს გაიხსნა და 9 სექტემბერს დასრულდა.