საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის კვირეული ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ევრაზიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროების გამოწვევებს და მათი გადაჭრის საკითხებს მიეძღვნა.
თავის სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს უნიკალური მდებარეობა შუა დერეფანს როგორც რეგიონულ ლოგისტიკურ და სატრანზიტო ჰაბს, მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. მისი თქმით, ბოლო დროს შუა დერეფანი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სატრანსპორტო მარშრუტებს შორის. მაგალითად, 2022 წელს საგზაო, რკინიგზისა და ავიაციის გზით გადაზიდული ტვირთის რაოდენობა თითქმის 19%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს.
მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა მასშტაბურ პროექტებზე, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდიან საქართველოსა და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას. მათ შორის, ირაკლი ნადარეიშვილმა დაასახელა ანაკლიის ღრმა ზღვის პორტის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის პორტის მინიმალური სიმძლავრე 650,000 TEU იყოს. მისი თქმით, პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს საზღვაო შესაძლებლობებს. მინისტრის მოადგილემ ასევე დაასახელა აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის, რკინიგზის მოდერნიზაციის, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის, აგრეთვე შავი ზღვის წყალქვეშ პროექტები.
შუა დერეფნის პოტენციალის განხილვისას, მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით გაწეულ საქმიანობაზე. მათ შორის, აზერბაიჯანსა და ყაზახეთთან ერთად ერთიანი სარკინიგზო ოპერატორის შექმნის საკითხზე, საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი რეგულარული საბორნე მიმოსვლაზე და სხვ. „ჩვენ ინტენსიურად განვიხილავთ ციფრულ ინტეგრაციას, რადგან ის ქმნის ინოვაციურ გზებს თანამშრომლობისთვის - ციფრული პლატფორმები მოქნილს ხდის პროცესებს, საშუალებას აძლევს რეალურ დროში თვალყურის დევნებას, უფრო მარტივ განბაჟებას და ეფექტურ ლოგისტიკას, რაც ვაჭრობას უფრო ხელმისაწვდომს ხდის,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
„ჩვენ მტკიცე სურვილი გვაქვს, რომ შუა დერეფანი ვაქციოთ ეფექტურ ალტერნატიულ მარშრუტად და გვჯერა, რომ მჭიდრო თანამშრომლობით, ეს მიზანი უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.