Logo
ირაკლი ნადარეიშვილი - ქართულ ბიზნესს, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეებს, უნდა გაუჩნდეთ მეტი წვდომა ალტერნატიულ დაფინანსებასა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე

ირაკლი ნადარეიშვილი - ქართულ ბიზნესს, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეებს, უნდა გაუჩნდეთ მეტი წვდომა ალტერნატიულ დაფინანსებასა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე

Published Date: 10/12/2023

„კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სამუშაო შესრულდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ეროვნულ ბანკთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ჩვენ შევქმენით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა. ამ ეტაპზე ე.წ. იმპლემენტაციის ფაზის ეტაპზე გადავდივართ, როდესაც ბაზარზე კონკრეტული ინსტრუმენტები უნდა გაჩნდეს და ქართულ ბიზნესს, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეებს, გაუჩნდეს მეტი წვდომა ალტერნატიულ დაფინანსებასა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ინოვაციების პროგრამის ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მიშელ კოშიელსკი. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, USAID - ი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური განვითარების რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. მისი თქმით, სააგენტოს ახალი პროგრამა დაეხმარება საქართველოს მთავრობას და კერძო სექტორს იმ ახალი მიმართულებების განვითარებაში, რაც გათვალისწინებულია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების სტარატეგიით. 

USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ორგანიზებით, თბილისში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომლის მუშაობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკის, საჯარო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების 150-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა ხუთწლიანი პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი $18.9 მილიონი აშშ დოლარია.