Logo
ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქმიანობის ანგარიში წარადგინა

Published Date: 06/06/2024

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

 „2023 წელი ჩვენი უწყებისთვის, როგორც კონკურენციის, ასევე მომხმარებლის უფლებების დაცვის და ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო. გაძლიერდა აღსრულების პოლიტიკა, გაზრდილია მომართვიანობა, შეიცვალა სააგენტოს სახელწოდება, რომელიც ზუსტად ასახავს სააგენტოს მისიას და მის ძირითად ამოცანებს.

2023 წელს დასრულდა 8  საქმის მოკვლევა. მოკვლევებიდან მნიშვნელოვანი იყო ფარმაციის, საწვავის და ბილეთების ონლაინ ბაზარზე დადასტურებული შეთანხმებული ქმედებები. ორი საქმე სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ იქნა წარმოებული და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. ამ დროისათვის, 3 საქმის მოკვლევა მიმდინარეობს, მათ შორის, ფარმაციის ბაზრის მიმართულებით. 2023 წელს, დამრღვევი კომპანიების მიმართ დაკისრებულმა ჯარიმამ 59 მლნ. ლარამდე შეადგინა.

დასრულდა თხევადი/ბუნებრივი აირის ბაზრის და საბანკო პროდუქტების დაზღვევის ბაზრის მონიტორინგები, რომლის ფარგლებში 6 რეკომენდაცია იქნა გაცემული ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით. წარმატებით მიმდინარეობს ფარმაციის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში გაცემული 13 რეკომენდაციის დანერგვის პროცესი და მისი გავლენა ფასებზე ხელშესახებია.

საანგარიშო პერიოდში, 9 კონცენტრაციაზე  გაიცა თანხმობა - საცალო ვაჭრობის, სამშენებლო, საწვავის, სამედიცინო, მძიმე მეტალებით ვაჭრობის და აგროინდუსტრიის მიმართულებით, საიდანაც 4 სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელდა. ჯამში, სააგენტოს მიერ 2023 წელს 40 ათასამდე საქართველოში რეგისტრირებული კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული’’.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით საკმაოდ აქტიური იყო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულება. 2023 წელს, მიღებული იქნა 500-ზე მეტი განაცხადი, გაფორმდა 98 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება, დარღვევა დადასტურდა 54 შემთხვევაში, ხოლო 6 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.  მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად, დადგინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სტანდარტი. სააგენტოს ჩართულობით მომხმარებლებმა   500 000 ლარამდე პირდაპირი სარგებელი მიიღეს.

ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ანტიდემპინგის მიმართულებით დაასრულა ერთი საქმე, რომელიც შეეხებოდა სომხეთიდან იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტების სავარაუდო დემპინგური ფასის შესახებ გადაწყვეტილებას. განხორციელდა სამშენებლო ცემენტის ადგილობრივი ინდუსტრიის სექტორული მონიტორინგი.

მიმდინარე წელს, სააგენტო 3 მოკვლევის საქმეს და 5 ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს, მოხდა 7 კონცენტრაციის შეფასება, განხილულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შემოსული 300 ზე მეტი განაცხადი.